Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: პუტინის გარემოცვას პარიზში არშეშვებით უნდა დავემუქროთ


გერმანიის ახალი თავდაცვის მინისტრი კრისტინა ლამბრეხტი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც უნდა მოხვდნენ სანქციათა ახალ პაკეტში, რომელიც შესაძლოა ევროკავშირმა აამოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში.
„ვინც აგრესიაზე აგებენ პასუხს, პირადად უნდა იგრძნონ შედეგი, რომ, მაგალითად, მათ ვეღარ უნდა შეძლონ საყიდლებზე პარიზში ელისეს მინდვრებზე სიარული“, - განაცხადა ლამბრეხტმა გაზეთ „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალ, ქვეყნის უძლიერეს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი არის უკრაინის აგრესორი ქვეყანა და მას კარგად ესმის უკრაინელთა შიში, რომელიც გამოწვეულია უკრაინის საზღვრებთან უმსხვილესი რუსი სამხედრო დაჯგუფების კონცენტრაციით:

„ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ აგრესიის შესაჩერებლად. ეს უნდა ითვალისწინებდეს ასევე მკაცრი სანქციების მუქარას“, - განაცხადა ქალმა თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, მან თავი აარიდა შეკითხვას, უნდა შევიდეს თუ არა სანქციათა სიაში გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“. რაც შეეხება უკრაინაში ბუნდესვერის ჯარისკაცების შესაძლო გაგზავნას, ლამბრეხტმა თქვა, რომ ჩვენ ჯერ „დიპლომატიის და ეკონომიკური სანქციების ყველა ვარიანტი“ უნდა გამოვიყენოთო.

მანამდე ავსტრიის ახალმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ზიანს მოუტანს ევროკავშირს. ამის შესახებ მან Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

კანცლერი გამოვიდა მოწოდებით, დაიწყოს გაზსადენის ექსპლუატაცია, როგორც ეს დაგეგმილი იყო, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებს გაზი და ნავთობი სჭირდებათ. მისი თქმით, აუცილებელია ენერგომომარაგება რაც შეიძლება დიდი რაოდენობის წყაროებიდან.

მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ გერმანიას მოუწოდა, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს პირდაპირ გერმანიას და ევროკავშირს, უკრაინისთვის გვერდის ავლით.

გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის არ არის სერტიფიცირებული. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 12 დეკემბერს ეს იმით ახსნა, რომ პროექტი არ უპასუხებს ევროპის სამართლებრივ ნორმებს, ამიტომ ჯერჯერობით არ შეიძლება მისი გაშვება. ბერბოკის განცხადების შემდეგ ევროპაში ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა პირველად გადააჭარბა 1400 დოლარს.

XS
SM
MD
LG