გამოძიება პარლამენტში - რატომ ითხოვს სააკაშვილი თავის საქმეზე კომისიის შექმნას

პენიტენციური სამსახურის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრები ადასტურებს, რომ „ციხის საავადმყოფოში“ გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის ნების გარეშე, ძალის გამოყენებით მოხდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში", როგორც აცხადებენ, არ არის კონსენსუსი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე ემზადებიან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რაც ენმ-ის პარლამენტში დაბრუნების გარეშე შეუძლებელია.

ენმ-მა დაიწყო კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნის თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციას, 3 იანვარს, თავად პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის შექმნა მოახერხოს, კიდევ, სულ მცირე, 19 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება.

  • შეძლებს თუ ვერა „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 დეპუტატის შეგროვებას?
  • რა ფასი ექნება საგამოძიებო კომისიის დასკვნას და რამდენად სანდო იქნება ის მხარეებისთვის?
  • რას აჩვენებს წარსულის გამოცდილება?

იდეა და პერსპექტივა

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, თავდაპირველად, 2 კვირის წინ, „მთავარი არხის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააჟღერა. 3 იანვარს კი, ამ ინიციატივით თავად მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.

ხატია დეკანოიძე გვეუბნება, რომ მან ეს იდეა 2 კვირის წინაც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა, მაგრამ, რადგან მაშინ „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, პროცესი წინ აღარ წასულა.

„ახლა ქვეყანაში აღარ დაგვრჩა ინსტიტუტი, რომელიც გამოიძიებს ასეთ მძიმე დანაშაულებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, სწორედ ამ კომისიას ეძლევა რეალური ბერკეტი, რომ შეავსოს საგამოძიებო ვაკუუმი და დადოს პოლიტიკური დოკუმენტი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხატია დეკანოიძე.

ასევე ნახეთ "დისიდენტების მიმართ თუ იყენებდნენ ამ მეთოდს, ფსიქიატრიულში როცა მიჰყავდათ" - რეაქციები სააკაშვილის მიმართ მოპყრობის შესახებ

ენმ-ის წარმოდგენით, კომისიამ უნდა გამოიძიოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები“, რომლებიც გამოვლინდა, მათ შორის - პატიმარი ყოფილი პრეზიდენტის იძულებითი გადაყვანის დროს რუსთავის ციხიდან გლდანში, ციხის საავადმყოფოში.

ამ ეპიზოდის ამსახველი კადრები თავად იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა, რის გამოც უწყება სახელმწიფო იმსპექტორის სამსახურმა დააჯარიმა.

მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების ფაქტებზე სხვადასხვა დროს მიუთითებდნენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი.

ასევე ნახეთ ამნესტი ინტერნეიშენალი სააკაშვილზე: არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება

4 იანვარს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი გუნდმა უნდა განიხილოს, მაგრამ პირადად ის წინააღმდეგი არ იქნებოდა, შეიქმნას ასეთი კომისია.

„თუ ასეთი კომისია შეიქნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“, - თქვა კობახიძემ.

თუკი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, პარლამენტში შესვლა მოუწევთ ენმ-ის დეპუტატებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ ისევ ბოიკოტის რეჟიმში არიან.

ხატია დეკანოიძე გვეუბნება, რომ „ბოიკოტთან დაკავშირებით გუნდში ამ ეტაპზე ისევ არაერთგვაროვანი პოზიციაა“.

ასევე ნახეთ ხერხეულიძე: თუ ბოიკოტზე უარს ვიტყვით, ეს იქნება მხოლოდ სააკაშვილის საქმის გამო

რას ამბობს კანონი?

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად:

  • საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭიროა, სულ ცოტა, 50 დეპუტატის მხარდაჭერა.
  • დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
  • საგამოძიებო კომისიის ან თავმჯდომარე ან მდივანი აუცილებლად უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი;
  • საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება და ასევე, საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.

თუკი „ქართული ოცნება“ უარს იტყვის, მოგროვდება თუ არა კომისიის შექმნის მომხრე 50 ოპოზიციონერი დეპუტატი?

ენმ-მა პარლამენტში თავიდან 32-წევრიანი ფრაქცია შექმნა.

თუმცა ამჟამად მათ სათვალავზე 31 დეპუტატია, რადგან, თავის დროზე პარტიული სიების „ჩახსნის“ გამო, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ მანდატის დატოვების შემდეგ, მის ადგილს ვეღარავინ დაიკავებს.

თუკი ენმ-ის დეპუტატები პარლამენტს დაუბრუნდებიან, კომისიის შესაქმნელად, მათ კიდევ 19 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

  • მხარდაჭერისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატა „ლელოს“ ფრაქციამ - 7 დეპუტატის შემადგენლობით;
  • გარკვეული პირობები წამოაყენა, მაგრამ უარი არ უთქვამს „გირჩს“ - 4 დეპუტატის შემადგენლობით;
  • პარტიის გარკვეული იმედები უკავშირდება „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და უფრაქციო დეპუტატებს.

"ქართული ოცნების" უმრავლესობაში ამ ეტაპზე 84 დეპუტატია. თუკი მმართველი პარტია უარს იტყვის, გახარიას პარტიის 6 წარმომადგენელთან ერთად, ჯამში, 90 უარი გამოვა.

მომხრეთა ბანაკში: ენმ-ისა და "ლელოს" დეპუტატები, ჯამში, 38 მხარდამჭერს წარმოადგენენ და თუკი "გირჩსაც" (4 დეპუტატი) საბოლოოდ დაითანხმებენ, კომისიის შესაქმნელად, ენმ-ს 8 დეპუტატის მოძიება მოუწევს.

