რას ცვლის მესამე მსჯავრდებული "ხორავას ქუჩის საქმეში"

რა მოხდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს - ფოტო ადვოკატ ზურაბ თოდუას მიერ მომზადებული ანიმაციური რეკონსტრუქციიდან, რომელიც, ადვოკატის თქმით, მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა

მას შემდეგ, რაც დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მის და კიდევ ერთი მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატებს ახალი კითხვები გაუჩნდათ.

კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა დარწმუნებულია, რომ „ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კალანდიას უდანაშაულობა და მისი განაჩენის პოლიტიკური მოტივები“. თოდუა ასახელებს გიორგი მენაბდის (დეკანოზ შიო მენაბდის ვაჟი) სასარგებლოდ გამოძიების მიერ დაშვებულ 10-ზე მეტ შეცდომას და კითხულობს - ვინ მფარველობდა მენაბდეს?

კონკრეტული გამომძიებლებისა და პროკურორების მიერ დაშვებული შეცდომების შესწავლის მოთხოვნით თოდუამ პროკურატურას აპრილში მიმართა. პასუხი არ მიუღია. აგვისტოში მან დამატებითი მასალები სტრასბურგში გაგზავნა.

11 იანვარს გამოტანილ განაჩენს „აბსოლუტურად გასაოცარსა“ და „გაუგებარს“ უწოდებს გიორგი მენაბდის ადვოკატი დავით დადიანი. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოძიებამ 2018 წლის ივლისიდან იცოდა ყველაფერი და მას შემდეგ საქმეს ახალი მტკიცებულებები არ დამატებია. მენაბდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

  • რის დამტკიცებას ცდილობს ადვოკატი ზურაბ თოდუა და რატომ არ არის თანახმა მიხეილ კალანდია შესაძლო შეწყალებაზე?
  • რას ამბობს გიორგი მენაბდის ადვოკატი, დავით დადიანი?
  • რატომ არ გასცა რეკომენდაცია გიორგი მენაბდის დაკავებაზე 2018 წელს პარლამენტში მოქმედმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ისევე, როგორც ეს მიხეილ კალანდიას შემთხვევაში გააკეთა?
2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნის საქმის პირველი სასამართლო განაჩენით მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ერთი მოზარდი გამართლდა, ხოლო მეორე დაკავებულს მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობა დაუდასტურდა. მიხეილ კალანდიასა და გიორგი მენაბდეს მაშინ მოწმის სტატუსი ჰქონდათ.
2018 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მძლავრი საპროტესტო აქციები მოჰყვა. საპროტესტო მოძრაობას სათავეში ედგა ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამა.
2020 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო მიხეილ კალანდია. ​სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
2021 წლის 11 იანვარს სასამართლომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო კიდევ ერთი ბრალდებული - გიორგი მენაბდე.

ისევ მე-11 ჭრილობა

მიხეილ კალანდიას ადვოკატს სრული 3 თვე დასჭირდა 36-ტომიანი საქმის წასაკითხად, რამდენიმე ათეული საათის ვიდეო-აუდიომასალების გასაშიფრად და დეტალების შესაჯერებლად. კალანდიას სასამართლო პროცესზე თოდუამ დაკითხა 150 მოწმე და ამ ყველაფერზე დაყრდნობით სპეციალური ანიმაცია მოამზადა და სცადა აღედგინა - რა განლაგებით იდგნენ და როგორ მოქმედებდნენ მოზარდები ხორავას ქუჩის თაღიანი ეზოს ფარდულში, 2017 წლის 1 დეკემბერს.

ზურაბ თოდუა ასკვნიდა, რომ მე-11, სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, მხოლოდ დავით სარალიძის მარჯვნივ მდგარ გიორგი მენაბდეს შეეძლო.

„ადგილი, სადაც [ფარდულში ჩხუბის დროს] მიხეილ კალანდია იდგა, თავიდანვე არ იძლეოდა იმ ვარაუდის თუნდაც მინიმალურ დონეზე დაშვების საფუძველს, რომ ეს მე-11 ჭრილობა კალანდიამ მიაყენა სარალიძეს...

ეს ჭრილობა გამოძიებამ ჯერ გიორგი ბარბაქაძეს დააბრალა, მერე - კალანდიას და ახლა უკვე გიორგი მენაბდეს... შეუძლებელია, რომ ერთი კონკრეტული ჭრილობა ადამიანს მიაყენოს სამმა პირმა. სასამართლომ ვერ გვითხრა, კონკრეტულად რა ზიანი მიაყენა კალანდიამ სარალიძეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ თოდუამ.

