Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პარლამენტს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს


საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

„ვითხოვთ ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს, რადგან აუცილებელია ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში“, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ.

საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივაა, საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში, ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება. ამასთან, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნითაც მიმართავს.

„ჩვენი მეზობლის, უკრაინის, მიმართ რუსეთის განახლებული აგრესია, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე და გამოწვევა რეგიონული უსაფრთხოებისთვის ასევე გეოპოლიტიკური მიმართულებით. ამიტომ, ეს არის საკითხი, რომელზეც სახელმწიფომ, მათ შორის პარლამენტმა, ერთობლივი პოზიცია უნდა დააფიქსიროს“,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, პარლამენტში უნდა მივიდნენ საგარეო და თავდაცვის მინისტრები და მათთან პარლამენტის საკომიტეტო დონეზე უნდა გაიმართოს კონსულტაციები.

„მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით.

საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე.

მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად“, - ნათქვამია საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივ მიმართვაში.

ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.

XS
SM
MD
LG