საოკუპაციო თხრილები ჯარიაშენში

თხრილები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის სასაფლაოს სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტრაქტორებით გამოჩნდნენ. ორი დღის განმავლობაში ისინი თხრილებს აკეთებდნენ.

ჯარიაშენელებს ამ ტერიტორიაზე ხეხილის ბაღები და საძოვრები აქვთ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კი აქ 2015-16 წლებში გააქტიურდნენ, როცა ადგილობრივების ბაღები გაჩეხეს და იქ ხნულები გაავლეს, მაშინ ამ ხნულებს ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულება მისცეს. იმ პერიოდში ჯარიაშენელებმა 40 ჰექტარამდე მიწა დაკარგეს. ახალი თხრილი, ყოფილი ხნულიდან დაახლოებით 20 მეტრით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოწიეს, ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. სოფლის მცხოვრები ზურაბ ჩიტიშვილი ამბობს, რომ მანამდე ხნულთან საქონელი უპრობლემოდ მიჰყავდა, ახლა კი ახალი თხრილი სოფლის სიღრმეშია შემოწეული. მისი თქმით, ამ ფართობზე გასვლა უკვე საშიშია.

ჯარიაშენელები აცხადებენ,რომ სასაფლაოსთან მიახლოებაც საშიშია, რადგან ახალი თხრილი დაახლოებით 50-60 მეტრით არის დაშორებული და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ტერიტორიაზე უპრობლემოდ შედიან. მათი თქმით, ამ ადგილებში მოქალაქეების დაკავების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდნენ მეჯვრისხევი-კირბალის მიმართულებითაც, სადაც ახალი ტერიტორიები მონიშნეს და ხეებსა და ბუჩქებზე თეთრი ლენტები ჩამოკიდეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დღეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს და საოკუპაციო ძალა უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებს. ბოლო სამ დღეში განვითარებულ მოვლენებს სუს-ი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც წერია:

გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.
სუსი

„მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება.

კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ასევე ნახეთ სუსი საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ძალების დესტრუქციულ მოქმედებებს ეხმაურება

ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას.
სუსი

ასევე, გვსურს განვმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ ჯარიაშენში, 28 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ჩავიდა, ევროპელმა დამკვირვებლებმა ადგილზე ნახეს ის თხრილები, რომლებიც ჯარიაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა გათხრილი.