თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი, რომლითაც უწყება მოითხოვდა გაუქმებულიყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების წაშლაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდარღვევათა ოქმი. გადაწყვეტილება მოსამართლემ 11 იანვარს გამოაცხადა. ინფორმაციას ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
ამავე გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრო აღარ ითვლება სამართალდამრღვევად და მას აღარ აქვს მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს წაშლის ვალდებულება.
"მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს", - აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოსგან დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მათი უწყების გაუქმებამდე მიიღებს, რათა შეძლონ საქმის გასაჩივრება. მმართველი პარტიის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონით, 1 მარტიდან უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ბაზაზე ორი ახალი უწყება იქმნება. ამ კანონითვე თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას უწყების მოქმედი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს. იგივე პოზიცია აქვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.
ასევე ნახეთ სახელმწიფო ინსპექტორი: უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქციაინსპექტორის სამსახურის გაუქმებამდე, 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანის ორი ვიდეო გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული კადრები ასახავდა პატიმრის პროტესტს, რომელიც უარს ამბობდა საკუთარი ნებით გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შესვლაზე.
კადრების გასაჯაროება, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმრის ღირსების შემლახავად მიიჩნია, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მაღალი საჯარო ინტერესით გაამართლა.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი: გავრცელებული კადრებით სააკაშვილის პატივის, ღირსების უფლება დაირღვასახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობას აცხადებდა. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანა.