„ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, ბატონო მინისტრო“

მაშინ, როდესაც თვითმხილველები ამბობენ, რომ ზურაბ ქირია 16 იანვარს დევნილთა საცხოვრებლის სახურავიდან ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად გადმოხტა, ჯანდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და მომხდარი დევნილების პრობლემებთან არ უნდა დააკავშირონ.

სახურავზე რა უნდა კაცს, რას ლაპარაკობთ?“ - ასეთი პასუხი გაგვცა ერთ-ერთმა დევნილმა კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ზურაბ ქირია სახურავზე არა თავის მოსაკლავად, არამედ რამე სხვა მიზეზით ასულიყო.

არა, რა გადმოვარდა! ბიჭებო, თქვენთან ვარო, დაიძახა და გადმოხტა. ქვევით ხალხი იყო: მისი და, ცოლის ბიცოლა, დანარჩენები...“ - იხსენებს სხვა.

შავი ზღვიდან თბილისის ზღვაზე

საბუთებში ჭიჭოშვილი უწერია, მაგრამ ისე ქირიაა“, - გვითხრეს მეზობლებმა.

52 წლის ზურაბ ქირია გუდაუთიდან იყო. აფხაზეთის ომის შემდეგ ამ სანატორიუმში დასახლდა და მას მერე ბინა არ შეუცვლია. ათიოდე წლის წინ მისი მეუღლე სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა, ბავშვიც თან წაიყვანა. ზურაბმა ოჯახს რამდენჯერმე ჩააკითხა, მაგრამ დარჩენას ვერ ახერხებდა და ისევ უკან ბრუნდებოდა. არ მუშაობდა. ამას ისიც დაემატა, რომ ორი წლის წინ მის ბინაში მოკლე ჩართვის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა ოთახი ერთიანად ამობუგა. სახლისთვის იბრძოდა. მისი გოგო ჩამოსვლას აპირებდა და ოთახი ხომ ნახეთ, რაც არის?!“

ზურაბ ქირია

სანატორიუმი „ქართლი“ საბჭოთა კავშირის პერიოდის შენობაა. თბილისის ზღვის პირას აშენებულ კორპუსს ძველი ლაზათისგან დღეს მხოლოდ ზღვის ხედი შემორჩა. შენობა ავარიულია, კედლები დახეთქილი. აქა-იქ აფარებული მუყაო და ფიცარი ვერც ქარს აკავებს, ვერც - წყალს. წვიმის დროს სართულები იტბორება. საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან უკიდურესი სიღარიბე და გაჭირვება მოჩანს.

ამ სანატორიუმში ოდესღაც ორიოდე დღის თუ კვირის გასატარებლად ჩამოდიოდნენ, ზღვაზე ისვენებდნენ. ერთოთახიანი ნომერი, ტუალეტითა და აბაზანით მხოლოდ დროებით სტუმრებზე იყო გათვლილი. აფხაზეთის ომის შემდეგ აქ დევნილები შეასახლეს და 29 წლით დატოვეს. ახლა მათ აბაზანა და სამზარეულო ერთ სივრცეში აქვთ მოწყობილი. ზღვისკენ გამავალი აივანი კი ყველამ ამოაშენა, რომ 14 კვ.მ-ის ფართობის მქონე ოთახისთვის, კიდევ 4 კვ.მ მიემატებინა. ამ ოთახებში, სადაც ორი საწოლიც კი ვერ ეტევა, დღეს 130-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი კომუნალური პრობლემა - სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დევნილები ძალიან ხშირად სხვადასხვა სამინისტროს წინ პლაკატებით ხელში დგანან. 2019 წელს აქციაზე ერთმა დევნილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, იმდენი ხანი გვალოდინებენ, თან ისეთი ავადმყოფი და მომაკვდავი უნდა იყო, მაღალი ქულა და ბინა რომ გაღირსონ, რომ როდესაც ამ ბინას მიიღებ, იქ ცხოვრებას ვეღარ მოესწრები, მარტო კუბოს დასადგამად თუ გამოგადგებაო.

ზურაბ ქირია ამასაც ვერ მოესწრო. მისი კუბო ახლა 18 კვ.მ-ის ოთახში ასვენია. კიდევ ორიოდე სკამი რომ დატეულიყო, ოთახიდან სხვა ყველაფერი გაიტანეს. მეზობლები გაყინულ სადარბაზოში დგანან, ცდილობენ არ ილაპარაკონ. როცა ლაპარაკს იწყებენ, თვალებზე ცრემლები აწვებათ და ისევ ჩუმდებიან.

რაღა აზრი აქვს ამათ მოცემულ ბინებს. რამდენი კარს გავაღებ, იმდენი ზური უნდა გამახსენდეს, - ამბობს სოხუმელი გენადი ახალაია, - ყოველ არჩევნებზე გვპირდებოდნენ, გაზაფხულზე იქნება, შემოდგომაზე იქნება. აღარ დამთავრდა ამათი გაზაფხული და შემოდგომა“.

