საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთში მყოფი ქართველებისთვის 5 იანვარს გაააქტიურა ცხელი ხაზი, რომლითაც 6 იანვრის შუადღემდე უკვე ისარგებლა საქართველოს 8 მოქალაქემ და ისინი დროებითი საცხოვრებლებიდან და აეროპორტიდან უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.
ქუთაისის აეროპორტში 50-ზე მეტი ყაზახი ტურისტი ელოდება ატირაუში გაფრენას. თვითმფრინავი ჯერ ყაზახეთიდან 6 იანვრის დილას უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა რეისი გაურკვეველი ვადით არის გადადებული. აეროპორტების გაერთიანებას უჭირს ზუსტი დროის დასახელება, როდის აღდგება ყაზახური ავიაკომპანიების ფრენები - წერილს ამის შესახებ ისინი 5 იანვრის შემდეგ ელოდებიან. 5 იანვარს გაუქმდა თბილისის აეროპორტის რეისებიც ალმათიდან და აქტაუდან.
ქართველები ყაზახეთში
„9 იანვარს უნდა გამოვფრენილიყავით, მაგრამ თვითმფრინავის რეისები გადაიდო. აქ ყველაფერი ჩაკეტილია. ფაქტიურად „გავიჭედეთ“ 4 ადამიანი. რა შეიძლება გავაკეთოთ, ვინმემ თუ იცით, ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან ვინმეს თუ ნაცნობი გყავთ ალმათში, გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაღაზიებში არაფერი იყო, რომ გვეყიდა. საკვების მხრივ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს. ერთი სიტყვით, ყველანაირად ძალიან გვიჭირს და ვერაფერს ვახერხებთ. ინტერნეტის მდგომარეობაც ძალიან ცუდია, ხან იჭერს, ხან - არა და იქნებ რამენაირად დამეკონტაქტოთ“, - ამბობს ახალგაზრდა კაცი, ბაჩანა მელაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც 5 იანვარს გავრცელდა. მეგობრები მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვას სთავაზობენ, რაზეც პასუხობს, რომ იქაური ნომერი არ აქვს და სატელეფონო ზარები იბლოკება.
6 იანვარს ალმათის კომენდატურამ თქვა, რომ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია იწყებოდა. სააგენტო Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა, რომ დილით ალმათის მთავარ მოედანზე ჯავშანმანქანები და სამხედრო პირები გამოჩნდნენ. ქალაქის მერიის შენობასთან ისმოდა სროლის ხმებიც. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, რთულია იმის გარკვევა, რა ხდება ალმათიში და კონკრეტულად ვინ არიან შეიარაღებული პირები, რომლებიც ქალაქში მოქმედებენ.
ბაჩანას ვიდეოს გამოქვეყნებიდან 12 საათის შემდეგ, 6 იანვარს, თბილისის დროით დღის პირველ საათზე მისმა მეგობარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩანა და ალმათიში ჩარჩენილი კიდევ სამი საქართველოს მოქალაქე ქალაქიდან მოშორებით არიან გადაყვანილი და საფრთხე არ ემუქრებათ.
ამ ინფორმაციიდან დაახლოებით 1 საათში საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს საკონსულო ყაზახეთში კავშირზეა საქართველოს ყველა მოქალაქესთან, ვისაც დახმარება სჭირდება. საკონსულომ აქტაუს აეროპორტიდან სამი მოქალაქე წამოიყვანა, დაეხმარა ბაჩანა მელაშვილს და კიდევ სამ მოქალაქეს სხვა, შედარებით უსაფრთხო ქალაქში გადასვლაში და კიდევ ერთი მოქალაქე დააბინავეს ქალაქ ატირაუში, ასევე უსაფრთხო ადგილას.
„ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge“, - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოში
დაზუსტებით იმის თქმა, ყაზახეთის რამდენ მოქალაქეს სურს საქართველოდან სამშობლოში დაბრუნება, რთულია. 50-მდე მგზავრი ქუთაისის აეროპორტში 6 იანვრის დილიდან ელოდება ატირაუში გაფრენას. მათი უმეტესობა საქართველოში ტურისტად იმყოფებოდა.
საქართველოს ყაზახეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2011 წლიდან აქვს - ბოლო პერიოდში თბილისიდან ორი (ალმათიდან და აქტაუდან) და ქუთაისიდან სამი მიმართულებით (ნურ-სულთანი, ატირაუ, აქტაუ).
