ყაზახეთის უდიდესი ქალაქის, ალმათის კომენდატურამ განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღსადგენად დაიწყო ანტიტერორისტული სპეცოპერაცია.
ალმათიში ბოლო დღეებში დაწყებული მასობრივი არეულობების შედეგად, ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შექმნილ კომენდატურას ადგილობრივი პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს. კომენდატურა აცხადებს, რომ „არეულობების მომხრე რადიკალებმა ქალაქს მიაყენეს უდიდესი ზარალი და წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავთა კანონიერ ქმედებებს“.
ალმათის კომენდატურა ამ პირებს მოიხსენიებს "ექსტრემისტებად" და "მაროდიორებად", რომლებიც აზარალებენ ბიზნესს, საფრთხეს უქმნიან მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და აფერხებენ სამედიცინო სფეროს მუშაობას. კომენდატურის განცხადებითვე, „ბანდიტები კარგად ორგანიზებული არიან“, რაც ადასტურებს, რომ „ისინი სერიოზულად მოამზადეს საზღვარგარეთ“.
კომენდატურა არ ასახელებს, კონკრეტულად რა ძალები ატარებენ სპეცოპერაციას. 5 იანვარს, ღამით ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა დასახმარებლად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის წევრები არიან: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
სააგენტო Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დილით ალმათის მთავარ მოედანზე ჯავშანმანქანები და სამხედრო პირები განთავსდნენ. ქალაქის მერიის შენობასთან იყო სროლა პოლიციის ძალებსა და მერიასთან მყოფ პირებს შორის.
როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, ამ დროისთვის რთულია იმის გარკვევა, რა ხდება ალმათიში და კონკრეტულად ვინ არიან შეიარაღებული პირები, რომლებიც ქალაქში მოქმედებენ. მისივე ცნობით, არ არსებობს მონაცემები, რომ ეს პირები არიან ბოლო დღეებში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეები.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება. საწვავის ამ სახეობას ავტომფლობელების უმრავლესობა იყენებს.
4 იანვარს ყაზახეთის მთავრობა დათანხმდა ფასის შემცირებას, თუმცა, ამ დროისთვის საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკვე ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა. 4 იანვარს, გვიან ღამით ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი. რამდენიმე ათასმა ადამიანმა ალმათის მერიასთან პოლიციელების და მათ დასახმარებლად მობილიზებული სამხედროების კორდონები გაარღვია და შენობაში შეიჭრა. ქალაქში დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს არაერთი სამთავრობო და კერძო დაწესებულების შენობას.
დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი, თუმცა, ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ყაზახეთის შსს-ს განცხადება იმის შესახებ, რომ 5 იანვარს დაიღუპა პოლიციის და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი და 317 დაიჭრა.
5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იმავე დღეს, ტოყაევმა მოსახლეობისადმი ტელემიმართვისას თქვა, რომ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე აღარ არის ყაზახეთის ექსპრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ამ თანამდებობაზე, სამუდამოდ, შეუცვლელად უნდა ყოფილიყო.
პრეზიდენტ ტოყაევის განცხადებით, როგორც სახელმწიფოს მეთაური, უშიშროების საბჭოსაც თავად უხელმძღვანელებს და იმოქმედებს მოქალაქეთა სიცოცხლის და სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად. ყაზახეთის პრეზიდენტის თანახმად, ის არ დატოვებს ქვეყნის დედაქალაქს და ხალხთან ერთად იქნება. ტოყაევმა ისიც თქვა, რომ უახლოეს ხანში წარმოადგენს წინადადებებს ყაზახეთის პოლიტიკური ტრანსფორმაციისთვის.
წუხელ, ყაზახეთის პრეზიდენტმა მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა და განაცხადა, რომ ალმათიში მასობრივ არეულობებს აწყობენ "ნამდვილი ტერორისტები", ამიტომ აუცილებელია კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყება. ტოყაევის თქმით, ამ დაჯგუფებებმა "სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ და ყაზახეთზე მათი თავდასხმა აგრესიის აქტად უნდა განიხილონ". ვინ არიან ამ დაჯგუფებებში და სად მოემზადნენ, ტოყაევს არ უთქვამს.