საჯარო მოხელეებს 10 იანვრამდე არდადეგები აქვთ. ასე საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ისინი 1 იანვრიდან 10 რიცხვამდე შინ დარჩებიან - კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელებით გამოწვეული საფრთხის მიზეზით.
თუმცა იმის გამო, რომ ამ მონაკვეთს დაემთხვა 2 შაბათ-კვირა და ისედაც უქმე დღე, შობა - 7 იანვარი, საჯარო მოხელეები დამატებით მხოლოდ 4 დღეს დაისვენებენ.
შარშან ამ დროს მათ უფრო გრძელი არდადეგები გამოუვიდათ (3-15 იანვარი). მერე იყო 2021 წლის მაისის დასვენების დღეები (4-11). მაისში 12 და 26 ისედაც უქმე დღეებია.
ასევე ნახეთ COVID-19-ის უქმეები - ვინ ისვენებს საქართველოში?ჯერ კიდევ მაშინ გაისმა კრიტიკა ეკონომისტების მხრიდან, რომლებმაც შარშან იანვარში ეკონომიკის მნიშვნელოვნად შემცირება სწორედ დაწესებულ უქმეებს დაუკავშირეს.
მაშინ ექსპერტები აცხადებდნენ, რომ უქმეების გამოყენების ფუფუნება ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურებს ჰქონდათ, რადგან მათი თანამშრომლებისთვის გარანტირებული იყო ყოველთვიური მოჭრილი ხელფასი და დასვენების დროს, უწყვეტი შემოსავლის პირობებში, დასაკარგიც არაფერი ჰქონდათ.
დღესაც ასეა. სახელმწიფო მათ ასვენებს და თან ამაში ხელფასს უხდის.
თუ გადასახადების გადამხდელები მიახლოებით მაინც დათვლიან, რა უჯდება ქვეყანას საჯარო მოხელეების ეს ანაზღაურებული არდადეგები, შედეგი, შესაძლოა, ძალიან არ მოეწონოთ.
განსაკუთრებით მას შემდეგ, თუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტზე გადასახადების კალკულატორის ფუნქციით დათვლიან, რამდენს უხდიან წელიწადში სახელმწიფოს და მერე ეს სახელმწიფო ამ ფულს ვის ჩუქნის.
მთავარი პრობლემა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ხედავს საქართველოს მთავრობის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებაში, არის ის, რომ, როგორც წესი, მათ არა აქვთ მეცნიერული საფუძველი.
ეს გადაწყვეტილებაც, ამბობს სოსო ბერიკაშვილი, ყველაზე ნაკლებად უკავშირდება პანდემიით გამოწვეულ საფრთხეებს და ქვეყნის ეკონომიკისთვის იქცევა პრობლემად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "ღარიბ საქართველოს ასეთი დასვენების დრო და უფლება არ აქვს".
განსხვავებით ევროპის ქვეყნებისგან, სადაც (ზოგიერთ მათგანში) ასევე გამოცხადდა უქმეები პანდემიის პიკის დროს. მაგრამ „ევროპაშიც ასეა“ საქართველოსთვის არგუმენტი ვერ იქნება:
„რადგან ევროპას აქვს სხვა შესაძლებლობები. ევროპას შეუძლია, გარკვეული პერიოდი არჩინოს თავისი მოსახლეობა, რაც გააკეთა კიდეც. ჩვენ კი ამის საშუალება არ გვაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი ხარჯების გაწევა. ამ დასვენების დღეებში გადახდილი ფული - ხარჯია“, - გვეუბნება სოსო ბერიკაშვილი და ამ გადაწყვეტილებას ხსნის როგორც მთავრობის მხრიდან საჯარო სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანის მომადლიერებას - ოღონდ სახელმწიფოს ხარჯზე.
ეკონომისტის აზრით, აქ არგუმენტად ვერც პანდემია გამოდგება, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ ახალი წლის დღეებში არდადეგებზე მყოფი ადამიანები ერთმანეთთან სადღესასწაულო წვეულებაზე არ მივლენ.
და მეორე - მისთვის ღიმილის მომგვრელია ასეთი „ზრუნვა“ საფრთხეზე, როცა ქვეყანაში ყველაფერი ღიაა, ვაქცინაცია, ფაქტობრივად, გაჩერებულია, პირბადის ტარებას არავინ აკონტროლებს, ხოლო ვინც ამ მიზეზით დააჯარიმეს, მას ეს ჯარიმებიც ჩამოაწერეს.
„საბოლოოდ, აი, რა რჩება: ერთი, რომ ამ საჯარო მოხელეებს ხელფასს ტყუილად უხდი, და მეორე - არ კეთდება საქმე, რაც დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში უნდა გაკეთებულიყო“.
მაგრამ არის კი ასე? ასე ეფექტიანად მუშაობს ყველა, ვინც ახლა ნაჩუქარ არდადეგებზეა?
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი გია ჯანდიერი ამ აქცენტზეც ამახვილებს ყურადღებას და გვეუბნება, რომ პანდემიის დროს, ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადასული საჯარო მოსამსახურეების სამუშაოს ხარისხი ისედაც ბევრ ეჭვს აჩენს.
