ყოველი წლის ზაფხულში რუსეთის ქალაქ ტომსკის მცხოვრებთა მცირე ჯგუფი 550-კილომეტრიან გზას გადის მდინარე ობის შუაგულში მდებარე ნაზინსკის კუნძულისაკენ, რათა გვირგვინებით შეამკოს იქ აღმართული ხის ჯვარი. ამ მსვლელობით აღინიშნება იმ შემზარავი მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნა, რასაც, გადმოცემით, აქ ჰქონდა ადგილი 1933 წლის ზაფხულში.
თუმცა წელს პილიგრიმებმა ეს ვერ მოახერხეს. „წყალდიდობის გამო მთელი კუნძული დაიტბორა“, - ამბობს ვალერია შტატოლკინა, რომელიც ყოველ წელს დადის ნაზინსკის კუნძულზე, რათა პატივი მიაგოს იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც შეიწირა საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის მიერ კლასობრივი მტრების წინააღმდეგ გატარებულმა სასტიკმა სოციალურმა ექსპერიმენტმა, რაზეც რუსეთის დღევანდელი ლიდერები დუმილს ამჯობინებენ.
85 წლის წინ, მაისის თვეში, ნაზინსკის კუნძულზე ხის ბარჟების მცირე ფლოტილიამ 3 000-მდე ე.წ. გადასახლებულები გადასხა, რომლებიც, ბრძანების თანახმად, „სპეციალურ ბანაკში“ მიჰყავდათ (ასე იწოდებოდა იმხანად საბჭოთა სადამსჯელო სისტემის, გულაგების, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაწესებულება, სადაც რეპრესირებული იქნა მილიონობით ადამიანი). როგორც გაირკვა, სამი ათასი პატიმრიდან 23 გზაშივე გარდაიცვალა.
აუცილებელი ნივთების, თავშესაფრისა და საჭმლის გარეშე დარჩენილი გადასახლებულები, რომლებიც შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს დაეხვრიტა შეიარაღებულ დაცვას, თუკი რომელიმე მათგანი გაყინული მდინარის გადაცურვით გაქცევას შეეცდებოდა,ძალიან მალე ხდებოდნენ შიმშილის, ავადმყოფობისა და სასტიკი კრიმინალური ელემენტების მხრიდან ძალმომრეობის მსხვერპლი. ამასობაში, გადასახლებულებით სავსე ბარჟებს მდინარის ნაპირზე, სადაც ჯერ კიდევ არ იყო აშენებული ბანაკი, პატიმრების ახალ-ახალი პარტიები გადაჰყავდა.
ვრცელდებოდა ინფორმაციები კანიბალიზმის ძალიან ბევრი შემზარავი შემთხვევის შესახებ, რის გამოც ადგილობრივებმა ნაზინსკის კუნძულს კანიბალებისა და სიკვდილის კუნძული უწოდეს.
უკვე აგვისტოსათვის 4 ათასი ადამიანი ითვლებოდა დაღუპულად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 1933 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებული ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, 6 700 პატიმრიდან, რომლებიც სამი კილომეტრის სიგრძისა და 600 მეტრი სიგანის დაჭაობებულ ნაზინსკის კუნძულზე გადაასახლეს, მხოლოდ 2 200 კაცი გადარჩა.
ცოცხლათაგან მხოლოდ 300 კაცი იქნა მიჩნეული შრომისუნარიანად.
„ერთხელ სიკვდილის კუნძულიდან ჩვენს სახლში ერთი ქალი მოიყვანეს“, - იხსენებდა 1989 წელს ფეოფილა ბილინა, სოფელ ნაზინოს ერთ-ერთი მკვიდრი. - „იგი სხვა ბანაკში გადაჰყავდათ... ღამის გასათევად უკანა ოთახში შეიყვანეს. დავინახე, რომ ბარძაყებზე ხორცი მოჭრილი ჰქონდა. როცა შევეკითხე, მიპასუხა, ეს სიკვდილის კუნძულზე დამმართეს, მომაჭრეს და შეჭამესო. ამის გამო ფეხები ეყინებოდა და ისინი ტილოებში ჰქონდა გახვეული. თავისით სიარული შეეძლო. ბებერს ჰგავდა, თუმცა მხოლოდ 40-ზე ცოტათი მეტის იქნებოდა“.
ნაზინსკის ეს ტრაგედია უმოწყალო საბჭოთა სისტემის შედეგია.
შაბათს დეიდაჩემის სანახავად წავედი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. მივედი, კარზე დავაკაკუნე და ვიდრე კარებს გამიღებდნენ, მილიციამ იქვე ამიყვანა. დამაპატიმრეს, რადგან პასპორტი თან არ მქონდა.
საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელის ჰენრიხ იაგოდასა და საბჭოთა გულაგების სისტემის თავკაცის მატვეი ბერმანის მიერ მოფიქრებული სასტიკი სადამსჯელო პროექტის ფარგლებში, გადასახლებული იქნა საბჭოთა კავშირის, დაახლოებით, 2 მილიონი მცხოვრები, რომლებიც ციმბირისა და ყაზახეთის შორეულ ადგილებში მიმოფანტეს. იდეის ავტორთა გეგმით, გადასახლებულები შეძლებდნენ მილიონობით ჰექტარი მიწის ათვისებას და თვითკმარი თემების ჩამოყალიბებას. გეგმა ნაწილობრივ ითავლისწინებდა, ასევე, მიჩქმალვას ქვეყანაში მძვინვარე შიმშილობისა, რამაც საბჭოთა კავშირის ბევრი ადგილი, განსაკუთრებით კი უკრაინა მოიცვა.
„გადასახლების“ იდეის განსახორციელებლად საბჭოთა მთავრობამ აღადგინა შიდა პასპორტების კაცთმოძულე სისტემა, რომელიც 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ აიკრძალა.
მალევე მილიციამ დაიწყო იმ ადამიანებზე ნადირობა, რომლებიც რეგისტრაციის ადგილის მიღმა, დარღვევით ან უსაბუთოდ იმყოფებოდნენ.
„როგორ მოხვდი აქ?“- შევეკითხეთ ერთ-ერთ ახალგზარდა კაცს, იხსენებს ბილინა ზეპირ ჩანაწერში. „მე არაფერი ჩამიდენია. მოსკოვში სტუდენტი ვიყავი. შაბათს დეიდაჩემის სანახავად წავედი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. მივედი, კარზე დავაკაკუნე და ვიდრე კარებს გამიღებდნენ, მილიციამ იქვე ამიყვანა. დამაპატიმრეს, რადგან პასპორტი თან არ მქონდა“.
1989 წელს საკუთარ ისტორიას მოჰყვა ასევე ვერა პანოვაია, სოფელ უსტ-ტიმას მცხოვრები, რომელიც კანიბალთა კუნძულის ბინადარ კუზმა სალნიკოვს პირადად შეხვდა:
„იგი ნოვოკუზნეცკელი მაღაროელი იყო, დაოჯახებული, ორი შვილის მამა. ერთხელ ნოვოსიბირსკში ჩასულა და იქაურ გასტრონომში შესულა“, - იხსენებს პანოვაია. „ამ დროს, მილიციამ ალყა შემოარტყა მაღაზიას, მოაწყო ჩხრეკა და დააპატიმრეს ყველა, ვისაც კი თან დოკუმენტი არ ჰქონდა. ყველა, ქალიან-კაციან-ბავშვიანად, ბარჟებზე შეყარეს და ნაზინსკის კუნძულზე გადასხეს“.
„იქ საჭმელი არ იყო “, - განაგრძობს თხრობას პანოვაია. „ადამიანები შიმშილისაგან იტანჯებოდნენ. კუნძულზე გადასხდომის შემდეგ დაცვამ მათ პატარ-პატარა პურის ნაჭრები დაურიგა. ვისაც პური შეხვდა, შეჭამა. დანარჩენი მშივრები დარჩნენ. სალნიკოვიც იქ იყო, მან გაქცევა მოახრეხა. მდინარე გადაცურა და თავი ჩვენს სოფელს შეაფარა, სადაც კოლექტივის ფერმაში დაიწყო მუშაობა“.
ამასობაში კი მილიცია ძალიან სწრაფად მუშაობდა. როდესაც ტომსკში პირველი 25 ათასი კაცი ჩაიყვანეს 1933 წლის აპრილში, ბანაკი ჯერ აშენებული არ ყოფილა. პატიმრები ერთ ადგილზე იყვნენ შეგროვებულნი, ვერ ხერხდებოდა მათი ბარჟებით გადაყვანა, რადგან მდინარეები ტომი და ობი ჯერ კიდევ გაყინული იყო.
ხალხი მდინარისკენ გარბოდა, ქუდებში ყრიდნენ ფქვილს, წყალში ურევდნენ და ასე ჭამდნენ. სხვები კი, შიმშილისაგან სასომიხდილები, ცარიელ ფქვილს ჭამდნენ. ბევრი დაიხრჩო ამ ფხვნილისგან.
სტალინის გულაგებში, გავრცელებული პრაქტიკით, პოლიტპატიმრები და სხვა დამნაშავეები ერთად იყვნენ შეყრილნი, რასაც უნდა შეექმნა ტერორის ატმოსფერო. ტომსკში, გულაგის მუზეუმში, ინახება ცნობები, რომელთა თანახმად, ასეთი დამნაშავეები იმყოფებოდნენ ნაზინსკის კუნძულზეც.
ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა კითხვაზე, უჭამია თუ არა მას ადამიანის ხორცი, თქვა, „არა, მე მხოლოდ გულებსა და ღვიძლებს ვჭამდიო“. დეტალებზე საუბრის დროს კი დააზუსტა: „ეს ძალიან მარტივად ხდებოდა. არყის ხეების ტოტებისაგან შამფურებს ვამზადებდით, ზედ ნაჭრებს ვაგებდით და ცეცხლზე ვწვავდითო“.
მისი ნაამბობის თანახმად, ისინი კლავდნენ და ჭამდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი დღე არ ეწერათ. „აშკარა იყო, რომ ისინი კვდებოდნენ, ერთ ან ორ დღეში დალევდნენ სულს. ასე რომ, ეს მათთვის შვება იყო! სწრაფი, უმტკივნეული სიკვდილი სჯობდა კიდევ ორი-სამი დღის ტანჯვას“.
სხვები აღწერენ, თუ როგორ ჰყავდათ მიბმული ხეებზე ქალები, რომლებსაც კაცები მკერდს, ბარძაყის ხორცსა და სხეულის სხვა ნაწილებს აჭრიდნენ.
კიდევ ერთი დამნაშავე, რომლის ნაამბობიც ჩანაწერის სახითაა შენახული, იხსენებს თუ როგორ სცემდა იგი პატიმრებს, რათა თავისებური სტომატოლოგიური მეთოდით მათთვის ოქროს კბილები დაეძრო.
„სიგარეტი რომ შემეძინა“, - მიუგო მან, როცა ჰკითხეს თუ რატომ აკეთებდა ამას. „ხალხს მოწევა უნდოდა. თუთუნის, ასანთისა და გასახვევი ქაღალდის შეძენა კი მხოლოდ მცვლებისაგან შეგვეძლო“.
კანიბალების კუნძულზე დატრიალებული ამბები იმდენად შემზარავი იყო, რომ ადგილობრივმა კომუნისტმა ინსტუქტორმა, სახელად ვასილი ველიჩკომ, საკუთარი ძალებით 1933 წლის ივლისში გამოძიება დაიწყო. მან ათობით ადამიანი ჩაწერა და მოსკოვსა და ნოვოსიბირსკში 11-გვერდიანი მოხსენება გადაგზავნა. მის ამ მოხსენებას „განსაკუთრებული საიდუმლოს“ გრიფი დაედო და დღის სინათლე მხოლოდ 1994 წელს იხილა.
„ადამიანები იღუპებიან“, წერს იგი. „ისინი ცოცხლად იწვიან, როდესაც კოცონთან ახლოს სძინავთ. იღუპებიან სიცივისა და დაღლილობისაგან“.
„ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს კუნძლზე მიჰქონდათ ჭვავის ფქვილი და გადასახლებულებს მხოლოდ რამდენიმე ასეული გრამობით ურიგებდნენ. ამ ულუფის მიღების შემდეგ, ხალხი მდინარისკენ გარბოდა, ქუდებში ყრიდნენ ფქვილს, წყალში ურევდნენ და ასე ჭამდნენ. სხვები კი, შიმშილისაგან სასომიხდილები, ცარიელ ფქვილს ჭამდნენ. ბევრი დაიხრჩო ამ ფხვნილისგან“.
ნაზინსკის კუნძულიდან პატიმრების ევაკუაცია საბოლოოდ 1933 წლის ივლისში მოხდა. აგვისტოში, როდესაც ველიჩკომ ამ ადგილს მიაღწია, ყველა გადასახლებული უკვე გადაყვანილი იყო.
„ბალახი კუნძულზე ადამიანის თავამდე აღწევდა“, წერს იგი მოხსენებაში. „მაგრამ როცა ადგილობრივებმა ღობე აიღეს, მაშინვე უკან გამობრუნდნენ, რადგან ბალახებში მიმოფანტული გვამები და ჩონჩხებით სავსე აკლდამები აღმოაჩინეს“.
ვასილი ველიჩკოს მოხსენებამ მოსკოვში სენსაცია მოახდინა. კომუნისტურმა პარტიამ სპეციალური კომისია გაგზავნა ნაზინოში გამოძიების ჩასატარებლად, რომელმაც ანგარიშში მოყვანილი ბევრი ფაქტი დაადასტურა.
ყოფილი ბანაკის ზოგიერთი თანამშრომელი გაასამართლეს და ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ველიჩკოს მოხსენებას საიდუმლო გრიფი დაედო და არქივში იქნა გადამალული, თავად კი პარტიული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით ველიჩკო ჟურნალისტი გახდა და, როგორც სამხედრო კორესპონდენტი, მეორე მსოფლიო ომის დროს წითელ არმიასთან ერთად ბერლინშიც კი შევიდა.
ომის შემდეგ მან რამდენიმე ნოველა მიუძღვნა საბჭოთა პერიოდში დაწყებულ ციმბირის აღორძინებას, თუმცა კანიბალების კუნძულის შესახებ აღარაფერი დაუწერია.