COVID-19-ის პანდემია "დასრულებასთან ახლოსაც არ არის", აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი, იმ ფონზე, როცა კორონავირუსის ვარიანტი, ომიკრონი, იწვევს ინფიცირების სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს.
ტედროს ადჰანომ ღებრეისუსი 18 იანვარს გამოვიდა გაფრთხილებით იმ მოსაზრების წინააღმდეგ, რომ ომიკრონი ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის, როგორც ჩანს, უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს. "საშუალოდ, ომიკრონი შესაძლოა ნაკლებად მძიმე იყოს, მაგრამ ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია" - უთხრა მან ჟურნალისტებს ჟენევაში, WHO-ის შტაბ-ბინაში. "არ შეგეშალოთ: ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს, და ნაკლებად მძიმე შემთხვევებიც იწვევს ჯანდაცვის სამსახურების გადატვირთვას" - დასძინა მან.
ომიკრონი, რომელსაც მაღალი გადადების უნარი აქვს, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ახლა დომინანტურ ვარიანტს წარმოადგენს, და ბრაზილიიდან საფრანგეთამდე იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას. მონაცემები მოწმობს, რომ ვირუსის სხვა ვერსიებთან შედარებით, COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია ომიკრონთან მიმართებით, თუმცა აცრები მაინც ქმნის ძლიერ დაცვას მძიმე დაავადების და სიკვდილის წინააღმდეგ.