გამყრელიძე: "ომიკრონზე" ტესტირება აუცილებელი აღარაა, გადადით იზოლაციაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სიმპტომების არმქონე მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის ტესტირების პუნქტები არ გადატვირთონ და 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში გადავიდნენ. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მათი ინიციატივაა ნაკადების შესამცირებლად გეგმური ტესტირებები მხოლოდ სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდეს.

"დღეს მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიებს... ​სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია, რომ გაიტესტონ და მერე იმოქმედონ იმ ალგორითმით, რომელიც დადგენილია...

ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, ისე ცირკულირებს "ომიკრონი", ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ. სასურველია, რომ სიმპტომების შემთხვევაში გადავიდნენ იზოლაციაში", - თქვა გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ თუ მოქალაქეს ექნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ არ გაიკეთებს ტესტს, ის სისტემაში გარკვეული პროცედურის გავლის შემდეგ აისახება, როგორც ინფიცირებული.

"სამინისტრომ დაუშვა, არსებობს ნორმატიული აქტი, თუ არ არის ადამიანი გატესტილი, მაგრამ მას ჰქონდა სიმპტომები, დაუკავშირდა 112-ს, ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი და მას მეთვალყურეობდა, ისინი აისახებიან [ინფიცირებულად]", - თქვა მან.

ასევე ნახეთ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 700-ზე მეტი ახალი შემთხვევაა

საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა. გასულ 24 საათში ჩატარებული 74 200 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 762 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 075 154 შემთხვევა. მათგან 972 745 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 774 ადამიანი.

განახლება. 17:37 საათი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა, მოგვიანებით დამატებით განმარტა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადება, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტს შეხებოდა. განმარტების ნახვა შეგიძლიათ აქ.

ასევე ნახეთ განმარტება: ტესტით დადასტურების გარეშე მოქალაქეს კოვიდ-გადატანილის სტატუსი არ ექნება