უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომა უკრაინისადმი სოლიდარობის სიტყვებით გახსნა.

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ახალი ომის არდაშვება მთავარი ამოცანაა და მნიშვნელოვანია დასავლეთის ერთიანი პოზიცია. პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და მოქმედებს ამ კომუნიკაციის შესაბამისად.

მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, ყველა ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესებში და მთლიანად რეგიონის ინტერესებში. აქ მნიშვნელოვანი და კრიტიკულია დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იყოს დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა და უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი რეზოლუციის ინიცირება შესთავაზა. იგივე პოზიცია გამოხატეს "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რეზოლუციასთან დაკავშირებულ სულისკვეთებას იზიარებენ, რაც შეეხება ფორმას, ის სამხარაძის თქმით, ფრაქციებს შორის კონსულტაციის საფუძველზე უნდა შემუშავდეს. მისი თქმით, უახლოეს 24 საათში ფრაქციებს შორის კონსულტაციები წარიმართება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დონეზე, ვინაიდან თავად სამხარაძე ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება.

საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს.

ასევე ნახეთ ოპოზიცია პარლამენტს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივაა, საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში, ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება. ამასთან, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნითაც მიმართავს.

ასევე ნახეთ ირაკლი ზარქუა: მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს

ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.