დეგნანი "ეროვნული თანხმობის" პროცესზე: მისასალმებელია პრეზიდენტის ინიციატივა და მხარს ვუჭერთ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დგეგნანი აცხადებს, რომ მისასალმებელია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ და ამ პროცესში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

"პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ამ ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს და ყოველმხრივ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის და სიმშვიდისთვის.

ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, მათ შორის არის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და ყველას აქვს საკუთარი ხმა მთლიანად ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებასა და გამთლიანებას.

ყველამ კარგად ვიცით, რომ აღნიშნული პროცესი სწრაფად და ერთ ან ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისთვის პრეზიდენტიც არის კარგად მომზადებული და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში", - თქვა კელი დეგნანმა.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: არავინ იფიქროს, რომ ორ დღეში და ორ თვეში დავდებთ ახალ "მიშელის დოკუმენტს"

20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრეზიდენტი ორშაბათიდან ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში უკვე შეხვდა: "ნაციონალური მოძრაობის, "ქართული ოცნების", "ლელოს", "გირჩის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "მოქალაქეების", "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის", "ხალხისთვის" და სხვა პარტიების წარმომადგენლებსა თუ უპარტიო პოლიტიკოსებს. პრეზიდენტს შეხვდნენ ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.