„ამის არაერთი დასტურიც შეიძლება არსებობდეს, რომ ბევრი მათგანი უბრალოდ სახლში იჯდა უსაქმოდ ან საერთოდაც, გარეთ სეირნობდა მაშინ, როცა დანარჩენები ვფიქრობდით, რომ ისინი მუშაობდნენ. წარმოიდგინეთ, კერძო ბიზნესს რომ უთხრა, დაკეტე ოფისი, მიეცი ხელფასი თანამშრომლებს, არა უშავს, რა მოხდა მერე, ახალი წელია. მოკლედ, ამ ორი რამის შერწყმაა ამ გადაწყვეტილების საფუძველი - რომ ისედაც არაფრის გამკეთებელები არიან, არა უშავს და ხალხი მოითმენს იმას, რომ მათი ფული იფლანგება“, - ამბობს გია ჯანდიერი.
გია ჯანდიერს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა იმის გამოთვლაში, თუ მიახლოებით რამდენი ლარის სამუშაო არ სრულდება, მაგალითად, 5 დღეში.
„აი, მაგალითად, თუ საქართველოს წლიური ბიუჯეტი არის 15 მილიარდი, ეს რიცხვი გავყოთ 220-ზე - ანუ სამუშაო დღეებზე წლის განმავლობაში, შემდეგ კიდევ გავყოთ ორზე, ჩავთვალოთ, რომ საჯარო მოხელეების ნახევარი ამ დღეებში მაინც მუშაობს (მაგალითად, პოლიცია და სხვა) და გავამრავლოთ 5 დღეზე... გამოვიდა დაახლოებით მილიონ შვიდასი ათასი ლარი ზარალი. თუ 4 დღეზე გავამრავლებთ, დაახლოებით 1 მილიონ 300 000 ლარი და ა.შ. ანუ დღეში არ შესრულდება სწორედ ამდენი ლარის სამუშაო“.
რამდენი პროცენტი დაფიქრდება საქართველოში იმაზე, რომ ეს მათ მიერ გადახდილი ფულიცაა?
საქართველოში საშემოსავლო გადასახადს მუდმივად იხდის 700 000-მდე მოქალაქე. დაახლოებით 300 000 - ამ გადასახადს იხდის ხანდახან, გვეუბნება გია ჯანდიერი. ერთი მილიონი ადამიანი თვითდასაქმებულია. დანარჩენები - უმუშევრები. ეკონომისტის თქმით, მიიჩნევა, რომ ისინი გადასახადს არ იხდიან, თუმცა, სინამდვილეში, მაღაზიაში ყოველი შესვლის და რამის ყიდვის დროს, ისინიც იხდიან აქციზის თუ დამატებითი ღირებულების გადასახადს, უბრალოდ ამას ქვითარზე ცალკე წარწერად ვერ ხედავენ.
ისევე, როგორც, მაგალითად, ტაქსის მძღოლები - როცა დღეში 20 ლიტრ საწვავს ყიდულობენ, იხდიან გადასახადს: სულ ცოტა, ერთ ლარს ლიტრ ბენზინზე.
უბრალოდ, გვეუბნება გია ჯანდიერი, ეს ხარჯები ასე მკაფიოდ არ ჩანს. არსად არაფერს ავსებ და ვერ ხვდები - რამდენი მიაქვს სახელმწიფოს შენგან.
„ამ ხალხმა არც იცის, რეალურად რისთვის რამდენს იხდის და ამიტომაა, რომ არც და ვერც აპროტესტებს და რომ მხოლოდ საზოგადოების აქტიურმა წევრებმა უნდა აღმოაჩინონ მსგავსი რამე და თქვან, ასე არ შეიძლება. სხვათა შორის, გადასახადების კალკულატორით და ასევე, ინფლაციის კალკულატორით, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გააკეთა ჩემი და ჩემი მეგობრების რჩევით, ყველა ოჯახს შეუძლია, თავისი შემოსავლების და ხარჯების ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოთვალოს, რამდენი გადასახადი გადაიხადა 2021 წელს. აღმოაჩენს, რომ არც ისე ცოტა გადაუხდია“, - უთხრა გია ჯანდიერმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელებმა დღეს იმაზე უფრო უნდა იდარდონ, რომ მათი ფულით იკვებება „ძალიან დიდი ბიუროკრატიული აპარატი, რომლის საჭიროებაც ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს“ - სწორედ ეს არის რეალურად ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი.
„ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ეს ძალიან გაბერილი აპარატია. ამ ადამიანებს ხელფასს ასეც ვუხდით და ისეც. იმ ადამიანთა ნაწილი კი, ვინც ახლა შვებულებაშია, სამსახურში საერთოდ არ დადის და ისე იღებს ხელფასს“.
პაატა ბაირახტარის აზრით, დღეს სახელმწიფო უწყებების ე.წ. სიპ-ებისა და აიპ-ების დიდი ნაწილი, ყოველგვარი ანალიზის გარეშეა გასაუქმებელი. დარჩენილებმა - თავიანთი საჭიროება არგუმენტებით უნდა დაასაბუთონ.
„ამაზეა დღეს საფიქრალი და არა იმაზე, რომ ის ადამიანი, რომელიც ხელფასს მაინც აიღებდა, ათი დღის განმავლობაში, სამსახურში ივლის თუ არ ივლის“, - უთხრა „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტმა რადიო თავისუფლებას.
მისივე სიტყვებით, საქართველოს ბიუჯეტის 2022 წლის პროექტში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებული არ არის. ერთადერთი, რაც დაახლოებით 27 მილიონი ლარით შემცირდა, არის კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც, პაატა ბაირახტარის განცხადებით, ისედაც მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2022 წელი პანდემიის მილევის და დასრულების წლად სახელდება.