Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერხეულიძე: თუ ბოიკოტზე უარს ვიტყვით, ეს იქნება მხოლოდ სააკაშვილის საქმის გამო


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ პარლამენტში ბოიკოტზე უარს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში იტყვიან. მან ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენი ბოიკოტი ამ ბოლო ეტაპზე გამოწვეული იყო ერთადერთი საკითხით - მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა, რომელიც განვითარდა გლდანის ციხეში. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ნაბიჯს გადავდგამთ და უარს ვიტყვით ბოიკოტზე, მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხით დაინტერესება იქნება [მიზეზი] და სხვა არაფერი. ჩვენ სხვა არაფერი გვესაქმება პარლამენტში", - თქვა ხერხეულიძემ.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საკითხის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს "გირჩი", "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ორი პირობის შესრულების შემთხვევაში. პარტია "საქართველოსთვის" - გიორგი გახარიას პარტია კი არ არის საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე.

გუშინ, 3 იანვარს, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების დახმარებით ოპოზიციას მიმართა, რომ მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სააკაშვილის თქმით, ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, პარლამენტში კი ოპოზიციიდან 66 დეპუტატია. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელი იქნება "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვას ბოიკოტის რეჟიმზე.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ამავე დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ადვოკატები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა, პენიტენციურმა სამსახურმა კი "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე", სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც. ადვოკატების თქმით, ეს იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

XS
SM
MD
LG