"კრემლიოვსკაიადან" "პუტინკამდე": არყით მოთხრობილი რუსეთის ისტორია

არაყი - ВОДКА - რუსეთში ეროვნულ სასმელად, მითად და რუსეთის ერთგვარ ბრენდად ითვლება. რა როლს ასრულებს არაყი რუსეთის დღევანდელ ცხოვრებაში? მთავარ რუსულ ალკოჰოლად რჩება თუ საახალწლო სუფრაზე მას ნელ-ნელა ლუდი და ღვინო ანაცვლებს? დენის პუზირევი ტელეგრამ-არხის, "მთვრალი ოსტატი" ("Пьяный мастер“) მთავარი რედაქტორი და წიგნის - "რუსეთის უახლესი ისტორია 14 ბოთლ არაყში" - ავტორია.

  • საუკუნეების განმავლობაში რუსეთში არაყი სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. მთავრობა ფლობდა მონოპოლიას არყის წარმოებაზე.
  • რუსეთში არყის წარმოების მთელი ისტორია დიდწილად კრიმინალიზებულია. XX საუკუნის 90-იან წლებში არალეგალურად ჩამოსხმულ არაყს ზემოგება მოჰქონდა.
  • არსებობს მოსაზრება, რომ ბოლო დროს არაყს თანდათან ანაცვლებს ღვინო და ლუდი, მაგრამ, ამის მიუხედავად, Водка (არაყი) მაინც რჩება ყველაზე ცნობილ რუსულ ბრენდად.

საუკუნეების მანძილზე არყის წარმოება რუსეთში სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე იყო. რუსეთის მთელ ისტორიაში მხოლოდ ორი მმართველი ცდილობდა „მშრალი კანონის“ შემოღებას - მიხეილ გორბაჩოვი და ნიკოლოზ II. 1895 წელს, ფინანსთა მინისტრის სერგეი ვიტეს ინიციატივით, მთავრობამ კვლავ აღადგინა სახელმწიფო მონოპოლია არყის წარმოებაზე, რაც, რუბლის სტაბილიზაციასთან და რკინიგზის მასშტაბურ მშენებლობასთან ერთად, მიიჩნევა რუსეთში ეკონომიკური ბუმის დაწყების მნიშვნელოვან ფაქტორად მე-20 საუკუნის 10-იან წლებში.

ბრეჟნევის დროს არაყი უზრუნველყოფდა ბიუჯეტის 30%-ს, ანუ დაახლოებით იმდენივეს, რასაც ალექსანდრე I-ის დროს. ყველაზე მასობრივი, 3,62 მანეთიანი "მოსკოვურის" ორი ბოთლის შესაძენად, საშუალო მშრომელს მთელი დღე უწევდა მუშაობა.

1985 წელს ხალხის მასობრივი გამოფხიზლება სცადა მიხეილ გორბაჩოვმა, რამაც ხაზინას მილიარდობით დოლარის ზარალი, თვითონ პოლიტიკურ ლიდერს კი მეტსახელი, "მინერალურის მდივანი" მოუტანა. ორი-სამი წლის შემდეგ პროგრამა შეჩერდა. 1992 წლის 7 ივნისს ბორის ელცინმა გააუქმა სახელმწიფო მონოპოლია არყის წარმოებაზე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგი იძულებული გახდა დაებრუნებინა, აღედგინა მონოპოლია, რადგან რუსეთის ალკოჰოლის ბაზარი დაბალი ხარისხის სუროგატული არყის ტალღამ წალეკა.

"რუსეთის უახლესი ისტორია 14 ბოთლ არაყში" სწორედ „კრემლიოვსკაიაზე“ საუბრით იწყება. ეს უბრალო დამთხვევაა თუ სიმბოლური, გააზრებული გადაწყვეტილება?

მიხეილ გორბაჩოვი. 1986 წ.

„გამომცემლობამ ითხოვა წიგნი დაწყებულიყო რაიმე დიდი ჰიტით, ბლოკბასტერით და ჩვენც დავიწყეთ „კრემლიოვსკაიას“ (კრემლის არყის) ისტორიით", - ამბობს წიგნის ავტორი, დენის პუზირევი, - "ვყვებით ისტორიას 90-იანი წლების დასაწყისიდან, ისტორიას „სპორტის ეროვნულ ფონდზე“, რომელსაც უფლებები გადასცა ბორის ელცინმა... ეს იდეა კეთილშობილური იყო: ალკოჰოლის იმპორტიდან მიღებული ფული სპორტის განვითარებას მოხმარებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფული მიდიოდა ნებისმიერ რამეზე. ამ თანხით ჩატარდა კრემლის თასი ჩოგბურთში, თანამეგობრობის თასი ფეხბურთში, მაგრამ დანარჩენი თანხები - საუბარია მილიარდებზე - გაქრა. არსებობდა არყის იმპორტის სამი წყარო იყო: სპორტის ეროვნული ფონდი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ავღანეთის ვეტერანთა საზოგადოება. თუმცა, ეკლესია უფრო სპეციალიზებული იყო სიგარეტის იმპორტზე. ბელგიური უცნობი არყის "კრემლიოვსკაიას" წარმოებას საერთაშორისო ნარკომაფია აკონტროლებდა და ამ საქმეს ფულის გათეთრების საშუალებად იყენებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არყის რუსეთში შეტანა თავისთავადაც დიდი ბიზნესია. და იმდროინდელ რუსეთის მთავრობასა და სპორტის ეროვნულ ფონდში მისი კავშირების წყალობით, ორი წლის განმავლობაში „კრემლიოვსკაია“ იქცა ნომერ პირველ არყად. „კრემლიოვსკაია“ უცხოური წარმოების არაყი იყო, რაც დიდად ფასობდა, რადგან მაშინ ითვლებოდა, რომ ყველა სამამულო წარმოების არაყი ცუდი იყო, იმპორტული კი - სუპერი“.

დენის პუზირევის თქმით, შემდეგ გამოჩნდა არაყი „დოვგანი“, რომელიც მოიფიქრა ვლადიმირ დოვგანმა - ადამიანმა-ბრენდმა გამოგონილი დიდვაჭრული ფესვებით:

„დოვგანი იყო პირველი, ვინც განავითარა ის, რასაც ახლა "ფრანჩაიზი" ჰქვია: ჰყიდდა არა საქონელს, არამედ საქონლის წარმოების უფლებას. რაღაც მომენტში მან მიატოვა თავისი ყველა ბიზნესი, შეიცვალა გვარი (გახდა Счастливый - ბედნიერი), წავიდა ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი დაბრუნდა უკრაინაში, სადაც ის ახლა მოტივაციური სპიკერია, ატარებს ონლაინ სემინარებს და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ასწავლის, როგორ გახდნენ ბედნიერი, წარმატებული და ჰარმონიული ადამიანები“.

საბჭოთა ანტიალკოჰოლური პლაკატი

რუსული არყის კიდევ ერთი ბრენდული მარკის „ბრინცალოვ ფერეინის“ შემქმნელი, ვლადიმირ ბრინცალოვი ახლა 75 წლისაა და გადასარევად ცხოვრობს ბალაშიხაში. მისი ძმისწული მოსკოვის ოლქის სათათბიროს თავკაცი და რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ვლადიმირ პუზირევის თქმით, ბრინცალოვები ასევე აწარმოებენ თავიანთ ფარმაკოლოგიურ პრეპარატებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მჭიდრო კავშირშია არყისა და სპირტის არალეგალურ ვაჭრობასთან.

