საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებს უმასპინძლა, თავის სიტყვით გამოსვლაში განმარტა, როგორ ხედავს ეროვნული თანხმობის პროცესს, რომლის წარმართვასაც აპირებს.
„ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მე ის მინდა ვთქვა პირველ რიგში, რომ არა მაქვს ჩამოყალიბებული რაღაცა წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება ცვლილებას, პირიქით ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და პირველი ეტაპი ამ პროცესის უნდა იყოს მოსმენა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი სიტყვებით, გასაგებია, რომ პროცესის მიმართ იქნება სკეპტიციზმი, იქნება განსხვავებული პოზიციები და უნდობლობა, რაც დღევანდელი ყოფის ნაწილია.
„ერთ რამეს ამტკიცებს ეს რეაქციები, რომ მართლაც დრო არის, რომ აქტუალურია ეს თემა ყველასთვის სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვანაირად, ვინ როგორ ხედავს იქიდან გამოსვლის ფორმებს და გზას. მაგრამ ის, რომ ახლა ამის დროს არის, მე მგონი, საზოგადოებაში და თუნდაც პოლიტიკურ წრეებში უკვე არის მოცემულობა“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ის პრინციპები ჩამოთვალა, რომლებსაც პროცესი უნდა დაეყრდნოს. ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა და ფართო წარმომადგენლობა.
„ერთი არის ინკლუზიურობა, დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი, საზოგადოების თუ პოლიტიკის - ყველანი აბსოლუტურად. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით და ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება და ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული, რომელიმე ჯგუფის შეხვედრაზე შეძლოს გაეცნოს შედეგებს და გაიგოს კონსულტაციების შინაარსი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე, ვინაიდან წინაპირობები გააჩენს პოლარიზაციისა და დაპირისპირების საფუძველს, რაც პროცესს ჩიხში შეიყვანს.
„არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის მოსაგვარებელი პროცესში. მოსალაპარაკებელი, გასაანალიზებელი - თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. ეს ცუდად იყო გაგებული, დაიწყო ამის გარკვევა, რომ როგორ უნდა შევურიგე იმას, თუ ამას ან რატომ უნდა შევურიგდე? გასაგებია. შერიგება, ყველა იმ პროცესში, ამგვარი პროცესები რაც ჩატარდა მსოფლიოში, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი - იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით. მით უმეტეს, როცა წარსულს ეხება ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს და ეს არის, ცხადია, ყველას მიზანი - შერიგება, რომელსაც მე მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, ვინაიდან მაინც უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი“, - განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.
ეროვნული თანხმობის მისაღწევად, სალომე ზურაბიშვილის თანახმად, საჭიროა შეიქმნას კონსენსუსის პლატფორმა - პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები გადაწყვეტენ როგორი უნდა იყოს საუბრების შემდეგი ეტაპი. ეს უნდა იყოს უცხოელების მონაწილოებით წარმართული პროცესი, თუ უნდა იყოს „ქართული პროცესი“. პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია და გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ეს უნდა იყოს „ჩვენს მიერ მართული პროცესი“
„ჩვენ მივედით იმის ბოლომდე, რომ გარედან, რაც არ უნდა იყოს მონდომება, ძალისხმევა, ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან ის გაგება ამ პროცესების, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი პროცესი და ხანგრძლივი. იმიტომ, რომ ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი. ვინც ელოდება ასეთ შედეგებს არარეალისტურია", - სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუ მოხერხდა პროცესის წარმატებით დაძვრა და წინ წაწევა ეს ყველას მისცემს საშუალებას „წარსულთან გავასწოროთ ჩვენი ანგარიშები“.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდესსაქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას საახალწლო მიღებაზე მიწვევის შესახებ პოლიტიკური პარტიების ნაწილი დასთანხმდა, ნაწილმა კი უარი განაცხადა. შეხვედრის ოფიციალური მიზანი საახალწლო ღონისძიებაზე დასწრებაა, თუმცა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განაცხადები აჩენს მოლოდინებს, რომ იქ პოლიტიკური საკითხებიც განიხილება.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის თქმით, ახალგაზრდებს არ უნდათ „სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში“ ცხოვრება ასევე ნახეთ თალაკვაძის განცხადებით, „ოცნება“ მაქსიმალურად უზრუნველყოფს თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემოშერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".
ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ "France 24"-ისთვის მიცემული ინტერვიუში შეეხო:
"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც".
15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქსაც გააცნო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა და კურთხევა სთხოვა.
საქართველოს საპატრიარქოს თანახმად კი, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან, რასაც საპატრიარქო მხარს დაუჭერს.