საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" შტამი, თავისი მიმდინარეობით, "სეზონურ გრიპად" გადაიქცევა. მისი თქმით, ამ დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს სწორი რეკომენდაციები, რათა სახლში მკურნალობა შეძლოს.
"ომიკრონი" როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი, როგორც მიმდინარე, სეზონური გრიპი, ასეთ გრიპად გადაიქცევა და ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი რეკომენდაციები მივცეთ და სახლის პირობებში იმკურნალონ", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
ასევე ნახეთ WHO: ომიკრონი შესაძლოა ნაკლებად მძიმე იყოს, მაგრამ არა "მსუბუქი"მისი თქმით, ამ ეტაპზე რისკჯგუფები არიან 50 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.
11 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ნაადრევია ომიკრონიზე, როგორც სეზონურ გრიპზე საუბრები. 19 იანვარს, ჟენევაში, WHO-ის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე კი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ღებრეიესუსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "საშუალოდ, ომიკრონი შესაძლოა ნაკლებად მძიმე იყოს, მაგრამ ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია".
26 იანვარს საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა. გასულ 24 საათში ჩატარებული 78 172 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 17 530 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 092 684 შემთხვევა. მათგან 977 832 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 813 ადამიანი.
ასევე ნახეთ WHO-ის ხელმძღვანელი: პანდემია დასრულებასთან "ახლოსაც არ არის"