ბინის კიდევ ერთ მფლობელს ვუთხარი, რომ საცხოვრებლის პოვნაში ირანელ მეგობარს ვეხმარებოდი. მაშინვე დამიზუსტა, რომ "ირანელები არ უნდა". მიზეზებს ვერც ის მიხსნის, "უბრალოდ არ უნდა".
უცხოელებზე თუ აქირავებთ ბინას? - ამ კითხვით თბილისში ბინის 10 მეპატრონეს დავურეკე. 6 მათგანი ინდოელებზე, ირანელებსა და არაბებზე, მიქირავების წინააღმდეგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ განცხადების მიხედვით, მათ ნაწილს გაქირავება ეჩქარებოდა. ერთმა ქალმა ისიც კი მითხრა, რომ ეგვიპტელზე ბინას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქირავებდა, თუ მისი მდგმური ქალი იქნებოდა.
საქართველოში მცხოვრები უცხოელები რადიო თავისუფლებასთან ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ წააწყდნენ დისკრიმინაციას ბინის ქირაობის პროცესში.
მოსტაფა მაჰდი: "მითხრა, ბინის მეპატრონეს ფერადკანიანებთან პრობლემები აქვსო"
"ეს მორალურად განგრევს, მტკივნეულია, ჩამორჩენილობაა, არაცივილურია. არ ვიცი, როგორ აღვწერო. რამდენიმე ინდოელმა მეგობარმა მითხრა, რომ მე კიდევ იღბლიანი ვარ, რადგან მათ ჩემზე უარესი გამოცდილება ჰქონდათ. როცა მეპატრონე ინდოელს ხედავს, ბინის სანახავადაც კი არ უშვებს. როცა ასეთ დამოკიდებულებას აწყდები, უძლური ხარ, ხედავ ამ ყველაფერს და შიგნიდან კვდები", - ამბობს 21 წლის მოსტაფა მაჰდი ეგვიპტიდან.
მოსტაფა ახლა თბილისის ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მე-4 კურსის სტუდენტია, სასწავლებლად საქართველოში 2018 წელს ჩამოვიდა და უცხო ქალაქში ბინის ძებნა myhome.ge-ზე სცადა. ონლაინკავშირზე მასთან ბინის მეპატრონის აგენტი გამოვიდა.
მეპატრონეს ფერადკანიანებთან პრობლემები აქვსო, ვუთხარი, რომ ეს რასიზმია. ბოდიში, მაგრამ ბინის მფლობელი მე არ ვარ და ვერაფერს გავაწყობომოსტაფა მაჰდი
"მივწერე აგენტს, რომ ბინის მეპატრონის ნომერი მოეცა, კარგიო, მითხრა. სანამ შევხვდებოდი, მითხრა, რომ მეპატრონეს აინტერესებდა, საიდან ვიყავი. ეგვიპტელი ვარ-მეთქი, მაგრამ ეგვიპტეში არ ვცხოვრობ. აგენტმა მაშინვე სხვა ბინა შემომთავაზა. ვუთხარი, რომ ის ბინა მინდოდა, რომელიც შევარჩიე. თანაც, უკვე ავტობუსში ვზივარ და მოვდივარ-მეთქი. მაშინ მითხრა, მეპატრონეს ფერადკანიანებთან პრობლემები აქვსო, ვუთხარი, რომ ეს რასიზმია. ბოდიში, მაგრამ ბინის მფლობელი მე არ ვარ და ვერაფერს გავაწყობო", - ჰყვება მოსტაფა.
მოსტაფა მაჰდიმ დახმარება მეგობარ ადვოკატს სთხოვა. საკუთარი უფლებების დაცვა უნდოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევის სასამართლოში გასაჩივრება 6 თვიდან 1 წლამდე წაიღებდა, გარდა ამისა, ფინანსური ხარჯებიც ექნებოდა, თუნდაც ადვოკატის ჰონორარი და მიხვდა, რომ არ უღირდა ამ საქმის წამოწყება.
მოსტაფა 10-მდე მეპატრონეს ან აგენტს პირადად ესაუბრა, აქედან 6 შემთხვევაში ყურმილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაუკიდეს. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იგი ახლა დიღომში, ერთოთახიან ბინას 250 დოლარად ქირაობს.
უხეში დამოკიდებულების გამო ბინა ორჯერ შეიცვალა. პირველ ბინაში ელემენტარული ნივთები არ ჰქონდა. მაგალითად, სარკე. ბინის მეპატრონე კი ყიდვას მას სთხოვდა. სახლში არც ინტერნეტი იყო.
