სენატორი ჯიმ რიში: მიუღებელი წინადადებების შემოთავაზებით რუსეთი „ომის საბაბს“ ქმნის

ჯიმ რიში

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში ამბობს, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალის თავმოყრით გამოწვეული დაძაბულობის შესანელებლად მოსკოვის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების წინადადებები, აშკარა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი „ომის დასაწყებად საბაბს ეძებს“. ამის შესახებ ჯიმ რიშმა განაცხადა 18 დეკემბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები, ბრიუსელისა და ვაშინგტონისადმი მოწოდებით, რომ არ დაუშვან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და მასში ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება.

„რუსეთის ფედერაციას სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ შეუძლებელია იმ წინადადებების მიღება, რომლებიც მან წამოაყენა. პუტინმა იცის, რომ აშშ და მისი 29 ნატოელი მოკავშირე არ აწარმოებენ და არც შემდგომში გამართავენ მოლაპარაკებებს უკრაინის მსგავსი სუვერენული სახელმწიფოების მომავალზე, რომლებსაც თავად უნდა შეეძლოთ საკუთარი არჩევნის გაკეთება,“-განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

სენატორმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ნატოს ყველა წევრი ქვეყნის ლიდერებს, რომ უარყონ რუსეთის მოთხოვნები, თუმცა რიში აცხადებს, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინი შეეცდება ეს უარი სამხედრო აგრესიის საბაბად გამოიყენოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტით, მოსკოვს სურს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე. გარდა ამისა, ნატომ უარი უნდა თქვას ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე.

ასევე ნახეთ

რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, არ დაუშვას ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღება

18 დეკემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.

აშშ-მა და ევროპის კავშირმა რუსეთი „უზარმაზარი შედეგების“ თაობაზე გააფრთხილეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში და დიპლომატიური გზებით დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.

როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრნენ. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში.

რუსეთმა ადრე უკვე განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. 2014 წელს მან დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.