Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდარიძე: მენაბდის დაკავება ადასტურებს სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში


ნესტან ლონდარიძე, ადვოკატი
ნესტან ლონდარიძე, ადვოკატი

მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნესტან ლონდარიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის დაკავება სამოხელეო დანაშაულის დადასტურებაა.

„მენაბდის დაკავება ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ საქმეში შეიმჩნეოდა და არსებობს სავარაუდო დანაშაულის ნიშნები სამოხელეო კუთხით. ამ პიროვნების დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა მცდარი გზა ჰქონდა არჩეული საგამოძიებო ორგანოებს და რა მტკიცედ ასაბუთებდა იმ მცდარ ვერსიას. აქვე უნდა გავიხსენო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა ამ საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოახდინა, რომელმაც თქვა, რომ არ იყო სწორი პროკურატურის პოზიცია“, - აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ. მისი თქმით, დაზარალებული მხარის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გამოიკვეთოს და პასუხი გაეცეს კითხვებს იმის შესახებ, ვინ რა კუთხით მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში, მათ შორის მტკიცებულებების მოპოვების კუთხით:

„თავდაპირველი მცდელობა ამ საქმეში სწორედ ის იყო, რომ ის მტკიცებულებები არ მოპოვებულიყო და რეალურად გადასხვაფერებულიყო, რაც მოგვცემდა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს, რამაც გავლენა საქმეზე, რა თქმა უნდა, იქონია იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება, რაც შეიძლება იმ პერიოდში მოპოვებულიყო, როდესაც შემთხვევა ჯერ კიდევ ახალი მომხდარი იყო, ვერ მოხერხდა, არ მოხერხდა. ეს განზრახ თუ რა მოტივით, ეს ჯერ კიდევ დასადგენია და შემდგომში უკვე გაჭირდა ამ მტკიცებულებები სწორად მოპოვება. გარდა ამისა, არის პრობლემა ისიც, რომ არასრულწლოვნები არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, თუმცა ამასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები ჰქონდა. ის უნდობლობა, რაც არსებობდა საგამოძიებო ორგანოების მიმართ და ის ზეწოლა, რომელიც არსებობდა არასრულწლოვნებზე“, - აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ „დილის საუბრებში“.

მკვლელობიდან 3-წლისა და 5 თვის თავზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გიორგი მენაბდე დააკავა. დაკავებული დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა. თუმცა ამ მიმართულებით თავდაპირველად გამოძიება აღარ წასულა.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

ამ საქმეზე 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე. 21 აპრილს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

ყველაფერი ხორავას ქუჩის საქმეზე ნახეთ აქ

XS
SM
MD
LG