დიდი ჩანაცვლება - შეცვლის ეს კანონი სისტემას და არა ადამიანებს?

მმართველმა გუნდმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 120-მდე თანამშრომლის გათავისუფლების მუხლის ახალი ვარიანტი წარმოადგინა - უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ამ მუხლის ახალი ვერსიით, 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სრული შემადგენლობა სახლში კი არ წავა, როგორც ეს კანონპროექტის საწყის ვერსიაში ეწერა, არამედ, „უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლების ორ ახალ სამსახურში გადაყვანა“.

29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავდა კანონპროექტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი დამოუკიდებელი უწყება უნდა შეიქმნას. ამ კანონპროექტს დიდი წინააღმდეგობა და კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და თავად სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან, რომელმაც სამიოდე დღის წინ გაიგო, რომ მისი უწყება უქმდებოდა.

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლები უმუშევრები არ დარჩებიან

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასთვის მისი უწყების თანამშრომლების მოსალოდნელი გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხი იყო.

ასევე ნახეთ "უდიდესი პროტესტის, უსამართლობის განცდა მაქვს" - ინტერვიუ ლონდა თოლორაიასთან

ისიც და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილიც აცხადებდნენ, რომ მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება, რეალურად, სახელმწიფო ინსპექტორის უწყების გასაძლიერებელ რეფორმას კი არა, ამ გუნდის ჩანაცვლებას და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ისახავდა მიზნად.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ლონდა თოლორაიამ პროტესტის ნიშნად დროზე ადრე დატოვა.

მმართველი გუნდის შემოთავაზებული ახალი წინადადებით, საგამოძიებო დეპარტამენტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, ავტომატურად, კანონის ძალით, საკუთარი პოზიციები უნდა შეუნარჩუნდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ახალ საგამოძიებო სამსახურში გააგრძელებენ მუშაობას.

ხოლო საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ავტომატურად, უკონკურსოდ გადავლენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სამსახურში.

ადმინისტრაციული ფუნქციების მატარებელი დეპარტამენტების ბედის გადაწყვეტას კი ირაკლი კობახიძე ამ გზით გვთავაზობს: „თანამშრომლებს საკუთარი არჩევანისა და ნების შესაბამისად მიეცეთ ამ ორ ახალ სამსახურში გადანაწილების საშუალება“.

ასევე ნახეთ ლიკვიდაცია რეორგანიზაციის სახელით - რისთვის ისჯება სახელმწიფო ინსპექტორი

მაინც, რატომ აუქმებენ?

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების" კანონპროექტის ავტორმა დეპუტატებმა (რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი) კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩაწერეს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, გამოიძიოს გარკვეული დანაშაულები და თან გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება მაშინ, როცა „დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა თავად გამომძიებლის მიერ დამუშავებასთან“.

და მიიჩნიეს, რომ ამის გამო, სამსახურის მიერ გამოძიებისა და გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების „ფუნქციების აღრევა ხდება და ეს იწვევს ინტერესთა კონფლიქტს“.

სამსახურის გაუქმების, გაყოფის და ამ ფუნქციების გამიჯვნის საჭიროებაც ასე დასაბუთდა.

ამ არგუმენტის გასამყარებლად კანონპროექტის ავტორებმა მოიშველიეს არასამთავრობო ორგანიზაციათა „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ 2018 წლის 14 თებერვალს გავრცელებული კრიტიკული განცხადებაც.

მაშინ კოალიცია წერდა, რომ „გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების პროაქტიულად კონტროლი ერთმანეთთან თავსებადი ფუნქციები არ იყო და ამ ორი კომპეტენციის ერთი უწყების ქვეშ მოქცევა შესაძლოა, საფრთხე შეექმნა პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობისათვის, გაეჩინა ინტერესთა კონფლიქტი უწყების შიგნით და დაეკარგა ნდობა ამ სამსახურის საქმიანობას.

დღეს კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი ამ პრობლემას გადაჭრის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც 2018 წელს შეიქმნა მოქმედი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმის ფარგლებში, 3 მთავარი ფუნქცია ჰქონდა:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
  • და გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება.

აი, რა იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით:

  • სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება;
  • იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება კონკრეტული სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია;
  • ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

ასევე, ამ კანონპროექტით, ახლაშექმნილ საგამოძიებო სამსახურს გაეზრდება საგამოძიებო ქვემდებარობა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.

ასევე ნახეთ ლონდა თოლორაია შეხვდა ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებს

ექნება თუ არა სახელმწიფოს დამატებითი ხარჯი უწყების გაყოფისას?

კანონპროექტში წერია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო გათვალისწინებულია 11 მილიონ 300 ათასი ლარი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ ეს თანხა მიემართება ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ხარჯების დაფინანსებისკენ.

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

რა ბედით ელით თანამშრომლებს?

დღემდე წარმოდგენილი ვერსიით, როცა 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან:

  • სახელმწიფო ინსპექტორი, მის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
  • შრომითი ურთიერთობები შეუწყდებათ და სამსახურიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებდა მათთვის, 3 თვის განმავლობაში, გარკვეული პირობების დაცვით, კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობას თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

და ასევე -საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გარდამავალ პერიოდში თანამდებობებზე განწესებას.

