აშშ ადასტურებს სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ ალიანსები

ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციების ხელმძღვანელებმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში დღეს, 10 იანვარს დაგეგმილ მოლაპარაკებამდე წინასწარი შეხვედრა გამართეს. საქმიანი ვახშმის ფორმატით, გასულ ღამით გამართული შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის ინფორმაციით, უენდი შერმანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ერთგულებას ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და მათ მიერ ალიანსების თავისუფლად არჩევის საერთაშორისო პრინციპებისადმი. შერმანმა დაადასტურა, რომ აშშ მზად არის რუსეთთან განიხილოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, თუმცა, ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობას არ აპირებს ევროპელი მოკავშირეების და პარტნიორების გარეშე.

ასევე ნახეთ ბორელი: ევროკავშირი გარედან მაყურებლად ვერ დარჩება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა შეხვედრას უწოდა რთული, მაგრამ საქმიანი. რიაბკოვი მიიჩნევს, რომ 10 იანვრის რაუნდზე მხარეები დროს ტყუილად არ დაკარგავენ. ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი მზად კომპრომისისთვის, რიაბკოვმა უპასუხა, რომ კომპრომისისთვის მზად ამერიკელები უნდა იყვნენ.

სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე აშშ-რუსეთის დღევანდელი მოლაპარაკების ფონია უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის თავმოყრა და აშშ-ისა და ნატოსადმი მოსკოვის მოთხოვნები.

2021 წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.