"წყალი გაჟონავდა ან რამე, მეუბნებოდნენ, შენი პრობლემაა, შენით მოაგვარეო. ასეთი პრობლემა ძალიან ბევრი იყო. ზამთარში 2-3 დღე ცხელი წყალის გარეშე დავრჩი, არადა, ლექცია მქონდა, შხაპის გარეშე როგორ წავსულიყავი. ამ დროს ქირაში 280 დოლარს ვიხდიდი ყოველთვე და მაშინ ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, რომ ეს ძალიან დიდი თანხა იყო", - ამბობს სტუდენტი.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ისტიტუტს (TDI) ბოლო წლების განმავლობაში 10-მდე უცხოელმა მიმართა, ვინც ბინების ქირაობის დროს დისკრიმინაციას წააწყდა. ისინი უმეტესად აზიის ქვეყნებიდან იყვნენ, არცერთი - ევროპელი ან აშშ-ის მოქალაქე.
სასამართლოში სარჩელის შეტანას აზრი აქვს, კანონმდებლობა იძლევა როგორც დაზარალებულის უფლებრივ რეაბილიტაციას, ასევე ზიანის ანაზღაურებას, თუმცა ამ გზას დაზარალებულები არ ირჩევენ.
"ვინც მოგვმართა, შევთავაზეთ სამართლებრივი დახმარება, მაგრამ არ გაყვნენ ამ მიმართულებას, რთული პროცედურაა და ხარჯიანი", - ამბობს TDI-ის იურისტი ანზორ ხატიაშვილი.
ბენ ვალია: "უცხოელიაო? მაშინ არა, მხოლოდ ქართველებზე ვაქირავებ"
ბენ ვალია ირანელია. 2017 წელს რელიგია შეიცვალა, ქრისტიანად მოინათლა და ირანში აღარ დაედგომებოდა. რადგან სამშობლოში ცხოვრება მისთვის უსაფრთხო აღარ იყო, საქართველოში ჩამოვიდა და თავშესაფარი ითხოვა. დღეს მას უკვე ლტოლვილის სტატუსი აქვს.
ბენი თბილისში ბინას თითქმის ერთი თვე ეძებდა. საბოლოოდ სახლის ქირაობაში მასაც ქართველი მეგობარი დაეხმარა.
"სანამ იმ ბინას ვიპოვიდი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ძალიან ბევრგან დავრეკე… აგენტს ეკითხებოდნენ - უცხოელია? მაშინ არა, არა, მხოლოდ ქართველებზე ვაქირავებთო. ერთხელ, ეგონათ, რომ ტელეფონი გათიშული იყო და მესმოდა, როგორ საშინლად იწყევლებოდა [ბინის მეპატრონე]", - გვეუბნება ის.
ბენის თქმით, შეიძლება მეპატრონე ბინას ლარებში აქირავებდეს, მაგრამ როცა იგებს, რომ სახლს უცხოელი ეძებს, საფასურს დოლარებში ითხოვს და აძვირებს.
"საქართველოში თავს უცხოდ არ ვგრძნობ და ეს მომწონს, მაგრამ ბოლო წლებში უცხოელებისთვის აქ ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება. ჩემი აზრით, ეს არ ხდება კოვიდის გამო, უფრო სიდუხჭირის და ქვეყნის ხელისუფლების მიზეზით. როცა მშობელი ხარ და შენი შვილი რაღაცას აშავებს, ზომები უნდა მიიღო. მაგრამ როცა შენთვის სულერთია, შენი შვილი როგორც მოესურვება, ისე მოიქცევა", - ამბობს ბენი.
საქართველოში თავს უცხოდ არ ვგრძნობ და ეს მომწონს, მაგრამ ბოლო წლებში უცხოელებისთვის აქ ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება.ბენ ვალია
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტუტუტის იურისტს, ანზორ ხატიაშვილს არ ახსენდება ერთი შემთხვევაც კი, როდესაც საჯარო პირებმა, პოლიტიკოსებმა, სახელმწიფო მოხელეებმა დაგმეს დისკრიმინაცია, რომელსაც საქართველოში ჩამოსული მიგრანტები აწყდებიან.
"სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში ან დუმს, ან ახალისებს დისკრიმინაციას", - აღნიშნავს ხატიაშვილი.
ნილ ჩავდა: "ჩემმა მეგობარმა მითხრა, თუ ბინის ნახვა გინდა, თქვი, დუბაიდან ვარო"
ნილ ჩავდა მეოთხე კურსის სტუდენტია. მუსტაფას მსგავსად, ისიც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. საქართველოში სასწავლებლად 2018 წელს ჩამოვიდა, მეგობრის რჩევით, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტი აქ დაამთავრა. იხსენებს, რომ შოკირებული დარჩა, როცა აგენტმა უთხრა, ბინას მასზე მხოლოდ იმიტომ არ აქირავებდნენ, რომ ინდოელი იყო.
"არ ველოდი, რომ მეპატრონეები უარს მეტყოდნენ ბინის ქირაობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ინდოელი ვარ. ბინა სამჯერ გამოვიცვალე ორი წლის განმავლობაში და ამ პერიოდში, მახსოვს, იყო 2 ან 3 მეპატრონე, რომელსაც ინდოელზე გაქირავება არ უნდოდა. ჩემმა მეგობარმა, რომელიც აგენტი იყო, მითხრა, თუ ბინის დათვალიერება გინდა, თქვი, ვითომ დუბაიდან ხარო", - იხსენებს ნილი და იმასაც ამატებს, რომ კაცებისთვის ბინის ქირაობა კიდევ უფრო ძნელია, ვიდრე ქალებისთვის.