ახალი წინადადებით ირაკლი კობახიძე სწორედ ამ ნაწილში შემოვიდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის აზრით, სწორედ უწყების ხელმძღვანელობის და თანამშრომლების გათავისუფლება იყო ახალ კანონის მიღების მთავარი მიზეზიც.

ნიკა სიმონიშვილი, საია-ს თავმჯდომარე

წინა, დღემდე მოქმედ კანონსა და ახალ კანონპროექტს შორის, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი, - ვერ ნახავთ არსებით განსხვავებას, გარდა სამსახურის გამიჯვნის და თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ მუხლებისა.

სამსახურების ფუნქციების გამიჯვნის ნაწილში ყველაფერი წინა კანონიდან, ფაქტობრივად, უცვლელადაა გადმოწერილი.

მისი სიტყვებით, ლამის 300 გვერდიანი კანონპროექტი აგებულია დაკავებული თანამდებობიდან მოქმედი ინსპექტორის, მისი მოადგილეების და მთლიანად თანამშრომლების გათავისუფლებაზე.

აქვე ნიკა სიმონიშვილი იხსენებს, რომ 2018 წელს, როცა ეს სამსახური მისი წინამორბედი უწყების ბაზაზე შეიქმნა, რეორგანიზაციის შედეგად ახალ სამსახურში უფლებამოსილება ყველას გაუგრძელდა. აქ კი, კანონპროექტის ავტორებმა ჩაწერეს, რომ ყველა სახლში უნდა წასულიყო.

„რაც ჩემთვის პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი ორიენტირებულია კონკრეტული თანამდებობის პირების და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ, მათ მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, მათ ჩანაცვლებასა და სამაგალითოდ დასჯაზე. ხოლო პირველი ცვლილება, გაყოფის საკითხი არის უბრალოდ გამართლება, რომ ეს მეორე საკითხი შესრულდეს“, - გვითხრა ნიკა სიმონიშვილმა.

კიდევ რა განასხვავებს ახალ კანონს ძველისგან?

გურო იმნაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან“ გვეუბნება, რომ ახალ კანონს ემატება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლი, რომლის გამოძიებაც სახელმწიფო ინსპექტორის ახალ სამსახურს შეეძლება, თუმცა აქაც პრობლემა ის არის, რომ ამ მუხლების დიდი ნაწილი ან ისედაც შედიოდა ინსპექტორის განსჯადობაში, ან ისინი, უბრალოდ, „მკვდარი მუხლებია“.

126-ე, ძალადობის მუხლი, როცა დანაშაული ჩადენილია სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით. ეს მუხლი - ძალადობა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, ისედაც დასჯადი იყო.

ან მაგალითად, დამატებულია გაუპატიურების მუხლი, რომელიც, როგორც გურო იმნაძე შენიშნავს, პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობს და „ახლა ვითომ კეთილშობილური მიზნებითაა ესეც ჩადებული...“:

„უბრალოდ უნდათ გვაჩვენონ, თითქოს როგორ ფართოვდება სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენცია, რაც არ არის სიმართლე. მით უმეტეს, რომ ამ დამატებითი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული თუ პროკურორების მიერაა ჩადენილი, ინსპექტორს მათი განსჯის და გამოძიების უფლება არა აქვს“.

გურო იმნაძე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

ახალ კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის არცერთი აქამდე უკვე არსებული რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა გამოძიებულიყო სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულები უფრო ეფექტიანად ან როგორ უნდა დაცულიყო პერსონალური მონაცემები უკეთესად.

რა შეიძლებოდა შეცვლილიყო და რაც არ მოხდა?

აი, მაგალითად, ახალი კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციას შეიძლებოდა დამატებოდა პროკურატურის ხელმძღვანელების, გენერალური პროკურორის მიმართ გამოძიების წარმოების უფლებამოსილება, ან შს მინისტრის მიმართ გამოძიების წარმოების უფლებამოსილება, ან სუსის უფროსის მიმართ.

ეს მოხელეები ახალი კანონითაც იმუნიტეტით სარგებლობენ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მათ მიმართ გამოძიებას ისევ ვერ დაიწყებს.

ახალი კანონითაც, პრობლემად დარჩება სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობა - გამოძიების დროს ინსპექტორი ისევ დიდწილად დამოკიდებული იქნება პროკურატურაზე.

ერთი მარტივი მაგალითი:

  • თუ ამ სამსახურს მოუნდება ჩაატაროს ჩხრეკა, ამისთვის მას ისევ დასჭირდება პროკურატურის ნებართვა;
  • მოწმის დაკითხვა გახდება საჭირო სასამართლოში? ამისთვისაც პროკურატურის ნებართვა იქნება საჭირო.

ამის შეცვლას სთავაზობდა პარლამენტს თავად სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიაც.