რუსეთში არყის მთელი ისტორია უაღრესად კრიმინალიზებულია, არაყი ფაქტობრივად სისხლზე დგას: სისხლით სავსე ჭიქა მაგიდაზე. არის თუ არა ეს სწორედაც რომ პოსტსაბჭოთა ფენომენი და ალკოჰოლის ბაზრის დემონოპოლიზაციის შედეგი? ყოველთვის არსებობდა სახელმწიფო მონოპოლია (სახაზინო არაყი და სახაზინო დუქნები), სახელმწიფო ძალიან მკაცრად ინარჩუნებდა ამ სფეროს და ავსებდა ბიუჯეტს. პირველ მსოფლიო ომამდე სამხედრო ბიუჯეტის თითქმის 50% მოდიოდა ალკოჰოლის აქციზის გადასახადზე. ახლა კი რა ხდება, არყის ბიზნესი იქცა ნახევრადკრიმინალურ, კონდოტიერებსა და დაქირავებულ დამნაშავეთა შორის გადანაწილებულ ფეოდალურ ბაზრად?

დენის პუზირევი

„ადრე იყო „კრისტალის“ - არყის სახდელი უძველესი ქარხნების ქსელი, რომელთა დახლებთან ხალხი მშვიდად იდგა რიგში, რადგან სახელმწიფო მონოპოლია იყო“, - ამბობს დენის პუზირევი, -„კრიმინალიზაცია კი პირველ რიგში იმიტომ მოხდა, რომ ბაზარი მთლიანად იქნა "ლიბერალიზებული", 1991 წელს მთლიანად მოიხსნა სახელმწიფო მონოპოლია, არადა ამ ნაწარმზე მაღალი მოთხოვნა არსებობს. ისტორიულად, რუსეთში ცხოვრობს მილიონობით არყის მომხმარებელი, რომლებიც მოიხმარენ ამ სასმელს უზარმაზარი რაოდენობით. ძალიან მაღალი ბრუნვაა: აწარმოებ, სასწრაფოდ ყიდი და სწრაფადვე იღებ ფულს. ეს ფაქტი არაყს უაღრესად მიმზიდველ სავაჭრო საქონლად აქცევს. ცალკე საკითხია აქციზის გადასახადი. რუსეთში ბევრი აქციზური საქონელი არ არის: არყის გარდა, ნავთობპროდუქტები, სიგარეტი... - ამ ყველაფრის დასამზადებლად საჭიროა რთული და ძვირი აღჭურვილობა, არყის წარმოებისთვის კი საკმარისია ნებისმიერი ფარდული და სწორად შერჩეული ეტიკეტი. თუ აქციზის გადასახადს არ გადაიხდით ბიუჯეტში, მაშინ, ცხადია, მიიღებთ ზემოგებას. იმ დროს უპრობლემოდ იყო შესაძლებელი 200%-იანი რენტაბელობის მიღწევა. "კრისტალისათვის" ბრძოლის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც დიდი ძალისხმევის შედეგად მოიპოვა არყის ეს ქარხანა გარკვეული დროის განმავლობაში, უარი თქვა "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტობაზე. ახლა ამის წარმოდგენა შეუძლებელია!"

რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და ბელორუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. 1996 წ.

რა არაყი მიეწოდება კრემლს? არის ვინმე კონკრეტული „მისი იმპერიული უდიდებულესობა“ მომწოდებელი, როგორც ეს იყო სმირნოვის შემთხვევაში?

„არიან რაღაც კანტორები, ეკონომიკური განყოფილებები, რომლებიც ყიდიან რაიმე სახის წარწერის ან სიტყვა "კრემლის" გამოყენების უფლებას. ეს სიტყვა დაპატენტებულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა სამმართველოს თანხმობის გარეშე ვერ ჩამოასხამთ „კრემლიოვსკაიას“. არსებობს არაყი Kremlin Award, რომელსაც აწარმოებენ სომხები, არის „კრემლის ლეგენდა“. რაც შეეხება კრემლში გამართულ წვეულებებზე მიღებულ არაყს, ძალიან სახალისოა, რომ კრემლი თავის სტუმრებს „ცარსკაია“-თი უმასპინძლდება“, - ამბობს დენის პუზირევი, რომლის დაკვირვებით, ისევე როგორც რუსეთის ეკონომიკის ყველა სფეროში, არყის წარმოების სეგმენტშიც ნელ-ნელა იზრდება სახელმწიფოს მონაწილეობის მასშტაბი:

