საშობაო მედიტაციები რომში (ნაწ. 2)

ლაშა ოთხმეზური

მე დიდი ხანი მეგონა, რომ პირველი ებრაულ-რომაული ომი (66-70 წწ.) და იერუსალიმის ალყა მხოლოდ მცირე სამხედრო ოპერაცია იყო. ყოველ შემთხვევაში, ეს შთაბეჭდილება დამრჩა იმ ორი სტრიქონიდან, რომელიც სვეტონიუსმა მიუძღვნა რომაელების ამ სამხედრო ლაშქრობას: „იერუსალიმზე საბოლოო თავდასხმისას მან [ტიტუსმა] თორმეტი ისრით მოკლა თორმეტი მცველი და აიღო ქალაქი საკუთარი ქალიშვილის დაბადების დღეს“. ამრიგად, სვეტონიუსისათვის ოჯახის იუბილე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამხედრო გამარჯვება ან ტაძრის დანგრევა!

სინამდვილეში ვესპასიანემ და მისმა ვაჟმა ტიტუსმა მრავალი თვე გაატარეს იერუსალიმზე იერიშის მომზადებაში. მამა-შვილის მიერ მობილიზებული ჯარების რაოდენობა უფრო დიდი იყო, ვიდრე ოცდახუთი წლით ადრე რომს დასჭირდა ბრიტანეთის დასაპყრობად. იერუსალიმელი მეამბოხეები ტაძარს გასაოცარი თავდადებით იცავდნენ - ფსონები უდიდესი იყო, უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ... ებრაელებისთვის ტაძარი იყო „მთელი სამყარო“, როგორც ამას დაწერს ფილონ ალექსანდრიელი - ფილოსოფოსი, რომლისთვისაც ჰიპერბოლა უცხო ხილი იყო. მეფე ჰეროდეს მიერ ნანატრი ტაძრის რეკონსტრუქციაზე 18 000 კაცი მუშაობდა 84 წლის განმავლობაში. ტაძრის რეკონსტრუქცია დასრულდება ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 64 წელს - განადგურებამდე სულ რაღაც 6 წლით ადრე! ტაძარი გადაჭიმული იყო 144000 კვადრატული მეტრის ესპლანადაზე და სიდიდით თითქმის ათჯერ აღემატებოდა წმინდა პეტრეს ბაზილიკას, თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ რელიგიურ შენობას!

ამ ტაძრის გარშემო ცხოვრობდა რელიგია - მეორე ტაძრის იუდაიზმი - აღწერილი იოსებ ფლავიუსის მიერ, როგორც ძალიან მრავალფეროვანი და შემწყნარებელი სხვადასხვა ჰეტეროდოქსული მიმდინარეობის მიმართ.

თუმცა, იერუსალიმის ტაძარი იყო არა მხოლოდ ღმერთის სახლი, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების რეალური ცენტრი. ამიტომ ლოგიკური იყო, რომ ებრაელთა აჯანყება 66 წელს დაიწყო ამ ადგილას, როდესაც ტაძრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მიიღო ძალზე სარისკო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა ყოველდღიური მსხვერპლშეწირვა რომის იმპერატორის სახელზე. ”ტაძარში, წერდა იოსებ ფლავიუსი, ელეაზარმა, მღვდელმთავარ ანანიას ვაჟმა, უკიდურესად გაბედულმა ახალგაზრდამ, რომელიც მაშინ იყო ტაძრის პოლიციის უფროსი, დაარწმუნა მღვდლები, რომ აღარ მიეღოთ საჩუქრები და მსხვერპლი უცხოებისთვის: ეს იყო რომაელებთან ომის მიზეზი“. და მართლაც, ვინ არ იცოდა მღვდლებს შორის, იუპიტერის მსხვერპლშეწირვაზე უარის თქმა რომ casus belli იქნებოდა რომაელთათვის?!

რომაელები ტაძარზე ბოლო იერიშს 70 წლის ზაფხულის დასაწყისში მიიტანენ. უძველესი წყაროები მიუთითებენ, რომ ტიტუსმა იერიშის მიტანამდე მოიწვია საბჭო, რომელსაც ტაძრის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ისტორიკოსები დღემდე კამათობენ იმ მიზეზზე, რომელმაც სასწორი ტაძრის განადგურების სასარგებლოდ გადახარა. იყო ეს რელიგიური ხასიათის გადაწყვეტილება - კერძოდ, რომაელების მხრიდან იუპიტერის უპირატესობის დემონსტრირება ებრაელების ღმერთზე? ამ გადაწყვეტილების უკან უფრო პროზაული მიზეზი იმალებოდა - ტაძარში დაგროვილი უზარმაზარი სიმდიდრის ხელში ჩაგდების სურვილი? თუ ტაძრის დანგრევა ნაკარნახევი იყო მოტივით, რომ ძირი გამოეთხარა ებრაული სამოქალაქო და რელიგიური განსაკუთრებულობისათვის, რომელიც საშიშ მაგალითს იძლეოდა რომის ათასი ხალხისა და ათასი რელიგიის იმპერიაში? სხვათა შორის, ეს სამი მიზეზი ურთიერთგამომრიცხავი არ არის...

ასე იყო თუ ისე, რომაული ლეგიონების მიერ ტაძრის დანგრევა შემოატრიალებს ბედის ბორბალს: ტაძრის დანგრევიდან ერთი წლის შემდეგ ვესპასიანე გადაწყვეტს, არ დაუშვას ქალაქში ღვთისმსახურების აღორძინება. ტაძრის დანგრევასთან და ღვთისმსახურების აკრძალვასთან ერთად გაქრება მღვდელმთავარი და მისი საბჭო, ანუ იუდაიზმის ცენტრალიზებული რელიგიური ხელისუფლება, ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლო სწრაფად და საბოლოოდ გადაეჭრა ახალშობილი პროტოქრისტიანული მიმდინარეობის სტატუსი, რომელიც, იმ პერიოდში, მხოლოდ ერთ-ერთ ჰეტეროდოქსულ ებრაულ მოძრაობას წარმოადგენდა. მეორე ტაძრის იუდაიზმის დასასრულმა ძლიერ შეუწყო ხელი ორი ახალი რელიგიის - რაბინული იუდაიზმისა და ქრისტიანობის გაჩენას. ტიტუსი და ვესპასიანე, რა თქმა უნდა, ვერ წარმოიდგენდნენ ასეთ შორსმიმავალ შედეგებს!

მეორე ტაძრის იუდაიზმი ძალიან ტოლერანტული იყო სხვადასხვა ჰეტეროდოქსული მიმდინარეობების მიმართ. იგი ეყრდნობოდა ოთხ დედაბოძს. ესენია: 1. მონოთეიზმი (ღმერთი ერთია); 2. ღმერთის მიერ რჩეული ხალხი და მასთან დადებული აღთქმა; 3. თორაზე ორიენტირებული აღთქმა; 4. და იერუსალიმის ტაძარზე ორიენტირებული აღთქმული მიწა. იერუსალიმის ტაძარი და სამღვდელოება საშუალებას აძლევდა ებრაელებს, მათი განსხვავებების მიღმა გაერთიანებულიყვნენ ღვთისმსახურების გარშემო.

ტაძრის დაცემის შემდეგ ცვლილება რადიკალური იქნება. ამ ცვლილების მამოძრავებელი ძალა კი ფარისეველთა ძმობა გახდება. ვინაიდან ფარისევლებს არ ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული 66 წლის აჯანყებაში, რომაელები მათ ნებართვას მისცემენ, იაბნეში (თელ-ავივის მახლობლად) რაბინული სკოლა დაეარსებინათ. იქ ფარისევლები დაიწყებენ იუდაიზმის ხელახალ განსაზღვრას. ლოგიკურად კაცი ივარაუდებდა, რომ ფარისევლები რელიგიის თავიდან განსაზღვრას დარჩენილი სამი დედაბოძის - მონოთეიზმის, თორას, მიწის - გარშემო შეეცდებოდნენ. მაგრამ არა, აღთქმული მიწა ამოგდებულ იქნა სიიდან... ებრაული იდენტობის მხოლოდ თორაზე დაფუძნებით იაბნეელი ერუდიტები და მათი მემკვიდრე რაბინები განავითარებენ იუდაიზმის ისეთ ფორმას, რომელიც შეძლებდა შენარჩუნებულიყო გეოგრაფიული თუ საკულტო ორიენტაციის გარეშეც. ეს გადაწყვეტილება მხსნელი აღმოჩნდება ებრაელებისათვის, რადგან 135 წელს, მას მერე, რაც რომი აუკრძალავს ებრაელებს როგორც იერუსალიმში, ისე ზოგადად იუდეაში ცხოვრებას, ებრაული დიასპორა, მიუხედავად ტაძრის და მიწის დაკარგვისა, შეძლებს რელიგიის გადარჩენას.

ასევე ნახეთ

საშობაო მედიტაციები რომში (ნაწ. 1)საშობაო მედიტაციები რომში (ნაწ. 3)