პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ამასთან, ბიურომ მხარი დაუჭირა მის დაჩქარებული წესით განხილვას.
„ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და მის ნაცვლად ორ სხვა სტრუქტურას ქმნის, ინსპექტორის აპარატის მოქმედი თანამშრომლები 1 მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან და უწყდებათ შრომითი კონტრაქტები. კანონპროექტი მათ სამართლებრივი დავის შესაძლებლობასაც უზღუდავს.
პროექტში არსებობს ასეთი ჩანაწერი:
"სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებზე 2022 წლის 31 მარტიდან არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. აღნიშნულ პირებს არ აქვთ მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობებებზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. ისინი შეიძლება 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად ჩაირიცხონ მოხელეთა რეზერვში".
იმის შესახებ, რომ ამ კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ლიკვიდაცია და კანონის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის 1 მარტიდან ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება, ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.
გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.
ამ ჩანაწერის მიუხედავად, მმართველი პარტიის ლიდერები დეზინფორმაციას უწოდებენ ლონდა თოლორაიას დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი აპარატის თანამშრომლები სამსახურის გარეშე რჩებიან უწყების გაუქმების შემდეგ.
ასევე ნახეთ სააკაშვილი: მოვუწოდებ ინსპექტორის სამსახურს, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები27 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლებასა და კადრების შეკვეცას არ ისახავს მიზნად.
„ყალიბდება ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლებსაც, არა კადრების შეკვეცა და ადამიანების გათავისუფლება, არამედ, შეიძლება, დამატებაც დასჭირდეს. ბუნებრივია, პროფესიონალი კადრები თავიანთ სტატუსებს შეინარჩუნებენ. ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებაში, უწყების გაყოფისა და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, თავიანთ სტატუსებსა და თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. ორივე მიმართულებით ისინი ამ ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები არიან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საგამოძიებო ფუნქცია და პერსონალური მონაცემების დაცვა ერთად არ არის თავსებადი და ამგვარი პრაქტიკა, როცა ორივე ფუნქციას ერთი უწყება ითავსებს, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
- სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია ლონდა თოლორაია.