სამედიცინო დასკვნის მიხედვით, სარალიძის გარდაცვალება, სისხლის დიდი დანაკარგის გამო წარმოქმნილმა ე.წ. დევეეს სინდრომმა გამოიწვია. ძლიერი სისხლდენის მიზეზი საზარდულთან, არტერიაზე მიყენებული ჭრილობა იყო.

2020 წლის 25 თებერვალს მიხეილ კალანდიას მიესაჯა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გიორგი მენაბდე მომხდარიდან 4 წლის შემდეგ ცნეს დამნაშავედ.

2021 წლის აპრილამდე, ვიდრე დააკავებდნენ, ის „ხორავას ქუჩის საქმის“ განხილვების პროცესში მხოლოდ მოწმის სტატუსით იყო ჩართული. ასევე, ცალკე იყო გამოყოფილი საქმე მისი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს საქმე წინ არ წასულა.

ადვოკატი თოდუა ამბობს, რომ „საკმარისი იყო, გამოძიება თავიდანვე სერიოზულად დაინტერესებულიყო მენაბდის დაჭრის ფაქტით და საქმე კალანდიას დაკავებამდე აღარ მივიდოდა“, რადგან, ადვოკატის ვერსიით:

  • მენაბდე დავით სარალიძის მეგობარმა სწორედ იმიტომ დაჭრა, რომ დაინახა, როგორ ურტყამდა მენაბდე დანას სარალიძეს;
  • თუკი მენაბდეს დანას კალანდია ურტყამდა, მაშინ დავით სარალიძის მეგობარმა კალანდიას ნაცვლად რატომ დაჭრა მენაბდე, მიუხედავად იმისა, რომ კალანდია მასთან უფრო ახლოს იდგა?!

ადვოკატის თქმით, სარალიძის მეგობარმა მენაბდეს საკმაოდ ძლიერად დაარტყა დანა, უბრალოდ, მას სასკოლო ზურგჩანთა ეკეთა, რამაც ის ღრმა ჭრილობისგან იხსნა.

ერთ-ერთი დაკითხვის დროს, სასამართლო პროცესზე, მენაბდემ ადვოკატ თოდუას უთხრა, რომ - ზურგჩანთა აღარ ვარგოდა და გადააგდო.

ამ ჩანთისთვის გამოძიებას ყურადღება იმ ეტაპზე არ მიუქცევია.

სარალიძის მიერ მენაბდის დაჭრის ეპიზოდის იგნორირება შესულია ზურაბ თოდუას მიერ იმ შეცდომების ჩამონათვალში, რომლებიც, მისი თქმით, გამოძიებამ გიორგი მენაბდის სასარგებლოდ დაუშვა. ამავე სიაშია, მაგალითად, შემდეგი გარემოებები:

  • „ხორავას ქუჩის საქმეზე“ მოწმის სახით დაკითხულმა ბარბაქაძემ [ჯერ კიდევ 2018 წელს] თქვა, რომ მენაბდეს ეჭირა ვერცხლისფერი საგანი და ურტყამდა სარალიძეს - მაგრამ ამას წლების განმავლობაში არაფერი მოჰყოლია;
  • მენაბდის შარვალი ამოიღეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მან მეგობრის ოჯახში გაარეცხინა (მეგობარმა - მეზობელმა ბიჭმა ეს ფაქტი დაადასტურა). თოდუა ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, ამ შარვლის მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო მენაბდემ სისხლიანი დანა და ამიტომ იყო შარვალი დასვრილი;
  • გამოძიება არ დაინტერესებულა - თუ როგორ მოხვდა სარალიძის სისხლის კვალი მენაბდის ქურთუკზე. სარალიძეს მე-11 ჭრილობა მიყენებული აქვს „ტერფიდან 90 სმ-ზე“ და თოდუა ვარაუდობს, რომ - ამ ჭრილობიდან ძლიერი წნევით წამოსული სისხლის კვალი მენაბდის ქურთუკზე სწორედ ამ კონკრეტულ ადგილას დარჩებოდა (თავად მენაბდე ამბობდა, რომ ეს სისხლი მას გადაედო ჯანაშიასთან შეხებისას, ფარდულიდან გამოქცევის შემდეგ);
  • გამოძიება დროულად არ დაინტერესდა არც კალანდიას ქურთუკით და ამიტომ, თოდუას თქმით, საქმის მასალებში ვერ მოხვდა „ის მნიშვნელოვანი ფაქტი“, რომ კალანდიას ქურთუკზე სარალიძის სისხლის კვალი არ იყო.

