რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის შემდეგ მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 10.5%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილების შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა.

მიმდინარე წლის მარტის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი უკვე მეოთხედ იზრდება. ათიათასობით მოქალაქეს, რომელთაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, საპროცენტო განაკვეთი კიდევ ერთხელ გაეზრდება. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე 163 500 მომხმარებლის სესხი იყო მიბმული.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. უწყების ცნობით, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება.

„ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ასევე ნახეთ საქართველოში წლიური ინფლაცია 12.5%-ია

ეროვნული ბანკი იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გაძვირებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის შედარებით გამყარების მიუხედავად, ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18 პროცენტს გაუტოლდა.

„ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი განცხადებაში ასევე შიდა მოთხოვნის გაზრდაზე, ეკონომიკური აქტივობის აღდგენისა და დაკრედიტების ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს.

„ძლიერი შიდა მოთხოვნა მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა, ამავდროულად, ის ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო ლარისა და უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის გაზრდილი სხვაობა უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდას უწყობს ხელს, რაც ეკონომიკაში სავალუტო რისკების წყაროა. აღნიშნული რისკების დაგროვების ასაცილებლად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დამატებითი ზომები მიიღო, რაც საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდასაც შეუწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ, მიწოდების მძლავრი შოკების პირობებში, ინფლაციის ხანგრძლივად მაღალმა დონემ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები არ გაზარდოს“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მომდევნო თვეებში ინფლაციის დროებით გაზრდას ვარაუდობს, მის შემცირებას კი - გაზაფხულიდან.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება.