რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები ყაზახეთში არიან

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროები ყაზახეთში მიემგზავრებიან. მოსკოვის ოლქი, 2022 წლის 6 იანვარი

ყაზახეთში "ამოცანების შესრულებას" უკვე შეუდგნენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მოწინავე ქვედანაყოფები, რომლებიც კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში არიან. ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თანახმად, ყაზახეთში გაიგზავნა კოლექტიური სამშვიდობო ძალები, რომლის შემადგენლობაში არიან რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.

ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის ყაზახეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობა და ქვეყანაში მათი დარჩენის ხანგრძლივობა. შედარებით დაკონკრეტებულია მხოლოდ ის, რომ კოლექტიური საშვიდობო ძალების შემადგენლობაში შევიდნენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები და სამხედრო ნაწილები.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განცხადებით, ყაზახეთში „დროის შეზღუდული პერიოდით“ გაგზავნილი სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანებია "მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა და ყაზახეთის მართლწესრიგის დამცველი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციის და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების მიზნით".

5 იანვარს, ღამით, ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა დასახმარებლად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. მათ შორის მოქმედი ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიურ საფუძველზე ერთმანეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ორგანიზაციას, სადაც წამყვან როლს რუსეთი ასრულებს, სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები ჰყავს.

ასევე ნახეთ "მოხუცო, წადი" - როგორ გადაიზარდა სოციალური პროტესტი პოლიტიკურ გამოსვლებში და რას ამბობს "ყაზახეთის გაკვეთილი"?

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო, საწვავად გამოყენებული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირების გამო. 4 იანვარს მთავრობა დათანხმდა ფასის შემცირებას, თუმცა, ამ დროისთვის საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა. 4 იანვარს, გვიან ღამით ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების და დარბევის ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი.

ასევე ნახეთ ალმათის კომენდატურა აცხადებს, რომ ქალაქში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყო

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.