შეკითხვით - „ვინ მფარველობდა მენაბდეს?“, ადვოკატმა თოდუამ აპრილში გენერალურ პროკურატურას მიმართა და გამომძიებლებისა თუ პროკურორების ქმედებების შესწავლა მოითხოვა. რადგან პასუხი ვერ მიიღო, მასალები უკვე სტრასბურგში გაგზავნა.

კალანდიას საქმე სტრასბურგში

13 იანვარს ადვოკატმა მიიღო პასუხი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, რომ ყველაფერი დაერთვება უკვე მიმდინარე საქმეს - „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“. ადვოკატს იმედი აქვს, რომ დადგინდება კალანდიას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და ამ შედეგით საქმის ხელახალ გამოძიებასაც მიაღწევს.

ასევე სტრასბურგის სასამართლოს უკავშირებს კალანდიას ადვოკატი მსჯავრდებულის შესაძლო შეწყალების საკითხსაც.

ასევე ნახეთ ზაზა სარალიძე ნაკლებად ინტერესდებოდა წლებით, მთავარი იყო დამნაშავე პირები გამოკვეთილიყვნენ - ადვოკატი

რამდენიმე კვირის წინ, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს შვილის მკვლელების შეწყალება სთხოვა. თოდუა გვეუბნება, რომ კალანდია შეწყალების თხოვნას არცკი განიხილავს, რადგან მას სიმართლის დადგენა უნდა.

„შეწყალება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კალანდია დაწერს, რომ ჩაიდინა დანაშაული და ინანიებს. ასეთ შემთხვევაში კალანდიას მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან თავისი სარჩელის უკან გამოხმობა, რაც არის დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი ინტერესი. არავითარ შემთხვევაში არანაირ შეწყალებას არ მოითხოვს კალანდია. შესაწყალებელი ის არის, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ასეთია მისი პოზიცია“, - გვეუბნება თოდუა.

მოელის თუ არა ადვოკატი კალანდიას უდანაშაულოდ ცნობას?

თოდუა გვეუბნება, რომ ამჟამად მსჯავრდებულ კალანდიას „ყველაზე ცუდ შემთხვევაში“ დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს სს კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) ან 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით. მაგრამ „ნორმალურ ქვეყანაში“, მისი თქმით, სასამართლო აუცილებელი მოგერიების სტანდარტით იხელმძღვანელებდა:

„გიორგი ჯანაშიას მოქმედება, მაგალითად, ამერიკული სტანდარტით, წმინდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჯდება, რადგან ის შებოჭილი ჰყავდა მასზე ბევრად უფრო ფიზიკურად ძლიერ დავით სარალიძეს [ფარდულში] და კალანდიაც მეგობრის გასათავისუფლებლად მივიდა ახლოს - სუფთა ხელებით, იარაღის გარეშე ცდილობდა ამას“.

კალანდიას მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. მენაბდე კი აღნიშნავდა, რომ კალანდიამ მას ანახა „ტარი“, მაგრამ მან არ იცის, იყო თუ არა ეს დანის „ტარი“.

ასევე ნახეთ ლონდარიძე: მენაბდის დაკავება ადასტურებს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში

საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ბარბაქაძე მენაბდის გარდა, ხელს ადებს კალანდიასაც.

ოჯახის ინფორმაციით, კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული გიორგი ჯანაშიასაც (რომელსაც ასევე განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, მაგრამ საპატიმრო უკვე დატოვა).

რას ამბობს მენაბდის ადვოკატი

დავით დადიანი გვეუბნება, რომ დაბნეულია, რადგან მისთვის ამ საქმეში „ყველაფერი ბუნდოვანი“, ხოლო განაჩენი „აბსოლუტურად გასაოცარია“.

ადვოკატის შთაბეჭდილებით, გიორგი მენაბდე ხალხმრავალი მიტინგებით დაბნეულმა პროკურატურამ ბარბაქაძის ნაცვლად დაიჭირა პრინციპით - „ეს თუ არა, მაშინ ის“.

