არასამთავრობოები ინსპექტორის აპარატზე: ხელისუფლებამ შეწყვიტოს თავდასხმები დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე

17 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება "ქართული ოცნების" კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და თანამდებობა უქმდება. ერთობლივი განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ, ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას. სწორედ ამ სისტემური ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. მექანიზმის შექმნა ასევე გათვალისწინებული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით", – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე, რომ მისი შემუშავების პროცესში ჩართული არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და საკანონმდებლო თვითნებობას წარმოადგენს. ამავდროულად, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვება.

ასევე ნახეთ ,,წინასაახალწლო სიურპრიზად”, "ინტერპრესნიუსიდან" გავიგეთ - სახელმწიფო ინსპექტორი მისი უწყების გაუქმების ინიციატივაზე


"აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად ეხმაურება სამართალდამცავი სისტემის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს. სამსახურმა შეისწავლა ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, ასევე მწვავედ გამოეხმაურა სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების გასაჯაროებას", – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის ფონზე, დახურულ კარს მიღმა, ფარულად და დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება.

ასევე ნახეთ სასამართლო 28 დეკემბერს იწყებს იუსტიციის სამინისტროს სარჩელის განხილვას ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC);
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • საფარი;
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia);
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • უფლებები საქართველო;
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).