პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი №12 დაწესებულებაშია

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც 20 ნოემბრიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, რუსთავში პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში", - აცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატებმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს. ახლა ისინი უკვე მასთან შესახვედრად შევიდნენ.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილს მისი ადვოკატები ხვდებიან

ექსპრეზიდენტის გარემოცვაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, ბრეგაძემ უპასუხა, რომ არსებული სტანდარტით, რომელიც ყველაზე ვრცელდება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პატიმარი გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილსაც იქ გადაიყვანენ, რადგან გამონაკლისი არავინაა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 20 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილის საქმე