პრეზიდენტმა "ინსპექტორის სამსახურის გაუქმების" კანონს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და არ დაადო ვეტო "სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" კანონს, რომლითაც ეს სამსახური უქმდება და თანამდებობას ტოვებენ ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები. მსგავსი მოლოდინი თავად სახელმწიფო ინსპექტორს ჰქონდა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია კი პრეზიდენტს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებდნენ.

"ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის", - წერია განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ, იმის მიუხედავად, რომ მან ხელი მოაწერა კანონპროექტს, მისთვის მიუღებელია ის დაჩქარებული პროცესი, რომლითაც ეს სამსახური გაუქმდა.

"ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება", - ახადებს ის.

მისი თქმით, ამ ახალი საკანონმდებლო მოცემულობით შეიქმნა უსამართლო ვითარება, რომლის გამოსავლადაც ის, რომელიმე ახალ უწყებაში მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორისთვის საქმიანობის გაგრძელების მიცემის შესაძლებლობაში ხედავს.

"მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს", - ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული სახით 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.
ასევე ნახეთ სახელმწიფო ინსპექტორი: უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქცია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.

ასევე ნახეთ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ინსპექტორის აპარატის გაუქმების კანონპროექტს ეხმიანება

კანონის მიღების შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო აკრიტიკებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს

"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია განცხადებაში.