მას ახლა ბინა მირიან მეფის ქუჩაზე 250 დოლარად აქვს ნაქირავები. რადიო თავისუფლების გმირები ამბობენ, რომ აზიელი სტუდენტების უმრავლესობისთვის ბინის ქირაობა ქალაქის ცენტრში თითქმის შეუძლებელია.
"[ბინის ქართველ მეპატრონეებს] წინასწარ შექმნილი შთაბეჭდილება აქვთ არასწორი. ეს ცალსახად სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, რომელსაც რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციამდე მივყავართ, რასაც შეიძლება ქსენოფობიაც ვუწოდოთ", - ამბობს ანზორ ხატიაშვილი.
საქართველოში, ძირითადად თბილისში, უცხოელი სტუდენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2019-2020 სასწავლო წლებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და პროფესიული პროგრამის საფეხურზე 13 327 უცხოელი სწავლობდა, 2020-2021 სასწავლო წლებში კი სტუდენტთა რიცხვი თითქმის 15 ათასამდე გაიზარდა.
უცხოელები სწავლაშიც ადგილობრივებისგან განსხვავებით თითქმის 7-ჯერ ძვირს იხდიან. მაგალითად, მოსტაფასა და ნილისთვის სწავლის საფასური წლიურად 5 000 დოლარს (₾15 000) შეადგენს, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა საშუალოდ 2 250 ლარი ღირს.
ნილი, ერთი მხრივ, დისკრიმინაციაზე საუბრობს, თუმცა, მეორე მხრივ, იმასაც აღნიშნავს, რომ არასდროს შეჩეხებია დამამცირებელ მოპყრობას უნივერსიტეტში.
ჰყვება, რომ, როგორც წესი, მისთვის ტაქსით მგზავრობა კომფორტულია: "მძღოლები, როცა იგებენ საიდან ვარ, ჩვენი მსახიობების სიმღერების მღერას იწყებენ", მაგრამ ნილიც, მოსტაფაც და ბენიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავს კომფორტულად არ გრძნობენ. მოსტაფა მაჰდიმ გვითხრა, რომ ის ორჯერ ჩააგდეს ავტობუსიდან, რადგან კონტროლიორმა იფიქრა, რომ მგზავრობის საფასურს არ იხდიდა.
როცა ავტობუსში ავდივარ, კონტროლიორს პირდაპირ თვალებში ვუყურებ, იცოდეს, რომ ვიხდიმოსტაფა მაჰდი
"ჩემი მეორე კვირა იყო საქართველოში და არ ვიცოდი რა მექნა. მეორე შემთხვევაში კი, ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო, მგზავრი გამომესარჩლა და დამიცვა. მაგრამ არ მინდა, რომ ჩემ გამო ვინმე ვინმეს ეჩხუბოს, არ მინდა პრობლემის გამომწვევი ვიყო. ამიტომ, როცა ავტობუსში ავდივარ, კონტროლიორს პირდაპირ თვალებში ვუყურებ, იცოდეს, რომ ვიხდი", - გვეუბნება მოსტაფა.
საქართველოში ცხოვრებამ მათ ისიც ასწავლა, რომ უცხოელებისთვის ყველაფერს უფრო მაღალი ფასი აქვს, ამიტომ, მაგალითად, სანამ მუსტაფა ბაზარში წავა, ფასებს წინასწარ იგებს: "ეს მინდა ამ და ამ ფასად. თუ არ მომცემთ, უბრალოდ გავივლი".
სამივე უცხოელი ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, საქართველო უყვართ და აქ ცხოვრება მოსწონთ. მათი საუკეთესო მეგობრებიც ხშირად ქართველები არიან.
ბინადრობის მოწმობის გაცემა და თავშესაფრის მინიჭება უცხოელებისთვის ხშირ შემთხვევაში ისევ ხელოვნურ ბიუროკრატიულ სირთულეებს უკავშირდება.
"სახელმწიფო იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივებს იმისთვის, რომ უარი უთხრას არასასურველი ქვეყნებიდან შემოდინებულ ნაკადს და ეს უარი ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად შექმნილია. პრაქტიკულად, უარების 94% სახელმწიფო უსაფრთხოებით არის მოტივირებული, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ეჭვებს და განსაკუთრებულ ვარაუდს აჩენს, რომ ამის გამოყენება ხელოვნურად ხდება", - ამბობს TDI-ის ადვოკატი.
ბოლო ორი წლის კვლევა აჩვენებს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება. ერთი მხრივ, არ იცვლება მიგრანტების პრობლემები, მეორე მხრივ კი, არ იცვლება სახელმწიფოს მიდგომა.
რედაქტორი: ნინო ჯაფიაშვილი