სუბარი: ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევით გახარიას პარტიამ ენმ-თან კოალიცია გააფორმა

სოზარ სუბარი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჩხოროწყუს საკრებულოში პარტია "საქართველოს" წარმომადგენლის თავმჯდომარედ არჩევით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიასთან "კოალიცია გააფორმა". ასე გამოეხმაურა სუბარი ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას.

"მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" საერთო თამაშს თამაშობდნენ. საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამდა წყალს. დღეს, როდესაც გახარიას გუნდის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია", - თქვა სუბარმა.

ის ვარაუდობს, რომ მსგავსი პრეცედენტები მოხდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

"ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებშიც, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსების შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ. დადასტურდა ისიც, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა. ისინი უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას", - თქვა სუბარმა.

დღეს, 23 დეკემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 14 ხმით აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი შოთა წურწუმია.

ასევე ნახეთ ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიიდან აირჩიეს

მანამდე შოთა წურწუმიას 15-ივე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ერთხმად გამოუცხადა ღიად მხარდაჭერა. მათ შორის, 7 წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ამდენივემ პარტიიდან “საქართველოსთვის” და ერთმა დეპუტატმა “ლელოდან”. ერთი ბიულეტენის გაფუჭების მიზეზად ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ შეეშალა. გაბათილებულ ბიულეტენზე კანდიდატი არ იყო შემოხაზული.

სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა ფარულ კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მიიღეს მონაწილეობა მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” წევრებმა, სულ 12-მა დეპუტატმა.