საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ამის საფუძველი გახდა, "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა.
ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მცდელობა არ დაუკლიათ, რომ რეზოლუციის ტექსტში გათვალისწინებული ყოფილიყო ყველა ფრაქციისა და ოპოზიციური ჯგუფის ინტერესი, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, რეზოლუციის ერთობლივი ტექსტის მიღება ვერ მოხერხდა „დეტალებისა“ და „სიტყვების“ გამო და რეზოლუციას მხარდასაჭერად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დაარეგისტრირებს.
ამასთან, მდინარაძის თქმით, ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და მეგობარი უკრაინელი ხალხის, მათი სუვერენიტეტის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესების შესაბამისად მოქმედება.
გამომდინარე აქედან, მამუკა მდინარაძის თქმით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან“, რისი დროც არ არის და მიესალმებოდა, თუ ამაზე შეჯერდებოდა ოპოზიციაც.
რეზოლუციის ტექსტი მამუკა მდინარაძემ წაიკითხა:
„საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას. აცხადებს რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, რატომ არ ჩაიწერა რეზოლუციის ტექსტში რუსული აგრესია, მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეზოლუციის ტექსტში ყველა სიტყვა არის აწონილი და „დაცლილია პროვოკაციული რიტორიკისგან“.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების განცხადებით, რეზოლუციის სამუშაო ტექსტი, რომელზეც დილიდან მუშაობდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, შეიცვალა და მას ხელს ვერ მოაწერდნენ.
"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძის თქმით, რეზოლუციის ტექსტში არ არის გამოკვეთილი რუსეთის როლი, რაც იყო ოპოზიციის მოთხოვნა.
"საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იქედან გამომდინარე, რომ დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო რიგი კომენტარები და მოთხოვნები, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა. ვთქვი დღეს, რომ თუ რამე რადიკალურად არ შეიცვლებოდა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებდით, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებული იყო. როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა, როგორც ახასიათებს "ქართულ ოცნებას", რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ დგამს ნაბიჯებს, როგორც ჩანს, მიიღეს მითითება. მე სხვანაირად ამას ვერ ვხსნი იმიტომ, რომ არაფერი კონკრეტული არგუმენტები არ მომისმენია "ქართული ოცნებისგან". ის ტექსტიც კი, რომელიც წარმოდგენილი იყო დილით, ისიც კი შეიცვალა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინიცირებული ვარიანტი ხელმოწერისთვის საშუალებას არ ტოვებდა.
"შეთანხმება ვერ მოხდა იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია, რომლის გაუმჯობესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული და კვლავ თავდაპირველი ვერსია წარმოადგინა, რამაც აღარ მოგვცა საშუალება, ვიყოთ თანაინიციატორები ამ კონკრეტული ვერსიის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა. ჩვენ, ოპოზიციურ ფრაქციებს ვგულისხმობ, ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში... "ქართული ოცნების" ტექსტს თქვენ ნახავთ და ყველა თქვენს კითხვაზე არის იქ პასუხი გაცემული, რატომ არ დავუჭირეთ მხარი თანაინიციატორობას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რეზოლუციის ტექსტში რუსეთის აგრესიის არხსენება გახდა „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ მიზეზი, რის გამოც არ შეუერთდნენ ტექსტს.
"ვადასტურებ, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია მოხსენიებული არ არის. ამიტომ ჩვენ თანაინიციატორები ვერ ვიქნებით ამ რეზოლუციის და გავაგრძელებთ მსჯელობას. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, მაგრამ ამაზე არის მთლიანი ოპოზიციის პოზიცია გასათვალისწინებელი", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
საპარლამენტო ოპოზიციამ უმრავლესობას უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებისკენ მიმდინარე კვირის დასაწყისში მოუწოდა. მათ საკუთარი ტექსტიც შეიმუშავეს, თუმცა ბიუროზე მსჯელობის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ "ქართული ოცნება" რეზოლუციის საკუთარ ტექსტს შესთავაზებდა ოპოზიციურ ფრაქციებს. სწორედ ამ ტექსტზე მუშაობა დასრულდა უშედეგოდ.
ასევე ნახეთ ოპოზიცია პარლამენტს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს ასევე ნახეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელესუკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამომხატველ რეზოლუციაზე პირველი საკონსულტაციო შეხვედრა 25 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო და მიზეზად ტექნიკური საკითხები დასახელდა.
რეზოლუციის მისაღებად დროის ფაქტორი ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იყო. ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე განმარტავდა, რომ სასურველია რეზოლუცია კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის გახსნის დღესვე დადგეს, ამისთვის კი რეგისტრაციის ბოლო ვადა დღეს, 26 იანვარს, იწურება.
ასევე ნახეთ უკრაინა ომის ზღვარზე - უფრო ძლიერი, შორს რუსეთისგან, ახლოს ნატოსთან ასევე ნახეთ "უკრაინამ ჩვენგან მეტი დაიმსახურა, ვიდრე ტვიტერის ერთი პოსტია" - შეგნებული სიჩუმემამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია პარლამენტის პირველივე სესიაზე დადგება კენჭისყრაზე.