ზუგდიდის საკრებულოს რიგით მეორე სხდომაც გადაიდო

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულომ ვერც რიგით მეორე სხდომაზე შეძლო საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა. პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა, 22-მა დეპუტატმა. წინა სხდომისგან განსხვავებით, პარტიის „საქართველოსთვის” 3 წევრს სხდომა არ დაუტოვებია, თუმცა დარბაზში არ იმყოფებოდა 23 დეპუტატი და კვორუმის არქონის გამო სხდომა ისევ ერთი კვირით გადაიდო.

დღეს „ქართული ოცნების” 20 დეპუტატიდან სხდომას 19 ესწრებოდა. ერთი, მამუკა ყურაშვილი ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. „ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ქვეყანაში საკრებულოების პარალიზების გამო კრიზისია, რომელიც მმართველმა გუნდმა შექმნა:

„ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, დღეს კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა და დატოვოს დარბაზი. ეს არის ერთგვარი კრიზისის მოცემულობა და ეს კრიზისი, ბუნებრივია, შეიქმნა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ და კონკრეტულად პოლიტიკური გუნდის "ქართული ოცნების" მიერ. არ მინდა პერსონიფიცირება, ვის და რის გამო მოხდა, ეს მოხდა მთლიანად სისტემის გამო, რომელმაც პირდაპირი გაგებით წაგვართვა მანდატი და ამან შეგვიყვანა ჩიხში“, - განაცხადა ენმ-ის წევრმა თემურ ბასილაიამ სხდომის დატოვების წინ.

„ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მზად არიან „გახარიას გუნდთან” ისაუბრონ კრიზისის დაძლევის მიზნით:

„მზად ვართ მათთან განვიხილოთ ყველა წინადადება ერთადერთ შემთხვევაში, თუ ისინი იქნებიან მზად, რომ შემდეგ საკრებულო იყოს არა სანოტარო ბიურო, არამედ იყოს ორგანო, რომელიც იბრძოლებს ზუგდიდში გამეფებული კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ”, - ეს განცხადება დღეს ენმ-ის წევრმა, პარლამენტარმა ანა წითლიძემ გააკეთა, რომელიც ასევე ესწრებოდა სხდომას.

პარტიის „საქართველოსთვის” წევრები კი განმარტავენ, რომ მათი პრინციპი არის უცვლელი და სისტემურ კოალიციას არცერთ პარტიასთან, არც „ქართულ ოცნებასა“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ შექმნიან:

„ჩვენ საჯაროდ დავაფიქსირეთ, რომ სამმხრივი მოლაპარაკება ყოფილიყო. უმთავრესი რაც არის, ისას, რომ მოსახლეობამ მოგვანიჭა ბალანსის გასაღები. მათ ხმა მისცეს დაბალანსებულ საკრებულოს. თუ "ქართული ოცნება" და "ენმ" შეთანხდებიან ერთმანეთში, კი ბატონო, მხარს ვუჭერთ, არ მივდვართ მათ წინააღმდეგ. უმთავრესი პრინციპი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ პარტიები, ეს არის ბალანსის პრიციპი, რომ არ შეიქმნას კრიზისი. ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, არცერთი პარტიისგან არ ყოფილა გამოხმაურება”, - განაცხადა ფრაქციის „ზუგდიდი საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიგა ფარულავამ. თავის მხრივ, კრიზისის შექმნაში ოპოზიციას ადანაშაულებს „ქართული ოცნება”.

საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიას განცხადებით, ნათელია, რომ გადადების საფუძველი პირველ და მეორე სხდომაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისი დატოვებაა:

„მე მოვუწოდებ ყველა პასუხისმგებლიან საკრებულოს წევრს და პოლიტიკურ სუბიექტს, რომ კრიზისის შექმნას ხელი არ შეუწყონ… "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა სხდომათა დარბაზი და გადადგა კრიზისისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი. ანუ შექმნა საფუძველი იმის, რომ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაც კი ვერ შეძლონ პოლიტიკურმა ძალებმა”, - განაცხადა სანდრო სორდიამ.

3 დეკემბრიდან, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები. პირველ სხდომაზე ოპოზიციის პროტესტის გამო ვერ შეძლო ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა. ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომელშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, 20-ით - „ქართული ოცნება“, ხოლო 3-ით - „გახარია - საქართველოსთვის“.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

ასევე ნახეთ გაუჩინარებული ოპიზიციონერი რამიზ რამაზანოვი საკრებულოს სხდომაზე მივიდა, ის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.