Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: ევროკავშირი გარედან მაყურებლად ვერ დარჩება


ევროკავშირს სურს მონაწილეობა აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებაში, უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირს არ სურს და თავს უფლებას ვერ მისცემს, იყოს გარედან მაყურებელი, რომლის გარეშეც გადაწყვეტილებებს იღებენ.

ბორელის თქმით, თუ მოსკოვს სურს იანვარში დაიწყოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის და უსაფრთხოების გარანტიების განხილვა, ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს და აშშ-ს და მოლაპარაკებაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ევროკავშირიც. ჟოზეპ ბორელის თანახმად, მსგავს მოლაპარაკებებს აზრი ექნება მხოლოდ ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით და ევროკავშირის მონაწილეობით.

უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვს სურს სიტუაცია, როცა ორი მხარე ერთმანეთში იყოფს გავლენის სფეროებს და სურს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე მოლაპარაკება ევროკავშირის ჩართვის გარეშე, რაც აბსურდია და ევროკავშირი ამას არასდროს დათანხმდება.

„ევროპის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, აქ საუბარი ჩვენზეა და ამაზე უბრალოდ ვერ მოილაპარაკებენ აშშ და რუსეთი ან ნატო და რუსეთი, თუ მოსკოვს ეს ასე წარმოუდგენია", - განაცხადა ბორელმა. მისივე თქმით, დღეს არ არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი და "იალტა 2" ვერ იქნება.

ჟოზეპ ბორელმა სრულიად მიუღებელი უწოდა რუსეთის მოთხოვნებსაც უსაფრთხოების გარანტიების და აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტის შესახებ. მისი განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს რომელიმე ალიანსში შესვლა-არშესვლის საკითხი და ეს დისკუსიის საგნად ვერ იქცევა.

რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკება 10 იანვარს, ჟენევაშია დაგეგმილი. 28 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესები გათვალისწინებული იქნება, რადგან აშშ-ის პრინციპია არაფერი მათ გარეშე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

XS
SM
MD
LG