რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. როგორც აცხადებენ, ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, კარენ დორნფილდს, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით.
უკრაინასთან დაკავშირებული ვითარების გამო გარანტიების აუცილებლობის შესახებ ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა განცხადებები. მოსკოვის განცხადებებს თან სდევს შეიარაღებული ძალების დაჯგუფების ზრდა უკრაინის საზღვრებთან. დასავლეთის ქვეყნები და კიევი მიიჩნევენ, რომ რუსეთი შესაძლოა ინტერვენციისთვის ემზადებოდეს.
პუტინმა გარანტიების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ, მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთისთვის მიუღებელი სახით აიარაღებენ უკრაინას, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთს. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია და დახმარებას უწევდა სეპარატისტებს დონბასში, სადაც დღემდე გრძელდება საბრძოლო მოქმედებები.
ხელშეკრულების რუსულ პროექტში ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები კისრულობს ვალდებულებას, გამორიცხოს ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის შემდგომი გაძლიერება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს ამბობს ალიანსში იმ ქვეყნების მიღებაზე, რომლებიც წინათ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ,“ ასევე არ შექმნის სამხედრო ბაზებს წინათ სსრკ-ს შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან ნატოს შემადგენლობაში, არ გამოიყენებს მათს ინფრასტრუქტურას ნებისმიერი სამხედრო საქმიანობის საწარმოებლად, ასევე არ განავითარებს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. ლაპარაკია აგრეთვე შეიარაღების განთავსების შეზღუდვებზე, მათ შორის საშუალო და მცირე რადიუსის სახმელეთო ბაზირების რაკეტებისა, ასევე ქვეყნის გარეთ ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.
ვალდებულებების უდიდესი ნაწილი აშშ-ს ეხება. რუსეთის რაიმე ცალმხრივ ვალდებულებებზე დოკუმენტში ლაპარაკი არ არის.
ნატოსთან შეთანხმების პროექტშიც ლაპარაკია ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრთა ვალდებულებაზე, გამორიცხონ ნატოს გაფართოება, „მათ შორის უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების“ მიერთება, აგრეთვე ის, რომ უარი თქვან „ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ და საზღვრის მახლობლად მსხვილი სამხედრო სწავლების ჩატარებაზე.
ჯერჯერობით არ ყოფილა ამ დოკუმენტებზე აშშ-ისა და ნატოს წევრი ქვეყნების რეაქცია. მაგრამ ჯერ კიდევ მათ გამოქვეყნებამდე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ნატოს ხელმძღვანელობა აცხადებდნენ, რომ რუსეთს არ შეიძლება ჰქონდეს ვეტოს უფლება ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ახალი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, გაწევრიანებაზე. ახლახან ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
2008 წელს ნატოს წევრებმა ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტეს, რომ მომავალში უკრაინა და საქართველო კავშირის წევრები გახდებიან. მათთვის დღემდე არ გაუგზავნიათ ფორმალური მიწვევა, მაგრამ ნატო აღნიშნავს, რომ კარი ღია რჩება და კიევსა და თბილისს საჭირო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას დახმარებას უწევენ შეიარაღებული ძალების მომარაგებაში, აშშ კი კიევს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას აწვდის. ნატოში აღნიშნავენ, რომ უკრაინასთან თანამშრომლობა არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.