„მენაბდის საქმეში მტკიცებულებად მოჰყავთ ორი რამ - ეს არის ბარბაქაძის ჩვენება მის წინააღმდეგ და სისხლის კვალი მენაბდის ტანსაცმელზე. ეს არ არის ახალი. [გუგა] ბარბაქაძის ჩვენება გამოძიებამ 2018 წლის ივლისიდან იცის... გამომძიებლებმა თქვეს სასამართლოზე - ვიცოდით, რომ მენაბდის ქურთუკი იყო სისხლიანი, მაგრამ არ გვქონდა მტკიცებულებებიო. ამ ლაქების წარმოშობის მიზეზი, ექსპერტიზის მიხედვით დაუდგენელია. იმ ეზოში მაშინ ყველა სისხლიანი იყო“, - ეუბნება დავით დადიანი რადიო თავისუფლებას.

ასევე მისი განცხადებით, საქმეს 2018 წლის შემდეგ, მტკიცებულებების ნაწილში არაფერი დამატებია და ამიტომ „გაუგებრად რჩება, რატომ გაიზიარეს პროკურატურამ ბარბაქაძის მიერ მიცემული ჩვენება ახლა და არა მაშინ“.

მენაბდის ადვოკატი ცდილობდა დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ბარბაქაძის ჩვენება სანდო და სარწმუნო არ არის, რადგან ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა პირმა [გუგა ბარბაქაძემ] ერთხელ უკვე „შეგნებულად მოიტყუა, რომ, თითქოს, მენაბდემ მოკლა დადუნაშვილი“.

დავით დადიანი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ ფაქტს, რომ მენაბდე იდგა სარალიძის მარჯვენა მხარეს, სადაც მას მე-11 ჭრილობა აქვს მიყენებული. მაგრამ ადვოკატი ამბობს, რომ სარალიძის 12 ჭრილობიდან სხვებსაც შეეძლოთ სიკვდილის გამოწვევა. ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ბარბაქაძისგან ამოღებული დანა ერგება [სარალიძის] სხვა ჭრილობებსაც“.

დადიანი კალანდიაზე ლაპარაკს ერიდება და არც ის უკვირს, რომ საქმის გარშემო კვლავ რჩება ეჭვები - რადგან „სახელმწიფომ ყველაფერში ეჭვი დატოვა“.

„რატომ გადადგა გენერალური პროკურორი [შოთაძე]? გადადგა იმიტომ, რომ ამ საქმეზე [საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ] ატყდა ერთი ამბავი ... მერე დაბრუნდა შოთაძე [ისევ გენერალურ პროკურორად], მაგრამ რა გამოდის?! დღეს თუ ამას [მენაბდეს] უსჯიან, ესე იგი მანამდე მართლა არასწორად მოქმედებდა, ხომ, შოთაძე? მარტივი ლოგიკაა“, - გვეუბნება დადიანი და დასძენს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ბუნდოვანება ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

მენაბდის ადვოკატი, ისევე როგორც კალანდიას ადვოკატი, თვლის, რომ საქმის პოლიტიზებას დიდწილად შეუწყო ხელი „ხორავას ქუჩის საქმეზე“ 2018 წელს მოქმედმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც უმრავლესობა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები იყვნენ.

ასევე ნახეთ ზაზა სარალიძე ნაკლებად ინტერესდებოდა წლებით, მთავარი იყო დამნაშავე პირები გამოკვეთილიყვნენ - ადვოკატი

მაგალითად, კალანდიას ადვოკატი ამბობს, რომ ამ კომისიის დასკვნამ დიდწილად შეუწყო ხელი კალანდიას მკვლელად გამოცხადებას, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ „ინტერესების ურთიერთდამთხვევამ განაპირობა“. ადვოკატის აზრით: „ოცნება“ მიტინგების ტალღის შეჩერებას ცდილობდა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ ინტერესები ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილს უკავშირდებოდა:

„ამ პარტიას [„ევროპულ საქართველოს“] სჯეროდა, რომ კალანდიას ბიძას, მირზა სუბელიანს (პროკურატურის თანამშრომელს) ჰქონდა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრები და თუკი სუბელიანზე და კალანდიაზე დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა, გაბრაზებული სუბელიანი ამ კადრებს გამოაქვეყნებდა“.

ადვოკატი თოდუა აღნიშნავს, რომ ამ კომისიამ მენაბდის დანაშაულს დააფარა ხელი და მისი დაკავება არ მოითხოვა.