რა გამოწვევები გამოჩნდა ამ უწყებაში მისი ორწლიანი მუშაობის განმავლობაში, როგორც თავად ლონდა თოლორაიამ გვითხრა, ეს ყველაზე კარგად მან იცოდა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გასაძლიერებლად, მათაც მოამზადეს (გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით) საკანონმდებლო წინადადება. და როგორც ლონდამ თავად თქვა ორი დღის წინ, ჯერაც დეკრეტში მყოფი, სამშობიაროდან უგზავნიდა პარლამენტს შესაბამის დოკუმენტაციას.

სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტს სწერდა, რომ:

სამსახურის ეფექტიანი და დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან იყო საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებული რეფორმა“.

თუმცა, როგორც ბოლო დღეებში გაირკვა, ამ დროს, პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მიზნით, მზადდებოდა 280 გვერდიანი კანონპროექტი, რომელიც სამსახურს საერთოდ აუქმებდა.

თავად ლონდა თოლორაია რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა უნდა შეცვლილიყო, გვპასუხობს:

  • პირველი, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს საგამოძიებო სამსახურისას. კერძოდ, ქვემდებარეობა არ ვრცელდება გენერალურ პროკურორზე, არ ვრცელდება შინაგან საქმეთა მინისტრზე, არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე. და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს წარმოდგენილი კანონით არ გამოიძიებს აწ უკვე სამომავლოდ შექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მაშინ, როდესაც ეს იყო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია, რომ ამგვარი გამონაკლისები არ უნდა ყოფილიყო;
  • ასევე, თუ ჩვენ გვინდა გაძლიერება, უნდა მომხდარიყო საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა, იმისათვის, რომ სამსახური არ იყოს სრულად მიჯაჭვული პროკურატურაზე. საქართველოს პარლამენტში არის წარდგენილი კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნას, თუმცა, ეს არ ეხმიანება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის წინაშე არსებულ საჭიროებებს და ეს მექანიზმი კვლავ დამოკიდებული ხდება პროკურატურაზე;
  • ასევე, ამ ახალი კანონით უნდა შექმნილიყო მყარი გარანტიები იმისათვის, რომ უწყებებიდან არ იყოს პრობლემა მტკიცებულებების მოწოდებაზე; უნდა შემცირებულიყო ვადები მტკიცებულებათა მოწოდების, იმიტომ, რომ დღეს, ზოგჯერ 3, 4, 5 თვის დაგვიანებით ხდება სამსახურისთვის მტკიცებულებების გადმოცემა;
  • უნდა შექმნილიყო ასევე უფრო მყარი გარანტიები იმისა, რომ ხვალ და ზეგ ამ სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებიც იქნებიან არჩევით თანამდებობაზე, კვლავ არ აღმოჩნდნენ ვადაზე ადრე უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის წინაშე.

Your browser doesn’t support HTML5

ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო ინსპექტორზე

სახელმწიფო ინსპექტორის საქმეები - აკრძალული ტერიტორიაზე გადასვლა?

მაინც რამ გააბრაზა ხელისუფლება ასე სახელმწიფო ინსპექტორზე? თუ უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე შეიხედავთ, ნახავთ მის მიერ გამოტანილ არაერთ გადაწყვეტილებას, რომლითაც ისინი ცალკეული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.

საგამოძიებო ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო ლუკა სირაძის საქმე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გახმაურებულ საქმეებს შორის იყო:

  • ლექსო ლაშქარავას ჩანაწერების გავრცელების საქმე;
  • სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება ქ. ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის საშუალებით, გასაჯაროების კანონიერების შესახებ;
  • სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესახებ;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონზე.

ჩამონათვალი გრძელია.

საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება იქცა თავისტკივილად ხელისუფლებისთვის, თუმცა, მისი შეფასებით, გადამწყვეტი მაინც სამართალდამცველების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი უნდა იყოს - ხელისუფლება არ ელოდა, რომ მის მიერ არჩეული კადრი მათ არ დაემორჩილებოდა.

მიმართვა პრეზიდენტს - ,,დაადეთ ვეტო" და სხვა გამოხმაურებები

ახალი კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით კი დაიწყეს, მაგრამ ჩუმად პროცესმა მაინც ვერ ჩაიარა.

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მოწოდების შემდეგ, საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ, დუნია მიატოვიჩმაც მოუწოდა თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღებისგან, რომლის მიზანია გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

ასევე ნახეთ ევროსაბჭო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისგან

„მიძნელდება იმის გაგება, თუ რატომ განიხილება ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით“, - ასეთი იყო გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის გამოხმაურება.

პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, ვეტო დაადოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს.

„სადამსჯელო ოპერაცია“ უწოდა მომხდარს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და განაცხადა, რომ მას არ ახსენდება პარლამენტში მოსული აშშ-ის ელჩი სწორედ იმ მიზნით, რომ შეჩერდეს კანონის მიღება:

„მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არის მოტივირებული გააუქმოს მოქალაქეების დასაცავად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო“, - თქვა მან.

ის, რომ პარლამენტი ამ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, წესით, იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას, ახალ წლამდე, სამივე მოსმენით მიიღებენ.

ასევე ნახეთ იქნება თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი?
ასევე ნახეთ პოლიციელთა დანაშაული - რას შეცვლის სახელმწიფო ინსპექტორი?