საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა ოპოზიციური ფრაქციების მოწოდებას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, რეზოლუციას მიიღებენ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვაცხადებთ, რომ ოკუპანტია რუსეთი. საერთაშორისო ტრიბუნაზე, საერთაშორისო მისიებში ყველგან ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია. როცა უმრავლესობა და პარლამენტი შეიკრიბება, რეზოლუციას მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მედიასთან საუბარში.
მისი სიტყვებით, არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს“, - ის ასე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების მხრიდან არ ისმის უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები. ამასთან დასძინა, რომ მმართველ პარტიას აქვს გარკვეული პასუხისმგებლობები განცხადებებთან მიმართებით და მმართველი პარტია მხარს უჭერს უკრაინას.
„არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი შემართებისკენ მოვუწოდებდი. მეტად დავიცვათ უკრაინის, საქართველოს და ჩვენი მსგავსი ქვეყნების ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. მიუღებელია და ვგმობთ მათ შორის უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ყველა სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს თავის ტერიტორიას და ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ის მოექცევა მკაცრი სანქციების ქვეშ და ძვირად დაუჯდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს.
საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივაა, საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში, ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება. ამასთან, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნითაც მიმართავს.
ასევე ნახეთ ოპოზიცია პარლამენტს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებსბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.