რა არის საგამოძიებო კომისიის პასუხი

2018 წლის ზაფხულში, მუშაობა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა კომისიამ ერთ-ერთ მტკიცებულებად სწორედ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა, ხოლო 3-თვიანი მუშაობის დასასრულს, მისი დაკავების რეკომენდაციაც გასცა.

რატომ გაიცა ეს რეკომენდაცია მხოლოდ კალანდიას შემთხვევაში და რატომ არ შეეხო იგივე მენაბდესაც?

კომისიის ყოფილი მდივანი „ევროპული საქართველოდან“ ამბობს, რომ:

  • „კალანდიას შემთხვევაში არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალის წარდგენის სტანდარტს აკმაყოფილებდა. მათ შორის იყო მისი პირდაპირი ჩვენებაც, რომ როდესაც სარალიძეს დანას ურტყამდნენ, მას ის [სარალიძე] ეჭირა და მუშტს ურტყამდა სახეში... ეს ყველაფერი გამოძიებამ დატოვა ყურადღების მიღმა“;
  • „მენაბდე კი, ისევე როგორც ფარდულში მყოფი ყველა პირი უნდა ყოფილიყო ეჭვმიტანილი და აუცილებელი იყო მათი გამორიცხვა ბრალდებულების დადგენის მიზნით. გამოძიება ამას არ აკეთებდა, თუმცა მენაბდის წინააღმდეგ კომისიამ ვერ მოიპოვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალის წარდგენის სტანდარტს დააკმაყოფილებდა“;
  • „დავაფიქსირეთ ყველა ის სამოხელეო დანაშაული, რომელიც ჩადენილია მენაბდის შემთხვევაში და კონკრეტულად ის, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა მენაბდესთან მიმართებაში“.
  • „გამოძიება განზრახ მიდიოდა ერთი მიმართულებით და მიჩქმალეს ყველა სხვა ფიგურანტი ამ საქმეში“.

საპარლამენტო კომისიის დასკვნის თანახმად, საგამოძიებო სტრუქტურებზე ზეწოლას ახდენდა კალანდიას ბიძა, მირზა სუბელიანი, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, რომლის შვილი ასევე ფიგურირებდა ამ საქმის ეპიზოდებში. სუბელიანმა სასჯელი საბოლოოდ არა სამოხელეო დანაშაულისთვის, არამედ დანაშაულის დაფარვისთვის მოიხადა - 1 წელი და 1 თვე.

ოთარ კახიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კომისიის ძირითადი მიზანი სამოხელეო დანაშაულების გამოვლენა იყო:

„კომისიის დასკვნა ეხება საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობას. ვადგენდით - ვინ ვის დააფარა ხელი, რომელი მტკიცებულება გაანადგურა და რომელი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარა... ეს ყველაფერი მკაფიოდ არის დასკვნაში... ომი გვქონდა „ქართულ ოცნებასთან“ ამ საკითხზე. ის ყველა სხდომაზე იცავდა მოხელეებს, რომლებიც, როგორც ვხედავთ, დღემდე არ მიუციათ პასუხისგებაში“.

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ინტერესების დამთხვევაზე ლაპარაკს კახიძე „აბსურდულად“ მიიჩნევს და მსგავს ბრალდებებს დაცვის მხარის ტაქტიკად თვლის.

ის განმარტავს, რომ „დასკვნამ კვალიფიციურად ამხილა სისტემა“ და „ხელისუფლებას მოუწია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, რადგან „შეეშინდა კიდევ უფრო მეტი სამართლიანი პროტესტისა და სოლიდარობის დაზარალებულის ოჯახის მიმართ“.

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გიორგი მენაბდე არაერთხელ არის ნახსენები - ხაზგასმულია მისი დაჭრის გამოძიების აუცილებლობა და ის ფაქტიც, რომ გამოძიებამ არ დაამუშავა ვერსია - რა როლი შეასრულა მენაბდემ სარალიძის მკვლელობის საქმეში.

ერთგან წერია ისიც, რომ ერთ-ერთი ჩვენების თანახმად, მენაბდეს „ხელში ეჭირა რაღაც საგანი“ და გამოძიება არც იმით დაინტერესებულა - საიდან გაჩნდა [დავით სარალიძის] სისხლის კვალი მენაბდის ტანსაცმელზე.

ყველაფერი ხორავას ქუჩის საქმეზე ნახეთ აქ.