სწრაფმა ტესტმა „ომიკრონთან“ მიმართებით დაკარგა მნიშვნელობა - გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებით, სწრაფმა, ანტიგენის ტესტმა ფაქტობრივად დაკარგა მნიშვნელობა და მასზე დაყრდნობა აღარ არის რაციონალური, ამის შესახებ გიორგი კამკამიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, PCR-ტესტირება რჩება ისეთ მეთოდად, რომელიც აღმოაჩენს „ომიკრონს“. ტესტირების ეს მეთოდი დაფუძნებულია ვირუსის რამდენიმე გენის აღმოჩენაზე, შესაბამისად, უტყუარი პასუხის მიღების ალბათობა გაცილებით მაღალია.

„ძალიან დიდი განსხვავება ჩნდება სწრაფ, ანტიგენის ტესტსა და PCR-ს შორის. ანტიგენის ტესტი ძალიან სწრაფად კარგავს თავის მგრძნობელობას. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სწრაფი ტესტი არ აღმოაჩენს ინფექციას და ასეთი ადამიანი გამავრცელებლად რჩება. ამიტომ, ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ გავაფრთხილეთ ის ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში, რომ უპირატესი როლი უნდა მიენიჭოს PCR-ტესტირებას. ეს იყო ცხადი "დელტა" ვარიანტის შემთხვევაშიც და ახლა "ომიკრონთან" დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად არის ეს რეკომენდაცია. თუმცა, რეაგირება ძალიან ნელი ან საერთოდ არ არის ამასთან დაკავშირებით და კვლავ გრძელდება ის, რომ ანტიგენის ტესტი, სწრაფი ტესტი გამოიყენება მაინც, როგორც პირველი რიგის კვლევა. უნდა მოხდეს გადასვლა უპირატესად PCR-ტესტირებაზე“, - ამბობს გიორგი კამკამიძე.

ამასთან, გიორგი კამკამიძის განცხადებით, PCR-ტესტირებაც არ ხასიათდება 100%-იანი მგრძნობელობით, ეს შეეხება არა მხოლოდ "ომიკრონის" შტამს, ასე იყო კორონავირუსის სხვა შტამებთან მიმართებითაც.

„დაახლოებით 10-%, ცოტა უფრო მეტიც, არის ისეთი ინფიცირებული, რომელსაც განმეორებითი ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ PCR-ის მეთოდით ინფექციას. შესაბამისად, აქ გამოიყენება უკვე ალტერნატიული მეთოდები - სიმპტომების მიხედვით, რადიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით ან ცოტა მოგვიანებით, ანტისხეულების ტესტის მიხედვით, ჰქონდა თუ არა ნამდვილად ადამიანს ვირუსი“, - განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

მისი სიტყვებით, მხოლოდ PCR-ტესტირებაზე გადასვლა შეამცირებს ფინანსურ ხარჯებს. სიმპტომიანი პაციენტის ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მისი გადამოწმება PCR-ით მაინც ხდება, შესაბამისად, ხდება ორმაგი ტესტირება, რაც ძირითადად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

„შესაბამისად, თუკი კარგი გათვლა იქნება, არ იქნება რაიმე განსაკუთრებული განსხვავება PCR-ტესტირებას და ანტიგენ-ტესტირებას შორის, პირიქით, უფრო ოპტიმალური მიდგომა და სწრაფი აღმოჩენა მოხდება ვირუსის და, საბოლოო ჯამში, ეს იქნება ხარჯთეფექტურიც, ძალიან სერიოზუილი გათვლებია საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და სწრაფად უნდა მოხდეს ამ მოდელზე გადასვლა“, - განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

მისი თქმით, თუ სწრაფად არ მოხდება პოპულაციის მხოლოდ PCR-ტესტირების მოდელზე გადასვლა, ფინანსური დანახარჯები იქნება გაცილებით მაღალი.

ასევე ნახეთ თენგიზ ცერცვაძე: "ომიკრონის" მიმართ ტესტები ნაკლებად მგრძნობიარეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, კორონავირუსის ამჟამინდელ ცირკულაციაში "ომიკრონის" წილი სულ მცირე 45%-ია და კვირის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზრდება. პროგნოზის საფუძველია "ომიკრონის" ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების ანალიზი.

„ომიკრონ“ შტამს „ლუგარის ლაბორატორიაში“ სეკვენირებით და სპეციფიკური ტესტით ადგენენ, არსებული რესურსიდან გამომდინარე კი, ინფიცირების ყველა შემთხვევის გადამოწება ვერ ხერხდება. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლაბორატორიაში შერჩევით იგზავნება საეჭვო შემთხვევების დაახლოებით 20%. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, უკვე იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა, რომ ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში 60%-ს გასცდა. 14 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის" 1 096 შემთხვევა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 60 753 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 567 შემთხვევა. 1 661-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ასევე ნახეთ საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 5500-ზე მეტ ადამიანს, 36 გარდაიცვალა