რა დაგვიცავს „ომიკრონისგან“?

„ომიკრონი“, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც სწრაფად ხდება კორონავირუსის დომინანტური შტამი. ადრე თუ რეგულაციების დაცვა და აცრა საკმარისი იყო ვირუსისგან მაქსიმალური თავდაცვისთვის, „ომიკრონის“ შემთხვევაში, ინფექციონისტები მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რა მეტად დაგვიცავს და რა ნაკლებად.

ვირუსი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ, თუკი 11 იანვარს შემთხვევების 45% „ომიკრონის“ ახალი შტამი იყო, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კვირის ბოლოს ეს მაჩვენებელი უკვე დაახლოებით 60%-მდეა და ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების გარდა, რეალური ინფიცირების რიცხვი ბევრად მაღალი იქნება - გამყრელიძე 24 საათში 60 ათასი ადამიანის ინფიცირების რეალურ შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, „ომიკრონის“ მიმართ ტესტები ნაკლებად მგრძნობიარეა. განსაკუთრებით ეს ეხება სწრაფ ტესტს.

ასევე ნახეთ თენგიზ ცერცვაძე: "ომიკრონის" მიმართ ტესტები ნაკლებად მგრძნობიარეა

„შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობა პაციენტების და არის ასეთი, რომლებიც ვერც მეორე და მესამე დღეს პოზიტიურ ტესტს ვერ დებენ და აქვთ კორონავირუსი. ამ მოქალაქეებს ვურჩევთ, რომ ისინი თვითონ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მათ მოექცნენ ისე, როგორც კოვიდიანებს“, - ამბობს ცერცვაძე.

და რა დაგვიცავს?

მოკლედ ვუპასუხებთ - 100%-ით, სავარაუდოდ, არაფერი, მაგრამ პრევენციისთვის არის მეთოდები, რომელთა დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია საკუთარი და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობისთვის.

კორონავირუსის საკმაოდ ხშირი მუტაციის მიუხედავად, უსაფრთხოების დაცვის რეკომენდაციები იგივეა:

პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა, აცრა.

პირბადის ტარებით და ფიზიკური დისტანციით ამცირებ რისკს, რომ დაინფიცირდები არა მხოლოდ კორონავირუსით, არამედ სხვა რესპირატორული დაავადებებითაც, თუმცა „ომიკრონმა“ ვირუსისგან თავის დაცვის ეფექტიანობა ეჭვქვეშ დააყენა:

„ყველა პროცენტული მაჩვენებელი ეფექტიანობასთან დაკავშირებით რამდენჯერმეა შემცირებული, იქნება ეს პირბადის ტარება, ვაქცინების ზემოქმედება თუ სხვა, მაგრამ აცრის ბუსტერ, დამატებითი მესამე დოზა 80 %-მდე ზრდის ვირუსისგან თავის დაცვის მაჩვენებელს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

წარსულში გადატანილი ვირუსისგან მიღებული ბუნებრივი იმუნიტეტი არ არის იმის გარანტია, რომ კორონავირუსი აღარ შეგხვდებათ, რადგან „ომიკრონისთვის“ ეს ბარიერი არ აღმოჩნდა. ხშირია რეინფიცირება კოვიდის გადატანიდან 6 თვის განმავლობაშიც. ამიტომ, ექიმები, მეტი თავდაცვისთვის, გვირჩევენ კოვიდის შემდეგ ვაქცინის გაკეთებას.

„საუბარი, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია და არაფერს გვიზამს, არის გაუაზრებელი“

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაფინანსებით ჩატარებული კალიფორნიული კვლევის მიხედვით, „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტთან შედარებით 91%-ით ნაკლებად კლავს დაავადებულს.

CDC-ის გამოქვეყნებული კვლევა და იქამდე არსებული დაკვირვებები დამაიმედებლად მოქმედებს პანდემიისგან გადაღლილ მოსახლეობაზე, რომელიც უფრო მსუბუქად უყურებს ვირუსის ამ ვარიანტის გავრცელებას.

