ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები 1 მარტიდან არა მხოლოდ თავისუფლდებიან, სამართლებრივი დავის უფლებაც ეზღუდებათ

"ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და მის ნაცვლად ორ სხვა სტრუქტურას ქმნის, ინსპექტორის აპარატის მოქმედი თანამშრომლები 1 მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან და უწყდებათ შრომითი კონტრაქტები. კანონპროექტი მათ სამართლებრივი დავის შესაძლებლობასაც უზღუდავს.

პროექტში არსებობს ასეთი ჩანაწერი:

"სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებზე 2022 წლის 31 მარტიდან არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. აღნიშნულ პირებს არ აქვთ მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობებებზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. ისინი შეიძლება 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად ჩაირიცხონ მოხელეთა რეზერვში."

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ლიკვიდაცია და კანონის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის 1 მარტიდან ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება, ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

ამ ჩანაწერის მიუხედავად, მმართველი პარტიის ლიდერები დეზინფორმაციას უწოდებენ ლონდა თოლორაიას დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი აპარატის თანამშრომლები სამსახურის გარეშე რჩებიან უწყების გაუქმების შემდეგ.

27 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლებასა და კადრების შეკვეცას არ ისახავს მიზნად.

„ყალიბდება ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლებსაც, არა კადრების შეკვეცა და ადამიანების გათავისუფლება, არამედ, შეიძლება, დამატებაც დასჭირდეს. ბუნებრივია, პროფესიონალი კადრები თავიანთ სტატუსებს შეინარჩუნებენ. ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებაში, უწყების გაყოფისა და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, თავიანთ სტატუსებსა და თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. ორივე მიმართულებით ისინი ამ ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები არიან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საგამოძიებო ფუნქცია და პერსონალური მონაცემების დაცვა ერთად არ არის თავსებადი და ამგვარი პრაქტიკა, როცა ორივე ფუნქციას ერთი უწყება ითავსებს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: მოვუწოდებ ინსპექტორის სამსახურს, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები

"პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია ითავსებს თუ არა საგამოძიებო ფუნქციასაც - პასუხი არის არა. ასეთი გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული იყო რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე და დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან. ვაღიარებ და გულწრფელად თუ არ ვთქვი, საზოგადოება არ დაგვიჯერებს. როდესაც დადგა საკითხი, გავიაროთ რა არის სწორი ინსტიტუციურად, შესაძლებელია თუ არა ეს ორი ფუნქცია ერთად იყოს, არ არის თავსებადი და არც არის მსოფლიოში პრეცედენტი, რომ პერსონალური დაცვის ფუნქცია საგამოძიებო ფუნქციასაც ითავსებდეს.

ორივე ფუნქცია ძლიერდება, საგამოძიებო ფუნქცია პირიქით ძლიერდება. გაყოფით და ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებით ორივე ასპექტი ძლიერდება", - თქვა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ სახელმწიფო ინსპექტორი: უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქცია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, 28 დეკემბერს წარედგინება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ მან "ქართული ოცნების" დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ მედიიდან გაიგო. თავად მან 24 დეკემბერს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მიმართა, რომელიც ინსპექტორისთვის უფლებამოსილების გაზრდას და ბიუროკრატიული ბარიერებისგან გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.