მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლოს არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი. ამის მიზეზად მან 8 დეკემბერს გავრცელებულ წერილში სისუსტე დაასახელა. მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი საპროტესტო შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა თქვა, რომ საქმეზე ათეულობით მოწმეა გამოკითხული, რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი იმისთვის, რომ დაედგინათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა და "დიახ ის არის საქართველოში". გელხაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული ყველა საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და პროცესზე დაყენებული შუამდგომლობებიც ამ შინაარსთან იქნება დაკავშირებული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება.

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება არის გმირული აქტი და უადგილოა იმაზე საუბარი, რომ მას მესაზღვრისთვის რაღაც დოკუმენტი უნდა წარედგინა.

ასევე ნახეთ სააკაშვილი წერს, რომ სისუსტის გამო სასამართლო პროცესს დიდი ალბათობით ვერ დაესწრება

„ეს არის გმირული აქტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხრიდან და მსგავსი საკითხები იურიდიული გარჩევის კატეგორიას არ ექვემდებარება. ეს არის აბსოლუტურად მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოება, როდესაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ბრუნდება სამშობლოში, მას აქვს ნებისმიერი გზით დაბრუნების შესაძლებლობა, ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისი თქმით, დააყენებს სხდომის ვიდეოტრანსლირების შუამდგომლობას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად.

პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, საქმეში ფიგურირებს ასევე ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც სააკაშვილს უკრაინის საზღვრის კვეთაში ეხმარებოდა.

ასევე ნახეთ მკურნალი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს უფრო სუსტად მიიჩნევს

„ფაქტი ერთია, ადამიანი, ბრალდებული მიხელ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველოში. რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენად არის გამოკვლეული, მტკიცებულებებით რამდენად მტკიცდება საიდან წამოვიდა და რა მიმართულებით - საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებით დეტალურად არის დადგენილი, მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა და ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საკითხში. ასევე დადგენილია, საქართველოს სახელმწიფოში კონკრეტულად თუ სად, რა ვითარებაში, რა მდგომარეობაში გადაადგილდებოდა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.