ასეა, მაგალითად, ესპანეთში, ქვეყნის მთავრობა 10 იანვარს მოუწოდებდა ევროკავშირს, რომ კოვიდ-19-ს „ჩვეულებრივი გრიპივით“ მიუდგეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის გრიპის მსგავს დაავადებად გამოცხადებისთვის აუცილებელია, მისი გავრცელების მაჩვენებლები იყოს პროგნოზირებადი და შედარებით სტაბილური, რაც ჯერ არ მომხდარა.

ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ აცრის დაბალი ტემპის გამო, მოსალოდნელი მასშტაბური ინფიცირების ფონზე, რთული შემთხვევებიც გაიზრდება და მოდუნება არ შეიძლება.

„თუ გაიზრდება ინფიცირებულების რიცხვი, მძიმე პაციენტებიც მოიმატებს, „ომიკრონის“ ვარიანტი რაც არ უნდა მსუბუქი იყოს, მის გართულებას ახასიათებს ფილტვების დაზიანება. მაღალი ინფიცირების შემთხვევაში კი მძიმე პაციენტიც მეტი იქნება. იმაზე საუბარი, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია და არაფერს არ გვიზამს, არის გაუაზრებელი“.

რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონს“ და რას უნდა დავაკვირდეთ?

ყელის ტკივილი, სურდო, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ღამე ოფლიანობა, ტემპერატურა - თუ ამ სიმპტომების რაიმე კომბინაცია გაქვთ, შეიძლება ივარაუდოთ, რომ „ომიკრონის“ ვარიანტით ხართ ინფიცირებული და სიმპტომების გამოვლენიდან 3-4 დღეში მეტი სანდოობისთვის PCR-ტესტი გაიკეთოთ.

ოჯახის ექიმი მიმართვას მოგცემთ და ასეთ შემთხვევაში ტესტირება უფასოა.

იმის გამო, რომ მომდევნო კვირებში „კოვიდაფეთქებაა“ მოსალოდნელი, ინფექციონისტი ურჩევს მოსახლეობას, რომ მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების გარეშეც, თუ რაიმე ქრონიკული დაავადება არ აწუხებთ, დარჩნენ სახლში და ამით დაიცვან მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელსაც მეტად შეიძლება გაურთულდეს მდგომარეობა.

სამედიცინო დაწესებულებები და ტესტირების პუნქტები უნდა დაუთმოთ ქრონიკული დაავადების მქონე და ასაკოვან ადამიანებს, რადგან მათ შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმების რისკი მეტია.

„ყველა ალბათ ვერ მოახერხებს ტესტის გაკეთებას და ეს აუცილებელიც არ არის. ტესტირება მნიშვნელოვანია, თუმცა ტესტის გარეშეც, თუ გაქვთ მსუბუქი სიმპტომები, შეიძლება ვიყოთ სახლში და გადავიტანოთ მსუბუქად. მოსალოდნელი ბევრი ახალი შემთხვევის გამო იქნება ქაოსი ამბულატორიებში და ტესტის აღების პუნქტებში. ჯობია, ასაკოვანი, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები დროულად დაიტესტონ, რადგან მათ შემთხვევაში უფრო მაღალია მდგომარეობის დამძიმების რისკი“.

რას ვაკეთებთ, თუ სახლში ვმკურნალობთ?

„სითხეები, სიმშვიდე, სუნთქვითი ვარჯიშები, სიცხის დამწევი საშუალება - ეს არის, რაც სტანდარტულად პაციენტმა მსუბუქი მიმდინარეობის დროს უნდა დალიოს. სპეციფიკურ მედიკამენტებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ მიიღებენ - ამით ხელს ნუ შეუშლიან გამოჯანმრთელებას და ნუ დაიზიანებენ სულ სხვა ორგანოებს“, - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

ვინაიდან ჯერ უცნობია, რა პოსტკოვიდური გართულება შეიძლება ახასიათებდეს „ომიკრონის“ შტამს, ინფექციონიტების რჩევა მარტივი და უცვლელი რჩება - პრევენცია:

  • პირბადე - სასურველია 2 - სამედიცინო ნიღაბი და ზემოდან ნაჭრის;
  • დისტანცია - მინიმუმ 2 მეტრი;
  • ხელების ხშირი დაბანა - მინიმუმ 20-30 წამის განმავლობაში;
  • ვაქცინის დამატებითი დოზა - 2 ძირითად დოზას პლუს ერთი.