„ყველაფერი ხდება თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად. ალკოჰოლის როლი ბიუჯეტის ფორმირებაში, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი, როგორიც პირველ მსოფლიო ომამდე იყო (იქვე იყო „მშრალი კანონი“). ახლა სახელმწიფო სათათბიროში ხშირად ამბობენ: „დავაბრუნოთ არაყზე სახელმწიფო მონოპოლია“. ამის თქმა განსაკუთრებით უყვარს სერგეი მირონოვს და მის პარტიას „სამართლიან რუსეთს“. მესმის რომ შვედეთსა და ფინეთში ასეა, მაგრამ მე მინახავს პეტერბურგსა და მურმანსკში პროტესტანტული ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთში ალკოტურებით იყვნენ ჩამოსული. უნდა გენახათ, რა დღეში იყვნენ და რას აკეთებდნენ! დე იურე რუსეთში არ არსებობს სახელმწიფო მონოპოლია, მაგრამ დე ფაქტო - სახეზეა, რადგან სპირტის ბაზრის 80%-ზე მეტი, სპირტის მწარმოებელი კომბინატები, სახელმწიფო კომპანია „როსსპირტპრომს“ ეკუთვნის“.

ყველა არაყი სპირტისგან მზადდება? ნუთუ ლეგენდაა, რომ რუსული არაყი დამდნარ ყინულსა და არყის ხის წვენზეა დაყენებული, რომ მასში წმინდა წყაროების წყლი ურევია...

დენის პუზირევის თქმით, არაყი ესაა წყალ-ალკოჰოლის ხსნარი. როდესაც მარკეტოლოგები წერენ რაიმე სახის ლეგენდას წყაროს ანკარა წყლისა და ბაიკალის ფსკერიდან ამოღებულ უსუფთავეს წყალზე...

"სხვათა შორის, არაყი „ბაიკალი“ იწარმოება ულიანოვსკში, მაგრამ კომპანიის ვებსაიტზე მითითებულია, რომ ისინი ბაიკალის წყალს ბურიატიდან ულიანოვსკში რაღაც ცისტერნებით ეზიდებიან, რათა შემდეგ წარმოებაში გამოიყენონ... მოკლედ, წყალთან დაკავშირებული ისტორიები, როგორც წესი, მარკეტოლოგების ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა, რასაკვირველია, წყალს ყველა შემთხვევაში ამუშავებენ. ნანახი მაქვს, როგორ გამოიყურება სპეციალური ფილტრები - ეს არის რამდენიმემეტრიანი უზარმაზარი სვეტი, რომელიც სავსეა ნახშირით და კიდევ რაღაც სხვა საწმენდი მოწყობილობებით“, - ამბობს დენის პუზირევი.

არაყი საოცარი პროდუქტია მარკეტინგის თვალსაზრისით! იღებენ ერთსა და იმავე ნედლეულს და მასზე ათასობით სხვადასხვა ბრენდის ეტიკეტს აკრავენ. შედეგად სახეზე გვაქვს მრავალფეროვანი პროდუქცია ასევე მრავალფეროვანი, ათჯერ და ასჯერ განსხვავებული ფასებით.