მოუცლელი ბატონი მინისტრი

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სანატორიუმში შესახლებული დევნილები სისტემატურად ითხოვდნენ, ბინები მანამდე მიეცათ, სანამ ავარიული შენობა თავზე ჩამოენგრეოდათ. ხელისუფლებამ მათ შესთავაზა, ან ქირით გადაგიყვანთ, ან, თუ თავად შეარჩევთ ბინას, კვ.მ-ში 550 დოლარს გადავიხდითო. დევნილები შეთავაზებით კმაყოფილები არ დარჩნენ, ძირითადი მიზეზი უნდობლობა იყო. ფიქრობდნენ, რომ მთავრობა ქირას მხოლოდ პირველ თვეებში მისცემდა, მერე კი ქუჩაში დატოვებდა. მათი აზრით, არც კვ.მ-ზე 550 დოლარი იყო ის თანხა, რომლითაც თბილისში ბინის შეძენას მოახერხებდი. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ: „[დევნილები] ძალიან დიდი ხანი ცდილობდნენ, მოეძებნათ ამ თანხის ფარგლებში ადეკვატური, საცხოვრებლად ვარგისი ობიექტები, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მოთხოვნა აქვს სამინისტროს წაყენებული ამ თანხის გადმორიცხვის სანაცვლოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ამ თანხის ფარგლებში იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რასაც სამინისტრო დევნილებისგან ითხოვს“.

გარდა ამისა, „ქართლში“ მცხოვრები ბევრი დევნილი საერთოდ არ აღმოჩნდა იმ პირთა სიაში, რომლებიც ამ ეტაპზე ბინებით უნდა დაეკმაყოფილებინათ.

ია სალია

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პრემიერი იძახის, რომ ყველას აქვს თვითმკვლელობის უფლება, - ამბობს ია სალია, - ზური სულ ამბობდა, რაღაც უნდა მოხდეს, რომ დაგვაკმაყოფილონო და ჩაიდინა ეს. რამდენჯერ შეაწუხა, რომ სიაში ჩაესვათ და არ სვამდნენ. 30 წელია აქ ცხოვრობს და სიაში არ იყო. ეზოში ვიდექით, ვამბობდით, ასე როგორ შეიძლება, ვინმე არ მოვა, რომ დაველაპარაკოთო. ამერიკის საელჩოსთან გვინდოდა აქციის მოწყობა, პლაკატებს ვამზადებდით. თქვენ ყველას მოგცემენ ბინებსო, თქვა. კი, ზური, როგორ არა, მოგვეცემა ბინები, აბა, რა-მეთქი, ვუთხარი. ცოტა ხანში ვხედავ, ადამიანი მოფრინავს. საშინელი სურათი გადაიშალა ჩვენ თვალწინ“.

მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გამოძიების დასრულებამდე ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ, პირველადი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევაა, და რომ ჟურნალისტებმა მომხდარი დევნილების პრობლემასთან არ უნდა დააკავშირონ.

„ერთი თვეა კაცი იძახის, თუ ყურადღებას არ მომაქცევთ, ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ მერე ყველა მოგაქცევთ ყურადღებას და იქნებ, გეშველოთ თქვენც და ჩემს ოჯახსაცო. დევნილთა სამინისტროდანაც რომ მოდიოდნენ, სულ ეუბნებოდა, ნუ მაიძულებთ, ასეთი რამ გავაკეთოო. სირცხვილია ჯანდაცვის მინისტრის ასეთი კომენტარი“, - ამბობს ირმა ნაჭყებია.

სახალხო დამცველი, რომელიც 17 იანვარს დევნილების საცხოვრებელში მივიდა, მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, მაღალი თანამდებობის პირები კი საქმეს ლამის კვალიფიკაციას აძლევენ. დღესვე, დევნილებმა კორპუსის წინ ჟურნალისტები მიიწვიეს და ერთობლივი მიმართვა წაიკითხეს:

გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ნივთიერებების ავად მოხმარებაზე, კონფლიქტზე (ველოდებით ახალ ვერსიებსაც), ეს არის მცდელობა უიმედო, მოწყვლადი ადამიანის ღირსების შებღალვის. კორელაცია სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს. კორელაცია სასოწარკვეთასა და სუიციდს შორის დიდია...

სრულიად სამარცხვინო და ამორალურია ის განცხადებები, რაც ვრცელდება. ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, მოუცლელო ბატონო მინისტრო. გულგრილმა პოლიტიკამ შეიწირა გუშინ ადამიანი“.

დევნილები ამბობენ, რომ მთელი ღამე დარაჯობდნენ ცხედარს, რომ ის გარდაცვლილის სახელის შესალახად არ გამოეყენებინათ. ზურაბ ქირიას დისშვილმა ზაზა ესიავამ კი მინისტრს საჯაროდ მიმართა.

ბიძაჩემი გადმოხტა, იქნებ, თქვენ მაინც გეშველოთო. დღეს ტელევიზორში რომ აცხადებთ, ეს უბედური შემთხვევააო, ძალიან ცდებით. დავასაფლავებთ ბიძაჩემს და ყველა, ვინც ჩვენ გვიცნობს, 30 წელია თბილისში ვცხოვრობთ და ბევრი ახლობელი გვყავს, ყველა დადგება მისი კარის წინ, სამინისტროში. მისამართსაც გავიგებ და სახლიდან გამოვათრევ. აი, შენ გეუბნები პირადად, დღეს ცინიკურად რომ იცინოდი იქ, გამოგათრევ და ურნაში ჩაგაგდებ... გეუბნები შენ, ჯანდაცვის მინისტრო“, - თქვა მან კამერების წინ.

ასევე ნახეთ ტიტანიკი თბილისის ზღვასთან - როცა შენი სახლი ინგრევა

დევნილები ამბობენ, რომ ზურაბ ქირიას დაკრძალვამდე აქციებს არ განაახლებენ, მერე კი სამართლიანობას მისი სახელითაც მოითხოვენ.