ყოველწლიურად იზრდება ყაზახეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც. აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ქუთაისის აეროპორტში პოსტპანდემიურ პერიოდში არცერთი ქვეყნიდან არ ჩამოდიოდა ისე რეგულარულად იმ რაოდენობის ტურისტი, როგორც ყაზახეთის ქალაქებიდან.
„ჩემი ქალაქი ნურ-სულთანია, სახლში ატირაუს გავლით ვბრუნდებოდი. ვზივართ, ველოდებით, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ავიაკომპანიისგან, როდის იქნება ფრენა. ბათუმში ვიყავით ერთი კვირით, ტურისტები ვართ. ლოდინის გარდა სხვა გზაც არ გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისის აეროპორტში მომლოდინეთაგან ერთ-ერთმა ახალგაზრდა კაცმა. ის ოჯახთან ერთად ელოდება პასუხს ავიაკომპანიისგან, როდის შეძლებს ყახაზეთში დაბრუნებას.
„აქ ატირაუდან ჩამოვედით დასასვენებლად, დავისვენეთ, დღეს დილას უნდა დავბრუნებულიყავით უკან, სახლში, მაგრამ, როგორც ხედავთ, რეისი გადადებულია. ველოდებით. გვესმის ყველაფერი. თანავუგრძნობთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ახლა თავისუფლებისთვის იბრძვიან. გვინდა, შინ მალე დავბრუნდეთ, რომ მათთან ერთად ვიყოთ. კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ ვერც საელჩოსთან თბილისში, ვერც ავიაკომპანიასთან. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება“, - გვითხრა შუახნის ასაკის ქალმა ქუთაისის აეროპორტში.
ზოგს ამ მყოფებიდან კომენტარის გაკეთება არ სურს, არიან ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით. უმეტესობას ხელში სმარტფონი უჭირავს და ცდილობს გაიგოს ახალი ამბები ყაზახეთიდან.
ყაზახეთის საელჩომ საქართველოში 6 იანვარს, დღის 3 საათისთვის გაავრცელა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორენოვანი განცხადება. მასში არაფერია ნათქვამი საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეების შესახებ. არც გადადებული ფრენებია ნახსენები. განცხადება ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ეხება. ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და რომ ყაზახეთმა კონტრტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად დახმარება სთხოვა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს“.
„ამავდროულად, სახელმწიფო განაგრძობს ჩვენი მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ხალხის ყველა წარმომადგენლის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფას, ასევე ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დაცული იქნება უცხოური ინვესტიციები და უცხოური კომპანიების ბიზნესი.
ყაზახეთის რესპუბლიკა ერთგულად დაიცავს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა სფეროში და განაგრძობს რეფორმების კურსს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ყ. ტოყაევის მიერ განხორციელებული „მსმენელი სახელმწიფოს“ კონცეფციის ფარგლებში.
ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინარჩუნებს მუდმივ კავშირს საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმდინარე საკითხზე“, - წერია ყაზახეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და თიბისი კაპიტალის მიერ ერთობლივად შესრულებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეების 66% დასასვენებლად ჩამოდის, 14% საქმიანი ვიზიტებისთვის. ყაზახი ტურისტების 25% საქართველოში 7-14 დღით რჩება და საშუალოდ 1818 ლარს ხარჯავს. მონაცემები 2016-2020 წლებში ტურისტული ნაკადების ანალიზის შედეგად არის მიღებული.
6 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ყაზახეთში ჯარი შეიყვანა საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად - სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება 353 მოკლული მოქალაქის შესახებ. პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ათეულობით „ექსტრემისტი“ იქნა „ლიკვიდირებული“ ქალაქში, როცა ისინი ადგილობრივი პოლიციის და მთავრობის შენობების „აღებას აპირებდნენ“. საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთის ქალაქებში 2 იანვარს, თხევად გაზზე გაზრდილი ფასების გამო დაიწყო და მალევე გადაიზარდა მასობრივ არეულობაში.
ასევე ნახეთ ყაზახეთში გრძელდება შეტაკებები, ჯარმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნაასევე ნახეთ სიღარიბე, კორუფცია და ცრუ დაპირებები - რა ხდებოდა ყაზახეთის ამბოხებამდე