ახალი საკრებულოების პირველი სამუშაო დღე რომ დაძაბული იქნებოდა, ეს ნათელი გახდა მაშინვე, რაც წინა მოწვევის საკრებულოებს, რომელთაც უფლებამოსილება 2021 წელს ეწურებოდათ, მომავალი, 2022 წლის ბიუჯეტი მიაღებინეს - ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების მკვლევარი ირაკლი მელაშვილი გვეუბნება, რომ საქართველოს თვითმმართველობის ისტორიაში მსგავსი ფაქტი არასოდეს მომხდარა:
„ამ გადაწყვეტილებით, ახალი საკრებულო მისი ერთ-ერთი მთავარი უფლებამოსილების გარეშე დატოვეს - ასეთი დასაწყისი, ცხადია, დაპისპირებას გამოიწვევდა და, ჩემი აზრით, ეს დაპირისპირება კიდევ გაგრძელდება“.
ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხს ამჯერადაც ერთი დღის პრობლემების ჭრილში შეხედა - იფიქრეს, რომ ბიუჯეტი თუ არ დამტკიცდებოდა, ამას შესაძლოა რიგგარეშე არჩევნებამდე მიეყვანა ქვეყანა. თუმცა ამან ისედაც არსებული პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. ამიტომ, ეს პოლიტიკური სარჩული, მიიჩნევს ირაკლი მელაშვილი, ამ მოწვევის საკრებულოს ბოლომდე გაჰყვება და ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ეს საკრებულოები მუდმივი დაპირისპირებისთვის გაწირა.
ისევ ტყემალაძე - რა ხდებოდა თბილისში?
თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს - ისევ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი მეექვსე მოწვევის თავმჯდომარეც იყო და ეს პოსტი 2017 წლიდან ეკავა.
ტყემალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, კონსტრუქციულად ჩაერთონ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ყველა გადაწყვეტილების მიღებაში.
თბილისის საკრებულოს სხდომას 43 დეპუტატი ესწრებოდა. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ 13 წევრიც, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის, გამოსახულებიანი შავი მაისურებით მივიდნენ.
ასევე ნახეთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე არჩეულია, ოპოზიციის ნაწილმა პირველი სხდომა დატოვაგიორგი ტყემალაძის კანდიდატურას მხარი საკრებულოს 27-მა წევრმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ერთი წინააღმდეგ წავიდა.
ტყემალაძის არჩევის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შემდეგ პარტიამ „საქართველოსთვის“.
თბილისის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა „ქართული ოცნებისაა“, მას 29 დეპუტატი ჰყავს. დანარჩენი 21 დეპუტატი ოპოზიციური პარტიებიდანაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 დეპუტატი ჰყავს, „საქართველოსთვის“ - 4, „ლელოს“ - 2 , ერთი კი ანა დოლიძის პარტიის, „ხალხისთვის“, წარმომადგენელია.
აქცია და სხდომა ერთად - რა ხდებოდა გორში?
გორის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატებმა აქცია გამართეს და პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლება მოითხოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის 36-წევრიან საკრებულოში 24 წევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, 3 - გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და 9 - „ნაციონალურ მოძრაობას“.
ხელბორკილები საჩუქრად - რა ხდებოდა ზუგდიდში?
ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის, ფოტოები მიიტანეს.
მათ „თავისუფლება მიშას“ წარწერიანი მაისურები ეცვათ.
ენმ-ის წარმომადგენელმა დარიკო არქანიამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს ხელბორკილები გადასცა, სიმბოლურად, როგორც „არჩევნების გამყალბებელს”.
ახალი მოწვევის საკრებულომ პირველ სხდომაზე, კვორუმის არქონის გამო, ვერ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები და სხდომა ერთი კვირით გადაიდო.
ასევე ნახეთ ზუგდიდის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომა გადაიდოოპოზიციის - „ნაციონალური მოძრაობიდან” 22 დეპუტატის და პარტიის „საქართველოსთვის” 3 წევრის მიერ საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ, მუნიციპალურ ორგანოში „ქართული ოცნების” 20 დეპუტატი დარჩა.
მანამდე ზუგდიდის საკრებულომ ახალი წევრების უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. სწორედ ამის შემდეგ გააკეთეს განმარტებები სხდომის დატოვებაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თეიმურაზ ბასილაიას სიტყვებით, კენჭისყრის პროცედურებში აღარ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია აბსურდის „სპეცოპერაცია“ იყო და დღესაც ეს ყველაფერი „აბსურდის სცენარია“.
მოგვიანებით პარტიის „საქართველოსთვის” წევრმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დაძლია პოლიტიკური ინტერესები, თავიანთი ძალაუფლების და რევანშის წყურვილი და უარს ამბობენ თანამშრომლობაზე, ამიტომაც კენჭისყრაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.
ოპოზიციამ დღეს ასევე უარი თქვა სამანდატო კომისიის წევრობაზე.
საბოლოოდ, სამანდატო კომისია „ქართული ოცნების” წევრებისგან დაკომპლექტდა.
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომელშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს. საკრებულოში 22 მანდატით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, 20-ით - „ქართული ოცნება“, ხოლო 3-ით - „გახარია - საქართველოსთვის“.
„ხმების ქურდებს სიცოცხლე“ - ქუთაისშიც ხმაური იყო
„ხმების ქურდებს სიცოცხლე“, „კარუსელი 41“, „გაბათილება ჩემზე იყოს“, - ამ ლოზუნგებით ხელში, ქუთაისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს - ისინი ქუთაისში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
აქტივისტები ზალიკო კუხიანიძე და მიშო მუმლაძე საკრებულოს სხდომაზე შესვლას ითხოვდნენ, დაცვის პოლიცია კი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.
„ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ირაკლი შენგელია წარადგინა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი - ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე.
18 ხმით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს. არჩევნები ფარული კენჭისყრით წარიმართა, რომელშიც მონაწილება არ მიიღო პარტიის „საქართველოსთვის“ 2 წევრმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სულ 32-მა დეპუტატმა.
ქუთაისის საკრებულოში სულ 35 წევრია. 17 მანდატი ოპოზიციას ეკუთვნის, 18 კი - მმართველ პოლიტიკურ გუნდს.
შეწყვეტილი სხდომა - რა ხდებოდა ბათუმში?
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც 35-დან 32 წევრი ესწრებოდა, დაწყებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში შეწყდა.
ასევე ნახეთ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო კვორუმის პრობლემის წინაშე დადგა„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრებმა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მიზეზი ის იყო, რომ სხდომის წამყვანმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნერიმან ცინცაძემ განცხადებით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნაზი ფუტკარაძეს, რომელიც თავისი ძმის, ბათუმის საკრებულოს წევრად არჩეული, ნოემბერში გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვდა.
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას არ ესწრებოდა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ორი წევრი. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლების დარბაზიდან გასვლის შემდეგ კი, სხდომაზე აღარ დარჩა მუშაობის გასაგრძელებლად საჭირო დეპუტატების რაოდენობა.
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის შეწყვეტის შემდეგ, „ლელოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო, ბათუმის საკრებულო ლეგიტიმური ვერ იქნება, ამიტომ არცერთ სხდომაზე კვორუმი არ შედგება.
„ბათუმის საკრებულო ან იქნება ოპოზიციური, ან მას არასოდეს ექნება კვორუმი".
2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და, საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 15, პარტიამ „საქართველოსთვის“ - 3 და „ლელომ“ - 1.
ჩაშლილი სხდომა რუსთავში
რუსთავის საკრებულოში მისი უფლებამოსილება კი ცნეს, მაგრამ პირველ სხდომაზე თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. სხდომა ჩაიშალა, რადგან კვორუმი არ შედგა. ვერც ფრაქციები ჩამოყალიბდა.
რუსთავის მეშვიდე მოწვევის საკრებულოში 16 წევრი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, ამდენივე „ქართულ ოცნებას“, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ 3 წევრით არის წარმოდგენილი.
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საკრებულოს უხუცესმა წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ლიანა ჯღარკავამ, თავმჯდომარის არჩევის საკითხი დასვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უარი თქვეს კანდიდატურის დასახელებაზე, სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ დაელოდებოდნენ მეორე ოპოზიციური პარტიის წევრებს, კონსულტაციისთვის.
ასევე ნახეთ რუსთავის ახალ საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს - სხდომა ჩაიშალა„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავმჯდომარის თანამდებობაზე დაასახელეს თავიანთ კანდიდატი - მამუკა რეხვიაშვილი.
ხოლო პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა ნოდარ შეროზიას კანდიდატურა დაასახელეს.
კენჭისყრის შედეგად მამუკა რეხვიაშვილმა 16 ხმა მიიღო, ნოდარ შეროზიამ კი 3.
რეგლამენტით, თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის 2/3. რუსთავის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 22 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო.
კენჭუსყრის შემდეგ, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა უარი თქვეს საკრებულოს მუშაობაში შემდგომ მონაწილეობაზე და სხდომა დატოვეს.
საკრებულოს მომდევნო სხდომა ერთ კვირაში გაიმართება.
2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავისა და ბათუმის - საკრებულოში, სადაც ყველაზე მეტი წევრი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ.
საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.