ხატია დეკანოიძე გვეუბნება, რომ შესაძლოა „ზღვარზე გავლა“ მოუწიოთ, მაგრამ "50 დეპუტატის შეკრება შესაძლებელია".

რა შეიძლება მოიტანოს ამ პროცესმა?

ენმ-ს არა აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ დაუჭერს მხარს საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს, მაგრამ, დეკანოიძის თქმით, თუკი კომისიამ მუშაობა შეძლო, მისი მიგნებები გამოძახილს აუცილებლად ჰპოვებს საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „თუ კომისია კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად დაკომპლექტდება და საკითხის სრულად გამოკვლევით იქნება დაინტერესებული“, აბსოლუტურად შესაძლებელია „არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტების და მისი პოლიტიკური მოტივების ჩვენება“.

რას აჩვენებს გამოცდილება?

სულ ბოლო საგამოძიებო კომისია მე-10 მოწვევის პარლამენტში, 2021 წლის თებერვალში შექმნა - 2020 წლის 31 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესასწავლად.

ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, ამ პროცესს უნდობლობა გამოუცხადა.

საბოლოოდ, კომისიამ იმუშავა 4 დეპუტატის შემადგენლობით. „ქართული ოცნების“ ორმა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა მუშაობა ივლისში დაასრულეს და დაასკვნეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

სწორედ საგამოძიებო კომისიის დასკვნა დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ საფუძვლად, როცა მან, 28 ივლისს, ანულირებულად გამოაცხადა „შარლ მიშელის შეთანხმება“.

კომისია აცხადებდა, რომ გადასათვლელად შეარჩია 41 ყველაზე პრობლემური საარჩევნო უბანი და, საბოლოო ჯამში, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, შეირჩა 20 უბანი (13 ნაკლებობისა და 7 მეტობის შემთხვევებით).

კომისიის დასკვნით:

  • გადათვლის შედეგები შედარდა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს და აღმოაჩინეს 0,01-0,02 იყო მეტობის ან ნაკლებობის მაჩვენებელი;
  • ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს გამოაკლდა პრობლემურად მიჩნეული უბნების მონაცემები და დაფიქსირდა 0,01-0,02 იყო მეტობის ან ნაკლებობის მაჩვენებელი.
ასევე ნახეთ 4 დეპუტატი და 12 მთვლელი - რას დაადგენს არჩევნების შესახებ საპარლამენტო კომისია?

არჩევნებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება პარლამენტმა 78 ხმით მიიღო.

"ხორავას ქუჩის საქმის" საპარლამენტო გამოძიება

ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მე-9 მოწვევის პარლამენტში, 2018 წლის ივნისში შეიქმნა, მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მონაწილეობით გამართული ხმაურიანი საპროტესტო აქციების შემდეგ.

17-წევრიან კომისიაში 9 წევრი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო, 6 – „ქართული ოცნების“, ხოლო 2 – „პატრიოტთა ალიანსის“.

კომისიამ იმუშავა 2018 წლის ივნისიდან 2018 წლის სექტემბრამდე. სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ასევე ნახეთ ხორავას ქუჩის საქმის ორი დასკვნა პარლამენტში

„ევროპული საქართველოს“ საბოლოო დასკვნა არ გაიზიარა „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა შემდგომ პერიოდში ნაწილობრივ შესრულდა კომისიის გარკვეული რეკომენდაციები.

  • კომისია მოითხოვდა სისხლისსამართლებრივ დევნას სავარაუდო დამნაშავის, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ - კალანდია 2019 წლის ივნისში დააკავეს. ის ჯგუფური მკვლელობის საქმეში დამნაშავედ იქნა ცნობილი და 2020 წლის თებერვალში მიესაჯა პატიმრობა 11 წლითა და 3 თვით. ადვოკატი ზურაბ თოდუა და დაკავებულის ოჯახი პარლამენტის კომისიის დასკვნას პოლიტიზებულს უწოდებენ.
  • კომისია მოითხოვდა საქმის აღძვრას პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისა და საგამოძიებო პროცესში ჩარევის გამო - 2018 წლის 9 ივნისს დაკავებული მირზა სუბელიანი (მიხეილ კალანდიას ბიძა) დამნაშავედ იქნა ცნობილი მკვლელობის დაფარვის მუხლით და მან ციხეში 1 წელი და 1 თვე გაატარა.

დღემდე არ შესრულებულა კომისიის რეკომენდაცია სავარაუდო სამოხელეო დანაშაულებთან დაკავშირებით.

კომისიის დასკვნით მოთხოვნილი იყო, რომ - პასუხისმგებლობაში მიცემულიყვნენ პროკურორი ფხაკაძე, გამომძიებელი ფიფია და მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.

2020 წლის თებერვალში შოთაძე ისევ დაუბრუნდა გენერალური პროკურორის პოსტს.

მანამდე პარლამენტში, სხვადასხვა დროს, კიდევ არაერთი საგამოძიებო კომისია მუშაობდა. მაგალითად,

  • 2008 წელს, აგვისტოს ომის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2008 წლის ნოემბერში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც გამოკითხა. კომისიამ ხარვეზები გამოკვეთა, მაგალითად, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის მოქმედებებში.
  • 2006 წელს პარლამენტი იძიებდა საბაჟო ტერმინალ „ოპიზაში“ დეპუტატ კობა ბექაურის ინტერესების საქმეს. კომისიის დასკვნით, „ოპიზასთან“ დეპუტატის კავშირი არ დადასტურდა.

საგამოძიებო კომისიების დასკვნები მუდმივად პოლიტიკური დავის საგანი ხდებოდა და მათ გარშემო საპარლამენტო კონსენსუსის მიღწევა ვერასოდეს ხერხდებოდა.