„თავის ტკივილი დაგვეწყო“ - რამ გამოიწვია მძაფრი სუნის გავრცელება ბათუმში

ბათუმი

8 იანვარს პაციენტებმა ბათუმელ ექიმ-კარდიოლოგს, ზეინაბ დიასამიძეს აუტანელი სუნით გამოწვეული სხვადასხვა ჩივილით მიმართეს. 

„თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება აწუხებდათ, ვინც ალერგიური არაა. ვინც მგრძნობიარეა ქიმიური აგენტების მიმართ, იმათ უფრო ღრმად გასული ჩივილები ჰქონდათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექიმი.

ბათუმელებმა ქალაქში ბუნებრივი აირისა და ნავთობის მძაფრი სუნი 7 იანვრის საღამოდან იგრძნეს. ზღვის სანაპიროს სიახლოვეს მდებარე კორპუსებიდან მოსახლეობა გაზის მიმწოდებელ კომპანიაშიც კი რეკავდა, ბუნებრივი აირის გაჟონვა ეგონათ, სხვები სოციალურ ქსელებში ჩიოდნენ.

გემი როცა იტვირთება, ტანკერში, სადაც ნავთობი ისხმება, გროვდება გაზი, რომელიც გაზის მილებით ჰაერში იფრქვევა. ახლა იმიტომ წამოიღო ქალაქისკენ სუნი, რომ დიდი რაოდენობით ნავთობი ჩატვირთეს...
მეზღვაური

ბათუმელი ეკა ორბელაძე, რომელიც ზღვის სანაპიროს გასწვრივ, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობს, ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლში ფანჯრებიდან იმდენად აუტანელი სუნი აღწევდა, რომ ოჯახის წევრებს თავის ტკივილიც კი დაეწყოთ:

„თავდაპირველად ვნახე ძალიან ბევრი სტატუსი სოციალურ ქსელში, ბარცხანისა და ბენზეს დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები წერდნენ. როცა მე გამოვაღე ფანჯარა, სახლში ბუნებრივი აირის მსგავსი საშინელი სუნი შემოვიდა. განიავება იყო შეუძლებელი. მე, ჩემი ოჯახის წევრებს და, შემდეგ როგორც გაირკვა, მეგობრებსაც თავის ტკივილები დაგვეწყო, ამ სუნის გამო. გარეთ გასვლა იყო შეუძლებელი. შემდეგ როგორც გავიგე, იყო ნავთობტერმინალზე გადაზიდვის თუ რაღაც პროცედურების გამო“, - ამბობს ეკა ორბელაძე.

ყოფილმა მეზღვაურებმა, რომლებიც 8 იანვარს ბათუმის ნავსადგურის სანაპიროზე იჭერდნენ თევზს, მძაფრი სუნის უეცარი გავრცელების მიზეზი მალევე ივარაუდეს.

ბათუმის პორტი

„40 წელი ვმუშაობდი მასეთ გემებზე. გემი როცა იტვირთება, ტანკერში, სადაც ნავთობი ისხმება, გროვდება გაზი, რომელიც გაზის მილებით ჰაერში იფრქვევა. ახლა იმიტომ წამოიღო ქალაქისკენ სუნი, რომ დიდი რაოდენობით ნავთობი ჩატვირთეს, თან იმ საღამოს ქარი იყო. მაგრამ მომწამვლელი არაა და არც საპანიკოდ გვაქვს საქმე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 70 წელს გადაცილებულმა მეზღვაურმა.

მეორე, ასაკოვანი მეზღვაური კი წუხს, რომ გემში ნავთობის ჩატვირთვისას სპეციალურ ფილტრებს არ იყენებენ: „ამ ნავთობით მილიონებს შოულობენ, გამფილტრავ დანადგარებს კი არ აყენებენ. ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ გაწმენდილი აღწევს ჰაერში“.

ნავთობის გოგირდწყალბადის, ნახშირწყალბადების С1-С10, არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა ზღვრულად-დასაშვები ნორმების საზღვრებშია, რაც დასტურდება ოქმებით...
ბათუმის ნავთობტერმინალი

კარდიოლოგი ზეინაბ დიასამიძე ეჭვობს, რომ სუნი გამოიწვია ნავთობპროდუქტების არასრული თერმული დაშლისას გამოყოფილმა მომწამლავმა ნივთიერებებმა. „როცა უპასუხისმგებლოდ ხდება მათთან ურთიერთობა, მაშინ ჰაერში დიდი კონცენტრაციით ვრცელდება ეს მომწამლავი აირები... ეს რომ ცივილიზებული ქვეყნის პორტში მომხდარიყო, მთავრობის გადადგომამდე მივიდოდა საქმე. ჩვენ ბათუმში კი ღირსადაც არ ჩაგვთვალეს, რომ ახსნა-განმარტება მოეცათ ადამიანებისთვის, რა მოხდა და საიდან იყო ასეთი მძაფრი სუნი“, - ამბობს დიასამიძე.

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალში“ უარყოფენ, რომ 8 იანვარს ქალაქში გავრცელებული სუნი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, და განმარტავენ, რომ ნედლი ნავთობი ტანკერში, 7 იანვრის საღამოს, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩაიტვირთა. განცხადება მათ 9 იანვარს, გვიან საღამოს გაავრცელეს.

„ბათუმის ნავთობტერმინალის რეაგირების ჯგუფი, საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიის ეკოლოგიური მონიტორინგის სექტორი, ეკოლოგიური მონიტორინგის დარგში საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების ფარგლებში, საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, სტანდარტულ რეჟიმში ახორციელებდნენ ატმოსფერული ჰაერის სინჯების აღებას. შედეგად, ნავთობის გოგირდწყალბადის, ნახშირწყალბადების С1-С10, არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა ზღვრულად-დასაშვები ნორმების საზღვრებშია, რაც დასტურდება ოქმებით, ასევე, აღნიშნული პერიოდისთვის წყლის მონიტორინგმა არ დაადასტურა ბათუმის ნავთობტერმინალის პასუხისმგებლობის ზონაში რაიმე სახის ნავთობპროდუქტის ან ნავთობის დაღვრის ფაქტები“, - წერია შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმი

ზღვაში ნავთობის ჩაღვრა ვერ აღმოაჩინა გარემოს დაცვის სამსახურმა, რომელიც ბათუმში მძაფრი სუნის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს. გარემოს დაცვის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ნატო დავითაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეტყობინება 7 იანვარს საღამოსვე მიიღეს:

„საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ზღვაში რაიმე სახის ნივთიერების ჩაღვრის ან დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა. ამასთან, ინსპექტირების სამსახურის მიერ დაწყებულია საქმის წარმოება ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე გემის ნედლი ნავთობით დატვირთვის ფაქტზე“.

ნატო დავითაძის თქმით, საქმის წარმოებას გარკვეული დრო სჭირდება, შესაბამისად, ჯერ რთულია იმის თქმა, როდის გამოქვეყნდება საბოლოო დასკვნა, რამ გამოიწვია ბათუმში მძაფრი სუნის გავრცელება და იყო თუ არა ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათო