შიმშილობა საბჭოთა ყაზახეთში - როგორ დაიღუპა მილიონ-ნახევარი ადამიანი

ალმათიში იმ შენობის წინ, სადაც ადრე საბჭოთა უშიშროების სამსახური იყო, მონუმენტი დგას - გამხდარ ქალი ხელში მომაკვდავი ბავშვით. ეს არის მემორიალი იმ შიმშილობის მოსაგონრად, რომელმაც 1931-33 წლების ყაზახეთში სულ მცირე მილიონ-ნახევარი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ისტორიკოსების გათვლებით, შიმშილობას, რომელიც ყაზახეთში დაჩქარებულ კოლექტივიზაციას მოჰყვა, მინიმუმ მილიონ-ნახევარი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტი იყო.

1980 წელს ყაზახეთის უნივერსიტეტის პროფესორ თალას ომარბეკოვს ნება მისცეს, შიმშილობასთან დაკავშირებული საარქივო ჩანაწერები ენახა. მისი თქმით, დაღუპულთა რაოდენობად იქ 2,3 მილიონი ადამიანი ეწერა. ამასთან, საუბარია მხოლოდ ეთნიკურად ყაზახ მოსახლეობაზე. თუ დავამატებთ სხვა ეთნოსებსაც, გამოდის, რომ მაშინ ყაზახეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი გაწყდა, - ივარაუდა პროფესორმა ომარბეკოვმა.

ალმათიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ველზე, სადაც გლეხებს ბაღჩეული და ხორბალი მოჰყავთ, დღემდე ჩანს ყორღანები - აქ შიმშილობის დროს დახოცილებს მარხავდნენ. ადგილობრივებს უფროსების მოყოლილი საშინელი ამბებიც კარგად ახსოვთ.

ყურალ თოქმურზინი რადიო თავისუფლების ყაზახურ ბიუროსთან საუბრისას იხსენებს, რომ კოლექტივიზაცია ყაზახეთში კულაკებზე „ნადირობით“ დაიწყო. კულაკებში იგულისხმებოდნენ ისინიც, ვისაც რამდენიმე ძროხა ან ათიოდე ცხვარი ჰყავდა. ამბობს, რომ მაშინ, უსახსროდ დატოვებული ხალხი შუა რუსეთში, ირანში ან უზბეკეთში გადასახლდა. დარჩენილებმა ტანჯვით, მაგრამ მაინც შეძლეს პირველ ზამთარს თავი გაეტანათ, შემდეგ კი უკვე შიმშილობა დაიწყო.

იმ წლებზე საუბრისას ყურალ თოქმურზინს ბიძამისი შითანი ახსენდება. ის სამუშაოს საშოვნად დღევანდელ ვოლგოგრადში წავიდა, მაგრამ შემდეგ ისევ უკან დაბრუნება განიზრახა, რადგან გაიგო, რომ მთავრობა ყაზახეთში დახმარებას ანაწილებდა. შითანს უთხრეს, გზები გვამებითაა მოფენილი, ცხედრებს მგლები ჭამენ, ნადირი თავს დაგესხმება, ან კიდევ უარესი, კანიბალების რომელიმე ჯგუფს ჩაუვარდები ხელშიო. მაინც გადაწყვიტა, წამოსულიყო. შემდეგ ძმისშვილს გაუმხილა, რომ გზაზე მართლაც აედევნა რამდენიმე კაცი და მათგან თავის დასაღწევად გაყინულ მდინარეში გადახტომა მოუხდა.

ასევე ნახეთ კანიბალთა კუნძული: სტალინის ეპოქის ყველაზე შემზარავი შრომითი ბანაკი

ყაზახეთის სოფელში მცხოვრები ტატიანა ნევადოვსკაია 19 წლის იყო, როდესაც იმ პროცესების დოკუმენტირება დაიწყო, რომელიც მის გარშემო ხდებოდა. ფოტოაპარატი ჰქონდა და სურათებს იღებდა. 1933 წლის გაზაფხულზე გზაზე მიმავალმა ძალიან გამხდარი კაცი შენიშნა. მამაკაცი წყალს და საჭმელს ითხოვდა. გოგონა გაიქცა და წყალი გამოუტანა. რომ ნახა, როგორ ხარბად დაეწაფა უცხო, ისევ სახლში შევარდა, რომ ახლა პური და ცოტაოდენი შაქარი წამოეღო. უკან დაბრუნებულს კაცი უკვე მკვდარი დახვდა.

„20-იანი წლების ბოლოს, სტალინი ერთპიროვნული მმართველი ხდება და იწყებს განხორციელებას თავისი მთავარი ამოცანის - დაიმორჩილოს სოფელი. მაქსიმალურად ამოქაჩოს მისგან რესურსი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის გასავითარებლად სჭირდება. ეს ინდუსტრია, თავის მხრივ, სამხედრო ძლიერების საფუძველია. რა თქმა უნდა, ამ კონვეიერში ასობითათასობით და მილიონობით ადამიანი იჭყლიტება. ისინი უუფლებოდ, ფაქტობრივად ბატონყმურ დამოკიდებულებაში დარჩნენ სახელმწიფოს პირისპირ. ჰოლოდომორი ამ კამპანიის შედეგი იყო, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი ირაკლი ხვადაგიანი.

ყაზახეთში დაღუპული ადამიანები მხოლოდ ნაწილი იყო იმ მასობრივი შიმშილობისა, რომელმაც ყაზახეთთან ერთად უკრაინა, ჩრდილოეთი კავკასია, დასავლეთი ციმბირი, ვოლგის რეგიონი მოიცვა და, მთლიანობაში, საბჭოთა კავშირში 14 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. ციფრები ამ შემთხვევაშიც მიახლოებითია - საბჭოთა რეჟიმის დროს ამ ფაქტებზე ღიად არ საუბრობდნენ, უკვე შემდეგ კი დეტალების დაზუსტება საკმაოდ გართულდა.

ასევე ნახეთ „სტალინმა მთელი მსოფლიოს გაცურება მოახერხა“. დავიწყებული შიმშილობა „ჰოლოდომორი“ რუსეთში

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ საბჭოთა კოლექტივიზაციის შედეგად ერთიანდებოდა მთელი რესურსი, ამ შემთხვევაში, მოსავალი თუ საქონელი. ხალხს მხოლოდ მინიმუმს უტოვებდნენ, ძირითადი ნაწილი კი სახელმწიფოს მიჰქონდა.

კოლექტივიზაციასთან დაკავშირებული დოკუმეტების დიდმა ნაწილმა დღის სინათლე პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იხილა, მაშინ როდესაც ადგილობრივი არქივები ჟურნალისტებისა და მკვლევრებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

იყო თუ არა დაჩქარეული კოლექტივიზაცია გამიზნულად ეთნოსების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ამასთან დაკავშირებით ერთი აზრი არ არსებობს. უკრაინაში ამ შიმშილობას - ჰოლოდომორს, უკვე უწოდეს გენოციდი. რაც შეეხება ყაზახეთს, ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირი მიზანმიმართულად დევნიდა ადგილობრივ მოქარავნეებს და რომ ამ ყველაფრის მიღმა მართლაც შეიძლება იკვეთებოდეს არა ზოგადად ხალხზე, არამედ ეთნოსზე ძალადობის ნიშნები.

ტორონტოს უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი ლინ ვიოლა ერთ-ერთი მათგანია, ვინც სტალინურ რეჟიმს სწავლობდა. კონფერენციაზე, რომელიც სტალინიზმის ისტორიას მიეძღვნა, მან განაცხადა, რომ მომხდარი არა ეთნოსების, არამედ სოციალური ჯგუფების წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, ეს იყო ერთგვარი ქალაქური რევოლუცია, განხორციელებული იმ პარტიის მიერ, რომელმაც სოფლის მეურნეობის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა, მეტიც, ეზიზღებოდა კიდეც გლეხები.

საარქივო მასალები, რომელიც მან ნახა, დაწვრილებით აღწერდა მომხდარს, რაც აშკარად მიუთებს იმაზე, რომ მოსკოვში ყველამ კარგად უწყოდა, როგორი კრახი განიცადა დაჩქარებულმა კოლექტივიზაციამ. „გენოციდზე უარესი“, - ასე შეაფასა მომხდარი ლინ ვიოლამ:

შიმშილობის თემა მთლიანად პოლიტიკური ხასიათისაა. რუსული მხარე ამბობს, ჩვენც ხომ დავზარალდითო. დიახ, ისინიც დაზარალდნენ. მაგრამ, თუ შიშველ რიცხვებს შევხედავთ, ზოგიერთი ჯგუფები უფრო მეტად არიან დაზარალებულები. ამ ერებს გაცილებით მეტი უბედურება დაემართათ, ვიდრე შიმშილია. საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს კოლონიალური დამოკიდებულება, რომელიც მოსკოვსა და სხვა ბევრ რესპუბლიკას შორის არის, შეიძლება გენოციდზე გაცილებით უარესიც კი იყოს“.