სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით ადვოკატებმა პროკურატურას მიმართეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს. ისინი მოითხოვენ სააკაშვილის ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარებას.

ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითზე. ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენ ინპექტორთან გვაქვს მასალების გაცვლა- გამოცვლა, მაგრამ არასებობს მასალები, რომლებზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში ეს არის არაჰუმანური და არაადამიანური მოპყტრობის, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა - სრული მარშრუტი. ჩასმა, გამოყვანა, გზის მარშრუტი, გზაში რა ხდებოდა და ა.შ“ ,- განაცხადა მიხეილ სააკაშილის ადვოკატმა და "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობასთან, განცხადების შეტანამდე მედიასთან საუბარში.

მან სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის საჯაროდ გამოხატვისკენ მოუწოდა.

ასევე ნახეთ ინსპექტორი "საშიშ პრეცედენტად" მიიჩნევს სასამართლოს მიერ ჯარიმების გაუქმებას "სააკაშვილის ვიდეოზე"

გვარამიას თქმით, მათ არ აქვთ მოლოდინი რომ პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებს სააკაშვილს, ამიტომ სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავენ გამოქვეყნოს ვიდეომასალა რასთან დაავშირებითაც არსებობს დაზარალებული სააკაშვილის თანხმობა.

ნიკა გვარამია ასევე მოითხოვს კომისიური სახით სამედიცინო ექპერტიზის ჩატარებას, რაც მოიცავს სრული ანალიზს, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომელშიც სახელმწიფო ექსპერტებთან ერთად ცენტ „ემპატიის“ ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის მძიმე და ექსპერტების შეფასებით ვერ დაუბრუნდება წამებამდელ მდგომარეობას.

7 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება სრულად გაუქმდა.

ამას წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ასევე, სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის. უწყებებს ინსპექტორმა დააკისრა ჯარიმა და ვალდებულება, წაეშალათ ოფიციალურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერები, აუდიო-ვიდეოჩანაწერი და ფოტომასალა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსხურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს გაასაჩივა ისე, რომ არ წაუშლია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერები, აუდიო-ვიდეოჩანაწერი და ფოტომასალა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

10 დეკემბერს, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართაც.