რთული მოლაპარაკება თუ რთული საუბარი - რუსეთს ამჯერად ნატოში მოუსმენენ

ნატოს და ალიანსის წევრი სახელმწიფოების დროშები ნატოს შტაბ-ბინის წინ.

12 იანვარს ნატოს შტაბბინაში, ცენტრალური ევროპის დროით დილის 10 საათიდან, დაიწყებს მუშაობას ნატო-რუსეთის საბჭო, რომელზეც გაგრძელდება „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ რუსეთის მიერ ულტიმატუმის ფორმით წამოყენებულ მოთხოვნებზე მსჯელობა.

რუსეთი მოელის, რომ ჟენევის მოლაპარაკებისგან განსხვავებით, ნატო-რუსეთის საბჭოზე საბოლოოდ გაირკვევა, თუ რამდენად არის მზად კოლექტიური დასავლეთი გაითვალისწინოს რუსეთის ორი მთავარი მოთხოვნა: ესაა უარის თქმა ნატოს შემდგომ გაფართოებაზე და სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა უკრაინასთან, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. ამ მხრივ, ჟენევაში გამართულმა რუსეთ-ამერიკის კონსულტაციებმა მოსკოვს იმედი გაუცრუა.

„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა. ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს იმ სუვერენულ სახელმწიფოებთან ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომლებსაც აშშ-სთან მუშაობა სურთ“, - განაცხადა ჟენევაში თითქმის რვასაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა.

მსგავსი პოზიცია გამოხატა 10 იანვარს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანიშინასთან გამართულ ბრიფინგზეც.

ასევე ნახეთ ჟენევის შეხვედრა მცირე იმედისა და დიდი უკმაყოფილების ფონზე

ამ ფონზე რაიმე არსებითი გარღვევა არც ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზეა მოსალოდნელი. ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა 2019 წლის შემდეგ პირველად იმართება.

„ბრიუსელშიც დიდწილად იგივე განმეორდება, რაც ჟენევაში რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკების დროს მოხდა“, - უთხრა ამერიკელმა ანალიტიკოსმა, პოლ გობლმა რადიო თავისუფლებას.

ცივი ომის აჩრდილი?

დასავლეთის და რუსეთის მედია თითქმის ერთხმად აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ჟენევაში 10 იანვარს გამართულმა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებამ ვერ გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ვითარების შემდგომი გაუარესება, თუ ჯერ კიდევ შეიძლება ესკალაციის თავიდან არიდება.

„რუსეთს ესმის, რომ დიპლომატიის გაგრძელების საუკეთესო გზას წარმოადგენს დაძაბულობის შემცირება და დეესკალაცია. ვნახოთ, რამდენად სერიოზულად არიან ისინი განწყობილნი“, - განაცხადა 10 იანვარს ჟენევაში გამართული თითქმის 8-საათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა. ამერიკელ დიპლომატს მხედველობაში ჰქონდა უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების გადასროლით გამოწვეული უკიდურესად სახიფათო სიტუაციის დეესკალაცია, რამაც, ანალიტიკოსების შეფასებით, კვლავ „ცივი ომის“ პერიოდის ნიშნულამდე დაიყვანა რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა.

ასევე ნახეთ მაიკლ მაკფოლი: რუსეთის მომზადებულ შეთანხმებას მოლდოვიდან, უკრაინიდან და საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის ვალდებულება უნდა დაემატოს

აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკება გადაწყდა მას შემდეგ, რაც შარშან გვიან შემოდგომაზე რუსეთმა ჯერ 100 000-ზე მეტ ჯარისკაცს და დიდძალ სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან და მოსკოვის მიერ კონტროლირებად ყირიმში. შემდეგ კი, დეესკალაციისკენ მოწოდების პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავად წაუყენა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოთხოვნები აშშ-სა და ნატოს.

17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტით, მოსკოვი მოითხოვს, რომ "ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე". გარდა ამისა, ნატომ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უარი უნდა თქვას.

რუსეთის მესამე მოთხოვნით, აშშ-მა სამხედრო ძალა და პირადი შემადგენლობა უნდა გაიყვანოს იმ ქვეყნების ტერიტორიებიდან, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. ასევე უარი უნდა ითქვას ევროპაში იმ შეტევითი სისტემების განლაგებაზე, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს რუსეთის უსაფრთხოებას.

ჩვენ მივესალმებოდით ოფიციალურ შეცვლას - საბოლოოდ მოახლოებულ ნატოს მადრიდის სამიტზე - ბუქარესტის 2008 წლის ფორმულირებისა...
სერგეი რიაბკოვი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უენდი შერმანმის თქმით ვითარების ესკალაციას იწვევს სწორედ აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, და თუ მოსკოვი მართლაც არის დაინტერესებული სიტუაციის დეესკალაციით, მან „ყაზარმებში უნდა დააბრუნოს“ უკრაინის საზღვართან თავმოყრილი დამატებითი ძალები. ამ საკითხის კომენტირებისას სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება და რომ რუსეთის ფედერაციას თავის მიწაზე ნებისმიერი მანევრის და წვრთნის ჩატარების უფლება აქვს.

შეუსრულებლობისთვის განწირული მოთხოვნები

ჟენევაში კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ რუსეთი კოლექტიური დასავლეთისგან „წყალგაუმტარ და სავალდებულო გარანტიებს“ ითხოვს. ერთ-ერთ ასეთ გარანტიად რუსეთი ამჯერად უკვე ალიანსის ბუქარესტის 2008 წლის სამიტის კომუნიკეში ჩაწერილი ფორმულის („უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“) რედაქტირებას მიიჩნევს.

„ჩვენ მივესალმებოდით ოფიციალურ შეცვლას - საბოლოოდ მოახლოებულ ნატოს მადრიდის სამიტზე - ბუქარესტის 2008 წლის ფორმულირებისა, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, იმ ზუსტი ფრაზით, რომელიც მე ახლა ვახსენე: უკრაინა და საქართველო არასოდეს, არასოდეს გახდებიან ნატოს წევრები. ეს სასიკეთო ცვლილება იქნებოდა ნატოს პოზიციაში“, - განაცხადა რიაბკოვმა.

ასევე ნახეთ რიაბკოვი: ვისურვებდით, ბუქარესტის ფორმულირება შეიცვალოს ფრაზით "უკრაინა და საქართველო არასოდეს გახდებიან ნატოს წევრები"

ასეთი „კატეგორიული“ მოთხოვნის შემდეგ, მაღალი რანგის რუსმა დიპლომატმა დასძინა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს „დიალოგის გაგრძელებას“ აშშ-სთან და შერმანთან შეხვედრას „ძალიან პროფესიონალური“ უწოდა.

„ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ამერიკული მხარე ძალიან სერიოზულად მოეკიდა რუსეთის წინადადებებს და ღრმად შეისწავლა ისინი“, - განაცხადა ჟენევაში გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ რიაბკოვმა, რომელიც მანამდე იმუქრებოდა, რომ მოსკოვი სწრაფად მიატოვებდა მოლაპარაკებას, თუ იგრძნობდა, რომ არ უსმენენ.

ჩვენ არ მივიღებთ უკრაინაზე გადაწყვეტილებას უკრაინის გარეშე, ევროპაზე - ევროპის გარეშე და ნატოზე - ნატოს გარეშე...
უენდი შერმანი

ჟენევაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელებს მოუსმინეს, მაგრამ, მოსკოვის მოთხოვნებს ვაშინგტონის წარმომადგენელმა მიუღებელი უწოდა.

ჟენევაში 10 იანვარს გამართულ მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ აშშ-ის დელეგაცია საერთოდ არ არის მზად, განიხილოს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ წარმოდგენილი პირველი ორი პუნქტი.

„ჩვენ არ ვიტყვით უარს იმ სუვერენულ სახელმწიფოებთან ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომლებსაც აშშ-სთან მუშაობა სურთ. ჩვენ არ მივიღებთ უკრაინაზე გადაწყვეტილებას უკრაინის გარეშე, ევროპაზე - ევროპის გარეშე და ნატოზე - ნატოს გარეშე. როგორც ჩვენ ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს: არაფერი გადაწყდება თქვენზე, თქვენ გარეშე“, - თქვა უენდი შერმანმა.

ასევე ნახეთ ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

აშშ-ის ასეთ მტკიცე პოზიციას მიესალმებიან ანალიტიკოსები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ იგივე 12 იანვარს ნატოს შტაბბინაშიც განმეორდება.

„მე მოხარული ვარ, რომ აშშ-მა მკაცრი პოზიცია დაიკავა. მაგრამ კიდევ უფრო გამიხარდებოდა, თუ ვაშინგტონი უარს იტყოდა მოსკოვთან მოლაპარაკებაზე მანამ, სანამ პუტინი თავის ჯარს უკრაინის და მისი მოსაზღვრე ტერიტორიებიდან არ გაიყვანს“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს პოლ გობლმა.

რა დათმობაზე შეიძლება წავიდნენ აშშ და რუსეთი?

უენდი შერმანის თანახმად, ერთადერთი საკითხი, რომელზეც ვაშინგტონი მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, ევროპაში იმ შეიარაღების განლაგებაზე უარის თქმას შეეხება, რასაც საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ უკვე გაუქმებული ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებდა.

ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების კომენტარებით ირკვევა, რომ ამერიკის მხარე შესაძლოა დათანხმდეს რუსეთის მესამე მოთხოვნას - ანუ ორმხრივი სწავლებების და მანევრების მასშტაბებისა და სიხშირის შემცირებას რუსეთის მოსაზღვრე ევროპის ქვეყნებში.

ოღონდ აქაც არსებობს ერთი ნიუანსი.

უილიამ კორტნი, ყოფილი ამერიკელი კარიერული დიპლომატი, განმარტავს, რომ აშშ-ის ეს შეთავაზება ფაქტობრივად შეიარაღების კონტროლისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ იმ ზომებთან დაბრუნებას გულისხმობს, რომლებმაც არსებობა რუსეთის გამო სამი წლის წინ შეწყვიტა.

2019 წელს რუსეთი გამოვიდა საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან. ამას წინ უძღოდა მოსკოვის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, რომ არ განათავსებდა ევროპის საზღვრებთან 500-დან 5 500 კილომეტრამდე მოქმედების ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს.

ასევე ნახეთ რუსეთი ცას ხურავს

კორტნი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დროს აშშ-ის პოზიცია რთულ მდგომარეობაში აყენებს რუსეთს: თუ ის უკრაინას თავს დაესხმება, მკაცრი ეკონომიკური სანქციები ელოდება, ხოლო თუ დათანხმდება წარსულში არსებულ შეთანხმებასთან დაბრუნების თაობაზე აშშ-ის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, მაშინ მოუწევს მთელი შიდა პროპაგანდის ამოქმედება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი „წარმატებად“ წარმოაჩინოს.

შიდა აუდიტორია თავს „ძალიან შეურაცხყოფილად და დამცირებულად“ ჩათვლის, თუ დაინახა, რომ რუსეთი უარს ამბობს თავის მოთხოვნებზეო, - ამბობს კორტნი, რომელიც თავის დროზე ამერიკა-საბჭოთა კავშირს შორის შეიარაღებული ძალების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას.

სხვა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრემლი მზად იქნება მიზნის მისაღწევად ნებისმიერ კომპრომისზე წასასვლელად, ხოლო სახელმწიფო მედიაზე, ელიტასა და უსაფრთხოების აპარატზე კონტროლის ხარისხი პუტინს მისცემს შესაძლებლობას, რომ ვაშინგტონსა და ნატოსთან კომპრომისი, გამარჯვებად წარმოაჩინოს.

გაზეთ „კომერსანტის“ შეკითხვის პასუხად, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დეკემბერში წამოყენებული მესამე მოთხოვნა შესაძლებელია გახდეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შემდგომი შეთანხმების მიღწევის საფუძველი, მაგრამ, რუსეთის თვალსაზრისით, ეს ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნება საკმარისი. რუსი დიპლომატის თქმით, ეს ელემენტები შესაძლოა იქცეს უფრო მასშტაბურ შეთანხმებათა ნაწილად, მაგრამ მათში აუცილებლად უნდა აისახოს რუსეთის პირველი ორი პრიორიტეტიც.

თუ ეს არ მოხდება, მაშინ, რიაბკოვის თანახმად, შესაძლოა დაზიანდეს აშშ-ის და „მთელი ევროპული კონტინენტის“ უსაფრთხოება. ამასთან, რაიბკოვმა მკაფიო პასუხი არ გასცა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როგორი შეიძლება იყოს კრემლის პასუხი ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან მოსკოვის მიერ მოთხოვნილ გარანტიებზე უარის თქმის შემთხვევაში.

ამასთან, რუსმა დიპლომატმა რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაზე თავდასხმას.