ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის "სამშვიდობო ძალების" მეთაურად დაინიშნა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი. ამის შესახებ დღეს, 7 იანვარს მოსკოვში, ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა. მისი ინფორმაციით, რუსეთის "სამშვიდობო ძალების" შემადგენლობაში არიან საჰაერო-სადესანტო ძალების სპეცრაზმის 45-ე ბრიგადა, 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია და 31-ე ბრიგადა.
BBC-ს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჰაერო-სადესანტო ძალების 45-ე ბრიგადა, რომელიც რუსული არმიის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ დანაყოფად მიიჩნევა, მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომებში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, ყირიმის ანექსიის ოპერაციაში და საბრძოლო მოქმედებებში სირიის ტერიტორიაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყაზახეთში გაგზავნილი სამხედროების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა 6 იანვარს, სააგენტო „რია-ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალების სამხედროთა საერთო რაოდენობა 2500-ია.
დღეს, 7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთი ყაზახეთში გზავნის 150 სამხედროს, ხოლო ტაჯიკეთი 200-ს. 6 იანვარს, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყაზახეთში გაგზავნა საჰაერო-სადესანტო ძალების ასეული. მანამდე სომხური მედია იუწყებოდა, რომ ერევანი ყაზახეთში მიავლენს 70 სამხედროს. შესაბამისად, ყაზახეთში „კოლექტიური სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია სწორედ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებით.
ასევე ნახეთ "ყაზახეთის აღება" - როგორ შევიდა და რა ამოძრავებს რუსეთს?ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დასახმარებლად 5 იანვარს მიმართა. ამ ორგანიზაციის წევრები არიან: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. მათ შორის მოქმედი ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიურ საფუძველზე ერთმანეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ორგანიზაციას, სადაც წამყვან როლს რუსეთი ასრულებს, სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები ჰყავს.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება. საწვავის ამ სახეობას ავტომფლობელების უმრავლესობა იყენებს.
ასევე ნახეთ "მოხუცო, წადი" - როგორ გადაიზარდა სოციალური პროტესტი პოლიტიკურ გამოსვლებში და რას ამბობს "ყაზახეთის გაკვეთილი"?4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა დათანხმდა ფასის შემცირებას, თუმცა, ამ დროისთვის საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა. 4 იანვარს, გვიან ღამით ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც.
5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი ალმათიში დაიწყო "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია". პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სპეცოპერაციის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ალმათიში მასობრივ არეულობებს აწყობენ "ნამდვილი ტერორისტების" დაჯგუფებები, რომლებმაც "სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ და ყაზახეთზე მათი თავდასხმა აგრესიის აქტად უნდა განიხილონ". ვინ იყვნენ ამ დაჯგუფებებში და სად მოემზადნენ, ტოყაევს არ უთქვამს.
7 იანვრის დილის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. ალმათიში შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლული სამოქალაქო პირების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია. 6 იანვარს ქალაქის პოლიციაში აცხადებდნენ, რომ ლიკვიდირებულია მასობრივი არეულობების ათეულობით მონაწილე. 7 იანვარს დილით, სააგენტო „ინტერფაქსი“ ყაზახეთის შსს-ზე დაყრდნობით წერდა, რომ „ლიკვიდირებულია 26 დამნაშავე, კიდევ 18 დაჭრილია“. შსს-ს ცნობითვე, დაკავებულია 3 ათასზე მეტი პირი.