გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქმედ, მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ინფორმაცია მარგველაშვილმა "მთავარ არხს" მიაწოდა.

"ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის ეთერში განხილვასაც არ ვაპირებ. ბუნებრივია, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია პრეზიდენტის", - თქვა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ის გეგმავს პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრასაც, თუ შესაბამისი უწყებები ამის უფლებას მისცემენ.

"იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები, ვინც ამ ნაწილში ფიგურირებს, შესაძლებლობას მომცემენ, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს", - თქვა მან.

16 დეკემბერს საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები საახალწლო ღონისძიებაზე მიიწვია. ამ დღეს მან თქვა, რომ შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე და თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილის თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე - თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა

„ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მე ის მინდა ვთქვა პირველ რიგში, რომ არა მაქვს ჩამოყალიბებული რაღაცა წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება ცვლილებას, პირიქით ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და პირველი ეტაპი ამ პროცესის უნდა იყოს მოსმენა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისევ დაიძაბა. ამ ფონზე სასულიერო პირებმა თუ პოლიტიკოსებმა საყოველთაო შერიგებაზე დაიწყეს საუბარი. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია.

ასევე ნახეთ მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, საპატრიარქო და ეკლესია „სულ შერიგებისკენაა“

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ასევე ნახეთ ზურაბიშვილმა მიმართა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს

ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ "France 24"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეეხო:

"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც".