ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში ოპოზიციის ინიციატივით დანიშნული სხდომა ვერ ჩატარდა. სხდომაზე არ მივიდნენ საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები და შესაბამისად, კვორუმის პრობლემა შეიქმნა. ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში დღეს დანიშნულ სხდომაზე ოპოზიციიდან 16 წევრი გამოცხადდა. კვორუმისთვის სულ მცირე 18 დეპუტატის დასწრებაა საჭირო.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ სხდომაზე გამოცხადდა ამ პარტიის 14 წევრი, 1 დეპუტატი „ლელოდან“ და 1 ექსპრემიერ გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის. სხდომაზე „ქართული ოცნების“ 16 წევრის გარდა არ მივიდა ბათუმის საკრებულოში პარტიიდან „საქართველოსთვის“ პროპორციული სიით არჩეული ირაკლი თავდგირიძე, რომელმაც ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს.
საბოლოოდ შეუმდგარი სხდომის დღის წესრიგში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი საკითხი დააყენა - საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და წინა მოწვევის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობა. "ქართულ ოცნებაში" სხდომაზე არდასწრების მიზეზად ბიუჯეტის თემა დაასახელეს.
„უპრეცედენტო რამ ხდება ბათუმში - „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმელებს და ოპოზიციას ბოიკოტი გამოუცხადა და საკრებულოს სხდომაზე არ მოვიდა", - განაცხადა "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ.
ასევე ნახეთ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო კვორუმის პრობლემის წინაშე დადგაბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 3 დეკემბრიდან შეუდგა, თავმჯდომარის არჩევას ამ დრომდე ვერ ახერხებს. 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 35-წევრიან საკრებულოში ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" – 1. მას შემდეგ, რაც ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა, ექსპრემიერ გახარიას პოლიტიკურ ორგანიზაციას ბათუმის საკრებულოში 2 წევრი დარჩა.
მაჟორიტარული წესით "ნაციონალური მოძრაობიდან" არჩეული ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, რომლის ადგილმონაცვლის ასარჩევად ბათუმში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, ქალაქის საკრებულოში 34 წევრია.
ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობა" მისი წევრის გარდაცვალებას ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირებს ასევე ნახეთ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხზე „ქართული ოცნება" ენმ-ს პასუხობს