სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზსა და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.
პრესსამსახურის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს, 28 დეკემბერს, კომიტეტების სხდომებზე განიხილა.
„წარმოუდგენელია სამსახურის ამ მასშტაბის რეფორმა თავად სამსახურის ჩართულობის გარეშე. არ არსებობს ამ ფორმითა და მეთოდებით უწყებების დაშლის პრეცედენტი. სამსახურის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება არის ძალიან ცუდი გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის. საქართველოს პარლამენტს არ დაუსვამს არც ერთი კითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა მედიის საშუალებით. მაშინ, როცა ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი სამსახურის გაძლიერების შესახებ, თურმე პარლამენტი კონსპირაციულად წერდა სამსახურის გაუქმების კანონპროექტს. ეს ,,რეფორმა“ არის სამსახურის დასჯა კანონიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებისთვის“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამართულ შეხვედრას ასევე ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მაიკე ვან კოლდამი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუს მასკიევიჩი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, საბერძნეთის ელჩის მოადგილე გიორგოს პაპანიკოლაუ, რუმინეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ისპას დრაგოში, იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა იორიო, ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი პეეტერ პალსი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე ნახეთ "უდიდესი პროტესტის, უსამართლობის განცდა მაქვს" - ინტერვიუ ლონდა თოლორაიასთან„ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და მის ნაცვლად ორ სხვა სტრუქტურას ქმნის, ინსპექტორის აპარატის მოქმედი თანამშრომლები 1 მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან და უწყდებათ შრომითი კონტრაქტები. კანონპროექტი მათ სამართლებრივი დავის შესაძლებლობასაც უზღუდავს.
პროექტში არსებობს ასეთი ჩანაწერი:
"სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებზე 2022 წლის 31 მარტიდან არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. აღნიშნულ პირებს არ აქვთ მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობებებზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. ისინი შეიძლება 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად ჩაირიცხონ მოხელეთა რეზერვში".
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ლონდა თოლორაიას მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში დასაქმებას სთავაზობსიმის შესახებ, რომ ამ კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ლიკვიდაცია და კანონის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის 1 მარტიდან ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება, ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
- სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია ლონდა თოლორაია.