„არაყი მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ სამყაროებს. რა არის არაყ „მწვანე მარკის“ წარმატების ფენომენი? მარკეტერებმა, რომლებმაც ის განავითარეს, იგრძნეს ტენდენცია საბჭოთა ნოსტალგიაზე. ბოთლზე დააწერეს: "მწვანე მარკა მთავსპირტტრესტისა“. არანაირ „მთავსპირტტრესტს“ არასოდეს არ უარსებია, მაგრამ ეს სახელი რაღაც საბჭოურად ჟღერს. სარეკლამო კამპანიებში ასევე გამოიყენეს თეთრ წინსაფარსა და ქუდში გამოწყობილი ფაშფაშა ქალბატონის იმიჯი. სხვათა შორის, ეს გაკეთდა მანამდე, ვიდრე საბჭოთა ნოსტალგია დღევანდელი ხელისუფლების ოფიციალურ იდეოლოგიად იქცეოდა“, - ამბობს დენის პუზირევი და ასახელებს საბჭოური ჟღერადობის არყის რამდენიმე მარკას: „კრემლიოვსკაიას“, „სტალიჩნაიას“, „გჟელკას“. რაც შეეხება „პუტინკას“. დენის პუზირევის თქმით, „პუტინკა“ ერთ-ერთი წამყვანი მარკა იყო:

არაყი "პუტინკა" სუპერმარკეტის თაროებზე

„მიყვებოდნენ, რომ „პუტინკას“ გაყიდვების ანგარიშები „ზევით“ მიჰქონდათ. ერთგვარ სოციოლოგიურ საზომად ითვლებოდა! პუტინის კლანის ნაწილი, ყოველ შემთხვევაში როტენბერგები, აკონტროლებენ ამ ბაზარს, თუმცა სიტუაცია გარკვეულწილად შეცვლილია. პირველი ორი ვადის დროს პუტინისთვის აშკარა იყო, რომ როტენბერგებისა და მისი გარემოცვისთვის არყის ბიზნესი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ აშენებდნენ „ყირიმის ხიდს“, არ იყო „გაზპრომის“ იჯარები... ერთი სიტყვით, ახლა არაყში არ არის ისეთი დიდი ფული, როგორიც უზარმაზარ სახელმწიფო კონტრაქტებსა და ნავთობშია. ითვლება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "როსსპირტპრომი" შეიქმნა პუტინის ბრძანებით 2000 წელს, მისი პირველი ინაუგურაციის წინა დღეს. შემდეგ „როსსპირტპრომს“ ყოველთვის ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომლებიც ან როტენბერგის უშუალო მენეჯერები იყვნენ, ან მისი ოჯახის მეგობრები, ან მასთან დაკავშირებული ადამიანები პეტერბურგიდან“.

რაც შეეხება ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ ჩვევებსა და ტრადიციებს. ხომ არ ანაცვლებს რუსეთში არაყს ლუდი და ღვინო?

დენის პუზირევის თქმით, მოსკოვსა და დიდ ქალაქებში ყოველ ნაბიჯზე გახსნილია კრაფტ-ლუდის ბარები თავიანთი უცნაური ასორტიმენტით:

„კრაფტ-ლუდის რუსული კომპანიები ბრძოლით მოიპოვებენ ადგილს ბაზარზე, მაგრამ ისინი მაინც ძალიან, ძალიან მცირე ადგილს იკავებენ ბაზარზე, სადაც სამი უცხოური სუპერგიგანტი - InBev, Heineken და Karlsberg დომინირებენ. ყველა საუბრობს ღვინის მოდაზე, ღვინის ბარებზე, რომ „რუსული მეღვინეობა ფეხზე დგება“... ერთი მხრივ, დიახ, გაჩნდა ღვინის მიმართ ინტერესი და თუ ესტუმრებით დიდ ქალაქებში საუკეთესო რესტორნებს, ნახავთ, რომ რუსული ღვინო ახლა ყველგანაა, მაგრამ საშუალო რუსი მომხმარებლისთვის ის ძალიან ძვირია, ისევე როგორც კრაფტ-ლუდი. ამასთან, ღვინის მოხმარება, ერთი მხრივ, გაიზარდა, მაგრამ მეორე მხრივ, სსრკ-ს დაშლამდე საშუალო საბჭოთა ადამიანი 2,5-ჯერ მეტ ღვინოს სვამდა. დიახ, გაჩნდა ღირსეული ხარისხის ღვინოები, მაგრამ რუსული მეღვინეობა განვითარების საწყის სტადიაშია, მან საკუთარი სახე ჯერ კიდევ უნდა იპოვოს.“